19 პოლიტიკური პარტია პრეზიდენტს: მოგიწოდებთ, პარტიების დაფინანსებაზე კანონს ვეტო დაადეთ

19 პოლიტიკური პარტია პრეზიდენტს: მოგიწოდებთ, პარტიების დაფინანსებაზე კანონს ვეტო დაადეთ

19 პოლიტიკური პარტია საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით მიმართავს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცველად გთავაზობთ. 

 

"საქართველოს პრეზიდენტს ბატონ
გიორგი მარგველაშვილს


ბატონო გიორგი,

2018 წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", რომლის თანახმადაც, აღნიშნული კანონის 30-ე მუხლის მე-2 და მე-71 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც:

ა) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით);

ბ) დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, თუ მისი ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნა მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ეს პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით".

ბ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:

"72 ამ მუხლის 2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტია იღებს მხოლოდ საბაზო დაფინასებას ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ოდენობით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის დადგენილ დაფინანსებას (H)."

მიღებული ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას (როგორც საბაზისოს, ასევე საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის) მიიღებს ისეთი პარტია, რომელსაც არც საპარლამენტო და არც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში არ გადაულახავს ბარიერი და არ მიუღია არჩევნებში მონაწილეამომრჩევლების ხმების 3%-იც კი. 

საქართველოს პარლამენტის მიერ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების სულისკვეთება პოლიტიკური პარტიების განვითარებას კი არ ემსახურება, არამედ პირდაპირ მორგებულია მხოლოდ ერთადერთ პარტიაზე - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ .

მიღებული ცვლილება განსაკუთრებით ცინიკურია მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ითხოვდა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების გადახედვას, იმ მოტივით, რომ რიგი კვალიფიციური სუბიექტების რეალური მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არ სცილდებოდა 1%-ს. კანონში შეტანილი ცვლილებით კი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნად იზრდება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის საფრთხეები, რომელიც აღნიშნული კანონით გაჩნდება 2020 წლისთვის და მანიპულირების საშუალებას აძლევს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ მხარეებს, კერძოდ, მომავალი არჩევნებისათვის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს უბიძგებს გარიგებაში შევიდეს მმართველ პოლიტიკურ ძალასთან და ერთი მაჟორიტარი დეპუტატის პარლამენტში გაყვანით გახდეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, მოიპოვოს საბიუჯეტო დაფინანსება და მისი თანმდევი ბონუსები.ყოველივე ეს კი უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც პოლიტიკური კორუფცია ბიუჯეტის ხარჯზე.

ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, რაც ქვაკუთხედია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისათვის, გთხოვთ გამოიყენოთ კონსტიტუციით თქვენდამი მონიჭებული უფლება და საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" შეტანილ ცვლილებებს დაადოთ ვეტო" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს:

  1. ახალი მემარჯვენეები
  2. ახალი საქართველო
  3. დემოკრატიული მოძრაობა
  4. ევროპელი დემოკრატები
  5. ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
  6. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  7. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  8. თავისუფალი დემოკრატები
  9. თავისუფალი საქართველო
  10. თავისუფლება
  11. „ სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“
  12. „სახელმწიფო ხალხისთვის“
  13. ლეიბორისტული პარტია
  14. რესპუბლიკური პარტია
  15. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
  16. ტრადიციონალისტთა კავშირი
  17. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
  18. შენების მოძრაობა
  19. ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება...

ახალი სტატიები