მდინარეების კალაპოტში მერქნული რესურსის მოპოვება კანონით დარეგულირდება

მდინარეების კალაპოტში მერქნული რესურსის მოპოვება კანონით დარეგულირდება

  • 04 მაისი, 2016
  • 15:07
  • ადმინისტრატორი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები და სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელმაც მისი განმარტებით, მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფა უნდა გააუმჯობესოს. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, დარეგულირდება მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი რესურსის განკარგვა, რომლის ათვისებაც ბოლო ათწლეულებია ქაოტურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზიანთან ერთად უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოაქვს. კერძოდ, როგორც სამინიტროში განმარტავენ: ფუჭდება და იკარგება რესურსი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის მიერ; ხდება მდინარეების კალაპოტების ჩახერგვა და დაბინძურება; ასეთი კატეგორიის რესურსის ტრანსპორტირებისთვის ჯარიმდება მოსახლეობა რადგან არ არსებობს რეგულირების მექანიზმი; აღრიცხვიანობის არარსებობის პირობებში მაღალია ბრაკონიერობის რისკები. ინიცირებული ცვლილება არ ითვალისწინებს მდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ მოპოვების აკრძალვას. მ დინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი მერქნული რესურსის განსაზღვრული კატეგორია - 12 სმ-მდე დიამეტრის მქონე ხე-ტყე მოსახლეობის მიერ მოიპოვება უნებართვოდ, უსასყიდლოდ და შეუზღუდავად; 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვება შესაძლებელი იქნება ტყის მართვის ორგანოში შეტყობინების დატოვების საფუძველზე, სააგენტოს მიერ რესურსის დაფირნიშების და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ. არ მოხდება დამატებითი მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვებისას, მოხდება მხოლოდ დაფირნიშების საფასურის - 1 კბმ-ზე 3 ლარის გადახდა. მოსახლეობა არ იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, რომლის გადახდაც ჩვეულებრივ ხდება სოციალური ჭრის დროს საშეშე ან სამასალე მერქნით სარგებლობისას. დღეის მდგომარეობით არ ხდება მდინარეების კალაპოტებში არსებული სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი მერქნული რესურსის აღრიცხვა, არ არსებობს მისი კანონიერად გაცემის წესი, ამგვარი რესურსის ტრანსპორტირება დასჯადია და დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სამინისტროს ცნობით, ასეთ რესურსზე კანონიერების დამდგენი დოკუმენტის მიღება დაკავშირებულია ხანგრძლივვადიან პერიოდთან და ადმინისტრაციულ ბარიერებთან. ცვლილების შედეგად ეროვნული სატყეო სააგენტო გახდება პასუხისმგებელი უწყება აღრიცხოს, დაახარისხოს, დაასაწყობოს და განკარგოს მდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსი - სოციალური და ეკონომიკური მიზნით. სამინისტროში განმარტავენ, რომ მოსახლეობას მიეცემა საშუალება კანონიერად მოიპოვოს და განახორციელოს ტრანსპორტირება. საკანონმდებლო ცვლილება ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირებას, მდინარეების კალაპოტების გასუფთავებას, მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფას, ხე-ტყის ტრანსპორტირების კონტროლისა და ბრაკონიერებთან ბრძოლის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

20 ივნისი, 2018

99 მომხრე , 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით...

ახალი სტატიები