ტრამპის 25%-იანმა ტარიფმა "რუსთავის ფოლადიც" დააზარალა - რა ბედი ელის ქართულ ექსპორტს?

ტრამპის 25%-იანმა ტარიფმა "რუსთავის ფოლადიც" დააზარალა - რა ბედი ელის ქართულ ექსპორტს?

რა ბედი ელის ქართულ ექსპორტს და რა დოზით ჩაერთვება ხელისუფლება აშშ-ს მთავრობასთან მოლაპარაკებებში? რამდენად ნეგატიურად იმოქმედებს დონალდ ტრამპის ახალი ბრძანება ქართულ ბაზარზე ზოგადად  და რა ზომების მიღებას გეგმავს ხელისუფლება? საუბარია "რუსთავის ფოლადიდან" უნაკერო მილების ექსპორტზე აშშ-ში, რომლისთვისაც ქარხანა მთელი ორი წლის მანძილზე ემზადებოდა. მილების ექსპორტი უმნიშვნელოვანესი იყო როგორც ბიზნესისთვის, ასევე ქვეყნისთვის, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.

როგორც "აიპრესთან" საუბრისას რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი აცხადებს, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი საფრთხეშია და ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების ჩართულობა.

პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ  ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა არაერთი მიმართულებით.

 "აიპრესთან" საუბრისას რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი აცხადებს, რომ ტარიფმა საფრთხის წინაშე დააყენა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის (შპს "რუსთავის ფოლადი") უნაკერო მილების ექსპორტის პერსპექტივები აშშ-ში.

ამ ექსპორტისთვის ქარხანა 2 წელზე მეტი ემზადებოდა: განხორციელდა ინვესტიციები საწარმოო სიმძლავრეებში, ქარხანამ მიიღო ამერიკის ხარისხის სერტიფიკატი, დამყარდა კავშირი აშშ-ს დიდ დისტრიბუტორებთან...

მილების პირველი პარტია აშშ-ში მიმდინარე წლის აპრილში ჩავიდა და იქაური დისტრიბუტორების მკაცრი კონტროლის პროცედურა დიდი წარმატებით გაიარა. დისტრიბუტორები მზად არიან რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ათობით ათასი ტონა პროდუქცია შეუკვეთონ, მაგრამ, ახალი ტარიფების პირობებში, მილების აშშ-ში მიწოდება კომერციულ აზრს კარგავს.

ნუგზარ კაჩუხაშვილი (რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი): " ამერიკაში განვახორციელეთ პირველი ექსპორტი დიდი დიამეტრის უნაკერო მილების, რომელიც ყველაზე მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რაც კი საქართველოს ოდესმე ექსპორტზე გაუტანია მასიური რაოდენობით. ამის მისაღწევად ჩვენ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა.

დაახლოებით სამი წელია, რაც განვახორციელეთ ინვესტიცია - მოხდა საწარმოს მთლიანი გადაიარაღება, ამერიკის ბაზრისთვის სერთიფიცირება და ხარისხის კონტროლის სერთიფიკატის მოპოვება. რამდენიმე თვის წინ მომზადდა ვრცელი სიუჟეტი ამერიკაში ექსპორტირებული უნაკერო მილების შესახებ, სადაც საუბარი იყო ამერიკაზე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორზე და თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივებზე. სამწუხაროდ, მარტში ტრამპმა შემოიღო ე.წ ფოლადის 25 %-იანი ტარიფი, რომელიც პირდაპირ შეგვეხო ჩვენ. ეს ტარიფები დიდ საფრთხეს უქმნის წარმოებას და  მთლიანად ჩვენს პროგრამას.  თუ  ვალდებულები ვიქნებით იმპორტის 25% იანი ტარიფი გადავიხადოთ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააწესა, შესაძლოა უნაკერო მილების ექსპორტი ფინანსურად მომგებიანი აღარ იყოს."

- რა რაოდენობის ზარალი შეიძლება მივიღოთ იმ შემთხვევაში, თუკი უნაკერო მილების გაგზავნა 25%-იანი ტარიფის პირობებში მოხდება?

- ზარალი საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს, შესაძლოა, ეს პროგრამა საერთოდ გაჩერდეს, არადა, ამ პროგრამას რამოდენიმე წლის განმავლობაში ამერიკაში ათობით მილიონი დოლარის ექსპორტის პოტენციალი აქვს. ეს შეიძლება არ მოხდეს და ამის მიზეზი ტრამპის ადმინისტრაციის ახალი ტარიფია.

- რა გამოსავალი  შეიძლება მოიძებნოს არსებული სიტუაციიდან?

- ამერიკამ უკვე გაუწია შეღავათი თავის სტრატეგიულ პარტნიორებს - ბრაზილიას, არგენტინას, ავსტრალიას და სამხრეთ კორეას. მათ შეღავათები მისცეს, ახალი ტარიფების გათვალისწინებით. გამოსავალი იქნება, თუ საქართველოსაც, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მიეცემა ასეთივე შეღავათები და დაწესდება კვოტები გადასახადის გარეშე ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობაზე.

- რა რაოდენობის უნაკერო მილები გაიტანეთ ექსპორტზე აშშ-ში?

- ერთხელ გავიტანეთ სატესტო პარტია, ასეულობით ტონა და უკვე შეკვეთა გვაქვს, დაახლოებით 6 000 ტონაზე, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა.

- შეკვეთა ახლა გაქვთ 6000 ტონაზე?

- დიახ, დაახლოებით 6000 ტონაზე გვაქვს მოთხოვნა. თუ ტარიფების პრობლემას მოვაგვარებთ, შემდეგ თვეში უკვე გავაგზავნით დაახლოებით 2000 ტონას.

- და თუ ვერ მოგვარდა, გაგზავნილი პროდუქცია შესაძლოა 25%-იანი ბაჟით იყოს?

- ჩვენ მაინც გავაგზავნით და გადავიხდით 25 %-იან ბაჟს, მაგრამ შემდეგი  გაგზავნები უკვე შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

რა გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან და როგორი უნდა იყოს ხელისუფლების როლი?

როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, შექმნილი სიტუაციიდან  შემდეგი გამოსავალი არსებობს: პრეზიდენტმა ტრამპმა, ტარიფის შემოღებასთან ერთად, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები ამ გადასახადისგან გაათავისუფლა…

მოლაპარაკება მიმდინარეობდა კანადის, მექსიკის, ბრაზილიის, არგენტინის, ავსტრალიის, სამხრეთ კორეისა და ევროკავშირის ქვეყნებთან.

31 მაისს მოლაპარაკებები შეწყდა და შეთანხმებას მიაღწიეს ბრაზილიის, არგენტინის, ავსტრალიისა და სამხრეთ კორეის ქვეყნებმა,  რის საფუძველზეც არსებული ტარიფის გარეშე ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობაზე დაწესდა კვოტები.

ვერ შეთანხმდნენ კანადის, მექსიკისა და ევროკავშირის ქვეყნებთან და მათთვის ძალაში დარჩა 25%-იანი ტარიფი.

კვლავ განხილვის თემაა ევროკავშირის ქვეყნების ამ ტარიფისგან გათავისუფლების საკითხი. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მიიღონ მსგავსი შეღავათი აშშ-ს მთავრობისგან და გადასახადისგან გათავისუფლდეს საქართველოც, როგორც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი.

ტრამპის 25%-იანმა ტარიფმა "რუსთავის ფოლადიც" დააზარალა - რა ბედი ელის ქართულ ექსპორტს?

ტრამპის 25%-იანმა ტარიფმა "რუსთავის ფოლადიც" დააზარალა - რა ბედი ელის ქართულ ექსპორტს?

06 ივნისი, 2018

რა ბედი ელის ქართულ ექსპორტს და რა დოზით ჩაერთვება ხელისუფლება აშშ-ს მთავრობასთან მოლაპარაკებებში? რამდენად ნეგატიურად იმოქმედებს დონალდ ტრამპის ახალი ბრძანება ქართულ ბაზარზე ზოგადად  და რა ზომების მიღებას გეგმავს ხელისუფლება? საუბარია...

ახალი სტატიები