პარლამენტში ხმაურზე ჯარიმის დაწესების შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

პარლამენტში ხმაურზე ჯარიმის დაწესების შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო შენობებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება შესაძლოა დასჯადი გახდეს.

ცვლილებას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია, გედევან ფოფხაძე, აკაკი ზოიძე, ირაკლი ბერაია და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი არიან.

კანონპროექტის თანახმად, პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის მოხდება ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილება.

იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევა მეორედ იქნება ჩადენილი ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი 500 ლარით.

ერთი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის 300 ლარით, იურიდიული პირის 1000 ლარით დაჯარიმებას.

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღის ( 07:00 – 23:00 საათამდე) და ღამის საათებში (23:00-07:00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის.

ჯარიმები არ გავრცელდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებული დასვენების, კულტურულ და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე.

ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილი იქნება „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

პროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაური გულისხმობს „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის გათვალისიწნებულ აკუსტიკურ ხმაურს, მათ შორის პიროტექნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ 2018 წლის 1 აპრილამდე აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ ოქმს შეადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები - საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო 2018 წლის 1 აპრილიდან ეს ფუნქცია გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 100 000 ლარი, რომელიც საპატრულო პოლიციის შესაბამისი მოწყობილობის აღჭურვასა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის იქნება გათვალისწინებული.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს ხმაურით შეწუხებული მოსახლეობის მიერ საპატრულო პოლიციის 6539 გამოძახება დაფიქსირდა, აქედან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ივლისი-აგვისტოს თვეებში - 2 155 გამოძახება.

„კანონპროექტის მიზანია, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი და მას გააჩნდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტი“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

21 მაისი, 2018

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "უნდა შევეცადოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს...

ახალი სტატიები