როგორ მოხვდა 3 წლის ბავშვი ბაღიდან ქუჩაში მარტო - ბაღის დირექტორის განმარტებები

როგორ მოხვდა 3 წლის ბავშვი ბაღიდან ქუჩაში მარტო - ბაღის დირექტორის განმარტებები
18 / 05 / 2017 15:24

თბილისში, ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღიდან 3 წლის ბავშვი თვითნებურად გამოვიდა და მანქანებით გადატვირთული ქუჩა გადაჭრა,-ინფორმაციას ამის შესახებ ბავშვის მშობელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი გადმოცემით ატირებული ბავშვი ორმა ქალბატონმა უკან, ბაღში დააბრუნა, თუმცა, შემთხვევის შესახებ ბავშვის ოჯახის წევრებმა არა ბაღის ადმინისტრაციისგან, არამედ ამ ქალბატონებისგან შეიტყვეს:

„დღეს საერთოდ არ მეგონა თუ შევძლებდი წერას...
მხოლოდ ახლა შევძელი fb -ზე შემოსვლა. ემოციურად განადგურებული და დაღლილი ვარ. მხოლოდ სოციალური პასუხუსმგებლობა და მოქალაქეობრივი ვალი მიბიძგებს დავწერო ყოველივე.
დაახლოებით 2 კვირის წინ
მივიყვანე ჩემი 3 წლის ნინუნა კერძო "კარგ" ბაღში, სახლთან
ძალიან ახლოს.შევთანხმდით , რომ ეს ერთი თვე ნახევარი დღით , სადილამდე ივლიდა, იმ გათვლით, რომ
შეეჩვეოდა გარემოს, ბავშვებს და სექტემბრიდან სრული დატვირთვით მივიყვანდით. დღეს დილითაც მივიყვანეთ ჩვეული კუნტრუშით, პეპას ზურგჩანთა მოკიდებული ჩემი კნოპკა გოგო. ნინუნა ტიროდა თურმე
( ისე როგორც ყველა ტირის თავიდან)
დაახლოებით 2 სთ-ზე ბავშვმა ბაღი თვითნებურად დატოვა, გამოვიდა ყაზბეგის გამზირზე , გადაჭრა ქუჩა და dunkin donuts-თან აღმოჩნდა. ატირებული და დაბნეული ბავშვი ორმა ღვთისნიერმა ქალბატონმა შეამჩნია, ხელი მოკიდა და ბაღში დააბრუნა. სახლში დარეკეს ბაღიდან, რომ ნინუცა ტიროდა და ჩემებიც 5 წუთში ადგილზე გაჩნდნენ. ამ საშინელ ამბავს ვერაფრით ვერ გავიგებდით, რომ არა ის 2 ქალბატონი, რომლებიც ბაღის კართან იდგნენ და ბავშვის პატრონს ელოდნენ. დაბნეულობისგან მათი ვინაობა და კოორდინატები ვერ იკითხეს ჩემებმა. ნინოს შუბლზე აქვს სილურჯე, რომელიც დილით არ ჰქონდა. არ ვიცი წაიქცა თუ დაეჯახა რამეს.
მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის,
ყველა მძღოლს , რომლებმაც დარწმუნებული ვარ საოცარი მანევრები აკეთეს საშინელების თავიდან ასაცილებლად. ნინოს სიმაღლიდან გამომდინარე ის მანქანიდან არც ჩანს კარგად, საუბარი მაქვს ყაზბეგის გაზირზე, დღის 2 სთ-ზე , როგორი მოძრაობაა ყველამ იცით. უღრმესი მადლბა იმ ორ ქალბატონს, რომლებმაც შვილის სიცოცხლე მაჩუქეს. რომ არა ისინი არ ვიცი დაბნეული ბავშვი თამარაშვილის თუ დელისის მიმართულებით გაიქცეოდა. მოგმართავთ ყველას, თუ ვინმემ
დაინახეთ ან იცით რაიმე მომხდარის შესახებ მომწერეთ. ბაღი ციცინათელა, ალ.ყაზბეგის 47. არ ანდოთ თქვენი შვილები ამ "ყურადღებიან" აღმზრდელებს!!! შურისძიება არ მალაპარაკებს , თავს ვთვლი ვალდებულად თქვენი და თქვენი შვილების წინაშე!
თამარ სხვიტარიძე
15.05.2017“


„აიპრესი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მშობლის მიერ მითითებულ ბაღს დაუკავშირდა, ქალბატონმა, რომელმაც ტელეფონს უპასუხა, განაცხადა, რომ სკოლის დირექტორია, მას შემდეგ რაც ავუხსენით, რა საკითხთან დაკავშირებით გვსურდა ინტერვიუ, განაცხადა, რომ თუ ბაღში, ადგილზე მივიდოდით, ყველა კითხვას უპასუხებდა: "თუ თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ ბაღში მობრძანდეთ და რაც გნებავთ, ყველა კითხვაზე გიპასუხებთ."

ადგილზე მისულებს ბაღის დირექტორმა მადონა ლანჩავამ განგვიცხადა, რომ კომენტარი უკვე ტელევიზიას მისცა და ინტერვიუს ჩაწერის სურვილი აღარ ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვათა ნაწილს მაინც უპასუხა.

საუბრის შემდეგ ქალბატონს სახელის და გვარის დასახელება ვთხოვეთ(აიპრსმა მის შესახებ მონაცემები მოგვიანებით გაარკვია), თუმცა, გვითხრა, რომ ინფორმაცია შეგვეძლო გუგლში მოგვეძია, შემდეგ კი მოგვთხოვა, რომ ჩანაწერი არ გამოგვექვეყნებინა, განაცხადა, რომ ყველაფერი პირად საუბარში მოგვიყვა და გამოქვეყნების შემთხვევაში, მარეგულირებელში გვიჩივლებდა. „აიპრესი“ საკითხის მნიშვნელობის, მის ირგვლივ არსებული ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ რესპონდენტი ხედავდა, საუბარი დიქტოფონზე იწერებოდა, ჩანაწერის შინაარსს მაინც აქვეყნებს. რაც შეეხება სკოლის დირექტორის შესახებ მონაცემებს, რედაქციამ ის საჯარო რეესტრის მონაცემებში გადაამოწმა .

როგორც მადონა ლანჩავა აცხადებს, თუ მშობელი სასამართლოს მიმართავს, ის არ აპირებს მისი წილი პასუხისმგებლობა აირიდოს. დირექტორი აცხადებს, რომ ბავშვი ბაღში ორჯერ იყო მისული და ორივეჯერ ძიძასთან ერთად იმყოფებოდა.

-თუ მშობელს რაიმე პრეტენზია აქვს და მიჩივლებს, ყველა კითხვაზე და სასამართლოზეც წავალ, ჩემს პასუხისმგებლობას არასდროს ავიცილებ და ახლა ცუდად ვარ, მე თვითონაც, გათენდება ერთი დღე და თქვენც რაღაცას დაგაბრალებენ, კარგად რომ აკეთებთ რაღაცას და ვიღაც რომ დაგიპოსტავს, რა მოხდა და რა არა, ინტერვიუთი მაინც ვერ გაარკვევთ და თუ მშობელი წავა უფრო შორს და რაღაცას მერჩის მე, მიჩივის, მშობელსაც ვუთხარი, მე ჩემს პასუხისმგებლობას არ ავირიდებ არც ერთნაირი ფორმით, პოსტებით სიმართლე ვერ გაირკვევა ამ ქვეყანაში. 

თუ მართალი ვიქნები სიმართლეს დავამტკიცებ თუ მტყუანი ვიქნები პასუხს ვაგებ.

ეს ბავშვი ჩემი ბაღის მოსწავლე არ არის. ბებია იყო მოსული და დედა და მითხრეს, რომ ძალიან გთხოვთ ბავშვი მიიღეთ, უჭირს ბაღში ადაპტაცია, დამეხმარეთო, მე ვუთხარი რომ დაგეხმარები, რომ ვთხოვე რომ შემივსე განცხადება, ჯანმრთელობის ცნობა მომიტანე, არ მომიტანა.
ძიძამ მოიყვანა ერთი დღე, ხო იცით, ნახევარი საათით რომ ბაღს დაათვალიერებინებ, ამას ჰქვია, რომ ჩემი მოსწავლეა?

იმ დილით ვინ ჩაიბარა ბავშვი?

-ძიძას ჰყავდა, ძიძა იჯდა მთელი დღე აქ კარიდორში, ძიძასთან ერთად დადიოდა, ამ გაზაფხულზე იყო ორჯერ მოსული სულ, ერთი საათი წინა საღამოს და მეორე დღეს ალბათ საათნახევარი.

მე არასდროს არ მაქვს ბაღის კარები დაკეტილი, თქვენც რომ მითხრათ, რომ გინდათ შვილი მომიყვანოთ, ყველას ვუშვებ, რომ ნახონ რა ხდება.
მთხოვა მშობელმა რომ მინდა ნელ-ნელა შეეგუოს ბაღსო და მე ვუთხარი მაშინ სრულ განაკვეთზეც არ გავაფორმებ, იმიტომ რომ რატომ უნდა ვახდევინო ორმაგი, როცა უნდა იაროს ხანდახან და ვუთხარი, როცა ბავშვი გაიღვიძებს, კარგ ხასიათზე იქნება, ჩამოვიყვანოო. მე ვუთხარი, რომ არ არის პრობლემა, ეს ბავშვი ერთხელ ესე მოიყვანეს საღამოს, მერე ხვალ დილით ესე მოიყვანეს თუ გუშინ და ესეთი ამბავი იყო.

თუ ბავშვი ძიძასთან ერთად იყო მარტო როგორ აღმოჩნდა ქუჩაში?

აი, დედას და ძიძას კითხეთ.

დავუშვათ ძიძასთან ერთად არის ბავშვი ბაღში, ჯგუფში, თუმცა არის თუ არა ამ დროს მასწავლებელი მასზე პასუხისმგებელი?

-რატომ არ არის, როცა ჩემ ოთახში შემოდიხარ. რომ მოდის მოსწავლე პასუხისმგებელია რომ ყურადღება მოგაქციოთ, დღეს არ დადიხარ ჩემს ბაღში, მაგრამ ხვალ ხომ ივლით და ახლა ხომ აქა ხართ.

მაშინ როგორ მოხდა, რომ ბავშვი მარტო აღმოჩნდა ქუჩაში?

-ერთხელ უკვე გითხარით, რომ არ მინდა ასჯერ მოვყვე ერთი და იგივე ისტორია და გამიგეთ ადამიანურად.

მასწავლებელმა ძიძასთან ერთად გამოუშვა ბაღიდან?

კარგით, კარგად იყავით, დავიღალე უკვე და მეგონა მეტს გაიგებდით რამეს, რომ გთხოვეთ.

„აიპრესი“ დაინტერესდა ხდება თუ არა ამ ეტაპზე კერძო ბაღების ავტორიზაცია, ან რომელი სახელმწიფო უწყებაა კერძო ბაღების აღსაზრდელების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა „აიპრესთან „განმარტავს, რომ კვების კუთხით ბაღებს სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს, თუმცა უსაფრთხოების კუთხით ცალკე აღებული მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს. თორდინავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობა, რომელიც განსაზღვრავს რომელ სტრუქტურულ ერთეულს დაექვემდებარებიან როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაღები. შესაბამისი რეგლამენტების მიღების შემდეგ არა მარტო კვების, არამედ უსაფრთოხების და სხვა საკითხების მოწესრიგდება. აღნიშნულს ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი ითვალისწინებს.

-კერძო ბაღების შემთხვევაში ბავშვების უსაფრთხოებაზე ამჟამად კერძო ბაღია პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე ალბათ ამ კონკრეტული საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ადმინისტრაციული. პირველ რიგში ვინ იყო ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი და ვის ევალებოდა აღსაზრდელების კონტროლი რომ მათი უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო და მეორე მხრივ ადმინისტრაციული ზომების მიღება იქნება ჩემი აზრით აუცილებელი, რომ მსგავსი პრობლემები არ დადგეს.

თუმცა ამ შემთხვევაში ამ ზომების მიღება დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული...

არ მგონია კეთილი ნება იყოს მხოლოდ აქ. ცალკე კადრი შეიძლება დაამატოს ამ კუთხით კონტროლის მიმართულებით, უსაფრთხოების თვალსაზირისით.

რამდენად აქვს ვალდებულება?

როცა მსგავსი ტიპის სერვისს სთავაზობ პატარა მოქალაქეს, ვალდებული ხარ ყველაფერი იღონო იმისათვის, რომ გარემო, კვება და ინფრასტრუქტურა უსაფრთხო იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ არა მარტო კერძო, საჯარო ბაღებმაც, არ ვამბობ მხოლოდ თბილისის გადმოსახედიდან, უსაფრთხოების ნორმების მიმართულებით ძალიან მაღალი კონტროლი და ყურადღება გამოიჩინონ.

თუმცა, ვის შეუძლია დაავალდებულოს კერძო ბაღი, საჯარო ბაღების შემთხვევაში ამ მითითებებს იძლევა მაგალითად თქვენი სააგენტო...

ამ შემთხვევაში მე რაიმე სამართლებრივი ბერკეტი არ გამაჩნია, რომ კერძო ბაღის შიდა სამზარეულოში ჩავერიო, მე ერთადერთი რეკომენდაციის სახით შემიძლია ვუთხრა კერძო ბაღს რომ უსაფრთხოების მიმართულებით სასურველია ღონისძიებების გატარება, ვთქვათ გამოყოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და არა მარტო აღმზრდელზე იყოს ეს ყველაფერი დამოკიდებული. 

რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს მითითების უფლება?

თუ მშობელი ამ მიმართულებით მიმართავს შესაბამის სამართლებრივ სტრუქტურებს, მაშინ ესეც შესაძლებელია, მაგრამ მაკოორდინირებელი ორგანო კერძო ბაღების და საჯარო ბაღების ერთიან ეროვნულ დონეზე, ასეთი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. 

კონტროლს მიღმა არიან ჯერ-ჯერობით კერო ბაღები?

ვერ ვიტყვით, ხომ გითხარით იგივე სურსათის ეროვნული სააგენტო...
უსაფრთხოებს კუთხით ამ შემთხვევაში...

უსაფრთხოების კუთხით ცალკე აღებული მაკონტროლებელი ორგანო ამ კუთხით არ არსებობს. ტექნიკური რეგლამენტებით, რომელზეც ვისაუბრე, ამ უსაფრთხოებას და ა.შ. დარეგულირდება.

რეგულარული მონიტორინგი განხორციელდება?

ამას დაარეგულირებს ავტორიზაციის წესი. ტექნიკური რეგლამენტებში დეტალურად გაიწერება რამდენ ხანში უნდა მოხდეს გეგმიური თუ არაგეგმიური მონიტორინგი.

თემურ თორდინავას თქმით, ტექნიკური რეგლამენტების პროექტები შემუშავებულია, მიმდინარეობს ამ პროექტების, მათ შორის ავტორიზაციის წესის განხილვები, აღნიშნული დოკუმენტები ამოქმედდება 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა