თბილისის ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც.პედაგოგების გადამზადება დაიწყო

თბილისის ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც.პედაგოგების გადამზადება დაიწყო

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებში დასაქმებული ფსიქოლოგების, სპეც.პედაგოგებისა და ლოგოპედების გადამზადება დაიწყო. როგორც მერიიდან იუწყებიან, ტრეინინგები აპრილიდან ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში, 120 ფსიქოლოგი, 120 ლოგოპედი და 170 სპეც.პედაგოგი, ჯამში 410 თანამშრომელი გადამზადდება.

მერიაში განმარტავენ, რომ 2016 წლამდე თბილისის საბავშვო ბაღების უმეტესობაში ფსიქოლოგისა და ლოგოპედის შტატები არ იყო, სპეც.პედაგოგის შტატი კი საერთოდ არ არსებობდა. აღნიშნული პროექტი ინკლუზიური განათლების ფარგლებში 2016 წლიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კონკრეტულ პოზიციებზე კონკურსები გამოაცხადა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია კადრები და ამჟამად, მიმდინარეობს მათი გადამზადება.

ამასთან, გასულ წელს შეიქმნა სპეციალური გზამკვლევი, რომლითაც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ლოგოპედები, ფსიქოლოგები და სპეც.პედაგოგები ხელმძღვანელობენ. ამ გზით შესაძლებელი გახდა თბილისის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთიანი სააღმზრდელო სპეციფიკისა და მეთოდიკის დანერგვა.

მერიაში განმარტავენ, რომ დასაქმებული სპეც.პედაგოგების, ლოგოპედებისა და ფსიქოლოგების როლის გაძლიერება სააღმზრდელო პროცესში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2017 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ტრეინინგებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს.

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები