საია- საკონსტიტუციო რეფორმა გენდერულ ჭრილში

საია- საკონსტიტუციო რეფორმა გენდერულ ჭრილში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გენდერული თანასწორობის ქსელისა და ქალთა ფონდ საქართველოსთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებები გენდერულ ჭრილში მიმოიხილა. 

როგორს საიაში განმარტავენ, შეხვედრაზე განიხილეს მანიფესტი, რითაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მოუწოდეს სიღრმისეული ცოდნითა და მგრნობელობით  განიხილოს რეალური თანასწორობის საკითხები, რათა გაჩნდეს სრულფასოვანი შესაძლებლობა  სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ  ცხოვრებაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აგრეთვე, დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან მიმართებაში. 

"აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილების პროექტის თანახმად, კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტში ჩაიწერება:  ,,სახელმწიფო ხელს უწყობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.“ თუმცა, ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი კონსტიტუციის პირველი თავით იქნება განსაზღვრული, ამ ნორმის დარღვევისათვის პირს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ექნება.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში უარყოფითი განწყობები შეიქმნა კონსტიტუციის მე-14 მუხლში (თანასწორობის უფლება) შემდეგი ჩანაწერის გაკეთების თაობაზე:

- არსებითი თანასწორობის მისაღწევად სახელმწიფო იღებს საკანონმდებლო და სხვა სახის ზომებს, მათ შორის დროებით სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც საჭიროა იმ პირთა ან პირთა ჯგუფის დასაცავად, რომლებიც უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან.

- სახელმწიფო მხარს უჭერს ქალისა და კაცისათვის საარჩევნო მანდატების თანაბარ ხელმისაწვდომობას.

- სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას შეცვალოს მამაკაცთა და ქალთა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენების აღმოფხვრის და იმ ადათ-წესების და სხვა პრაქტიკის გაუქმების მიზნით, რომლებსაც საფუძვლად უდევს ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების, ან უპირატესობის სტერეოტიპული იდეა.

ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელება, როგორც მინიმუმ, არსებითად მნიშვნელოვანია  რეალური თანასწორობის მისაღწევად და  სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აგრეთვე, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული გენდერული სტერეოტიპებისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად",-აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები