პაპუნა უგრხელიძე: თეა წულუკიანს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მივმართე

პაპუნა უგრხელიძე: თეა წულუკიანს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მივმართე

პაპუნა უგრეხელიძე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს.

სამწუხაროდ, გრძელდება საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის - საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ეკა მესხიძის მხრიდან ჩემს მიმართ შეტევა და, პირდაპირ ვიტყვი, ანგარიშსწორების მცდელობა. ახლა ამან უკვე მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მიიღო. იგი ბრალს მდებს, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და ახლო მეგორობის პერიოდში 2013 წლიდან - 2016 წლამდე გახდა ჩემი მხრიდან "შევიწროვების" მსხვერპლი.
ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ე. მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი (ნაციონალური მოძრაობის წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმა), რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან. ზურაბ ყიფიანი, როცა სამსახურში იშვიათად შემოივლიდა, ტეხდა მეუღლის გამო კონფლიქტებს, ძაღლით ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს, და სხვ. ზურაბ ყიფიანის შესახებ დასკვნა იხილეთ აქ. https://bit.ly/2Gw7doN

ე. მესხიძის მხრიდან შურისძიების მტკიცების საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ე. მესხიძემ, რომელიც საჯარო რეესტრში აღნიშნულ თანამდებობაზე 2016 წლის იანვრამდე მუშაობდა, ჩემი მხრიდან „შევიწროვების“ ფაქტებზე საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ ანუ 2016 წლის 29 აგვისტოს მიმართა სახალხო დამცველს, რაც მისი მეუღლე სამსახურიდან გათავისუფლდა (2016 წლის 22 აგვისტოს). მეუღლის გათავისუფლების გამო ეკა მესხიძე მაშანტაჟებდა და არსებობს მოწმე, რომლის საშუალებითაც მან შემატყობინა, რომ მისი მეუღლე - ზურაბ ყიფიანი არ გამეთავისუფლებინა სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო დამცველთან მიჩივლებდა.

აქ დაასრულა მან ჩვენი მეგობრობა და გადავიდა შანტაჟზე. ამის შემდეგ კი დაიფარა სახე და ქალთა უფლებების სახელით ანონიმური ბრძოლა გამოუცხადა „სიტყვიერი ძალადობის“ არარსებულ ავტორს. უფრო მეტიც, მან გათავისუფლებული ძველი დროის ჩვენი ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც სახალხო დამცველის აპარატს შეაფარეს თავი, საკუთარ ტყუილებზე დაფუძნებულ ბრძოლაში გამოიყენა. ეკა მესხიძე კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე „შევიწროვების“ არგუმენტის დამატება ურჩია. ამ დავაზე 2018 წლის 6 მარტს გამოცემული ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს, რომ ის გამონათქვამები, რომლებიც მე თითქოს მათთან გავგზავნე, ჩემი ანგარიშიდან გაგზავნილი არაა...

აქვე აღვნიშნავ, რომ ეკა მესხიძემ რეალურად საჯარო რეესტრიდან წასვლა და სამსახურის შეცვლა მოისურვა არა „შევიწროვებისა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს“, არამედ უფრო მაღალი ანაზღაურების გამო, რომელსაც მას ახალი სამსახური - GIZ - სთავაზობდა და სადაც დასაქმებისთვის საჭირო რეკომენდაციაც კი გავუწიე.

ამდენად, ეკა მესხიძის მხრიდან ჩემს მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მე მივმართავ სასამართლოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი, ჩემს მიერ ე. მესხიძის შევიწროვებას, „სქესის ნიშნით შევიწროებასა და მისთვის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნას“, როგორც ეს სახალხო დამცველის 2017 წლის 3 მაისს პირადად ჩემთან მიმართებაში გამოცემულ რეკომენდაციაშია აღნიშნული. აქვე დავძენ, რომ არც ერთი კანონით დადგენილი მტკიცებულება არც ე.წ. მსხვერპლ მესხიძეს და არც სახალხო დამცველს მის მიერ შეთითხნილ დასკვნაში არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისათვის... სახალხო დამცველის კონფიდენციალურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ყველა მოწმე კონფიდენციალურია, მტკიცებულებები კონფიდენციალურია... როგორც იურისტი, ვთვლი, რომ ასეთი „დასკვნები“ ყველა კაცისა და ყველა ქალის წინააღმდეგ საშიშ ტენდენციას უყრის საფუძველს.

ერთადერთი, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, არის ის, რომ ვმეგობრობდი ეკა მესხიძესთან, რომელიც რეესტრში 2004 წელს დაინიშნა, რომ ვენდობოდი მას და რომ ფამილარული გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ გვქონია, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის მიერვე სამსახურში ჩემს დაბადების დღეზე მოტანილ ციყვებიან ტორტს ის მოგვიანებით სექსუალურ ჭრილში წარმოაჩენდა. ნამდვილად ძალიან სამარცხვინო და უხერხულია. ტორტის ფოტოც იხილეთ აქ.

იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ვინც პოლიტიკური ბრძოლა გადაწყვიტა, მათ მე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოვადგები.

ამიტომაც ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება.

P.S. გუშინ, იუსტიციის მინიტრს ჰკითხეს, დამნიშნა თუ არა თანამდებობაზე ვიყავი რა ნასამართლევი. ამ კითხვის ავტორებმა ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ იხილეთ აქ. https://bit.ly/2IXltoU

ასევე, გთხოვთ მოინიშნოთ, რომ განქორწინებული ვარ 2009 წლიდან და ჩემს მიმართ არასდროს გამოცემულა შემაკავებელი ორდერი. ამ ტყუილის გამავრცელებელსაც აუცილებლად ვუჩივლებ! დღეიდან უკვე მაქვს პასუხის, და სათანადო პასუხის, გაცემის თავისუფლება, რადგან როცა ხარ საჯარო მოხელე, მხოლოდ ვალდებულებები გაქვს თითქოს. ასევე მექნება თავისუფლება, გავიხსენო გასული წლები და ის პოლიტიკური ფანდები, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის წინააღმდეგ დაგეგმილა 2013 წლიდან. ამ ფანდებსა და ბრძოლაში არც აქამდე ყოფილხართ წარმატებული და არც მომავალში იქნებით!

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები