"კოალიცია თანასწორობისთვის": აუტიზმის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია

"კოალიცია თანასწორობისთვის": აუტიზმის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია
19 / 05 / 2017 13:59

"კოალიცია თანასწორობისთვის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები და სხვა ხელმომწერი პირები/ორგანიზაციები ეხმიანებიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში შესატანი ცვლილებების პროექტს. კოალიცია მიიჩნევს, რომ მერიის ინიციატივა უკან გადადგმული ნაბიჯია და ის ბავშვების ჭეშმარიტ ინტერესს ეწინააღმდეგება. 

"პროექტი გულისხმობს ქვეპროგრამით გათვალისწინებული არსებული მომსახურების შეკვეცას, რაც გამოიხატება კომპლექსური თერაპიის სეანსების შემცირებაში და რაც სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს აუტიზმის მქონე ბავშვთა უფლების რეალიზებას ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე, პროგრამის ზოგად ეფექტურობასა და პოზიტიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2017 წლის 17 მაისს, გაავრცელა განცხადება პროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, იგეგმება 7-15 წლის ასაკის მოსარგებლე ბავშვებისთვის კომპლექსური თერაპიის სეანსების რაოდენობის შემცირება - თვეში 20 სეანსის ნაცვლად დაფინანსდება 15. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილების პროექტი შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კანონმდებლობას, ისე გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის სტანდარტებს[1], რომლის თანახმადაც, ყველა ინიციატივა თუ ცვლილება განხილული უნდა იყოს თემთან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა სერიოზული გამოწვევის წინაშეა ქვეყანაში. ბავშვებს და მათ მშობლებს უწევთ დისკრიმინაციულ გარემოში ცხოვრება და უფლებების რეალიზებისთვის ყოველდღიური ბრძოლა, რაც ძირითადად თანასწორი გარემოს მიღწევისა და ეფექტური რეაბილიტაცია/აბილიტაციის და სხვა სახის სერვისების დანერგვასა და განხორციელების მოთხოვნაში გამოიხატება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან, 2015 წელს, ბავშვებისთვის აუტიზმის პროგრამის დანერგვა კონვენციით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებას წარმოადგენდა[2] და ზოგადად, პოზიტიურად შეფასდა ბავშვთა მშობლების მხრიდან, თუმცა აღსანიშნავია, რომ პროგრამა აკმაყოფილებს მხოლოდ მინიმალურ სტანდარტს[3], რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას პროგრამის მუდმივ დახვეწა/გაუმჯობესებაზე[4].

უფლება ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე (მათ შორის რეაბილიტაცია და აბილიტაცია) წარმოადგენს სოციალურ უფლებებს, რომელთა მიმართაც სახელმწიფომ არ უნდა გამოიყენოს რეტროგრესიული (მდგომარეობის გაუარესებისკენ მიმართული) ზომები.[5] როდესაც სახელმწიფო ამგვარ ზომებს იღებს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ზომის მიღება მოხდა „ყველა სხვა ალტერნატივის სიღრმისეული შესწავლის შემდეგ და რომ ამ ზომების მიღება გამართლებულია პაქტით გარანტირებული უფლებების განუყოფლობის და სახელმწიფოს რესურსების მაქსიმალური გამოყენების კონტექსტში.’’[6]

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალიწინებით, ქ. მერიის ინიციატივას პროგრამის სავარაუდო ცვლილებასთან დაკავშირებით, კოალიცია უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს რადგან იგი ეწინააღმდეგება, პირველ რიგში ბავშვთა ჭეშმარიტ ინტერესს, და არღვევს კონვენციურ ვალდებულებას უფლებრივი მდგომარეობის მუდმივ გაუმჯობესებაზე[7] და ფულადი რესურსების დაზოგვის მიზნით, დისკრიმინაციულად ახდენს ბავშვების ასაკობრივ სეგრეგაციას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საყოველთაოდ აღიარებულია[8], რომ ყველა ბავშვს, მიუხედავად განსხვავებებისა, თანასწორად უნდა მიეწოდებოდეს ყველა არსებული სერვისი ქვეყანაში.

კოალიცია თანასწორობისთვის და ხელმომწერი პირები მოუწოდებენ ქ. თბილისის მერიასა და საკრებულოს:

მერიამ უარი თქვას უკვე შემუშავებულ ცვლილებებზე, რომელიც დისკრიმინაციულად დაარღვევს 7-15 წლის ბავშვთა აბილიტაციის უფლებას;
ქვეპროგრამის გაუმჯობესების მიზნით, მერიის შესაბამისმა სამსახურმა მოლაპარაკებები აწარმოოს ბავშვთა მშობლებთან და ოჯახის წევრებთან, ისევე როგორც აღნიშნულ თემაზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
მერიის მხრიდან წინამდებარე განცხადების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საკრებულომ უარი თქვას აუტიზმის ქვეპროგრამაში მსგავსი ცვლილებების განხორციელებაზე",-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები და  „კოალიცია თანასწორობისთვის“  აწერს, რომელიც რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.  (კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“)"

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა