პრემიერი: ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან, რათა მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში

პრემიერი: ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან, რათა მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში

საქართველოსა და ჩინეთს, ტრადიციულად, ერთმანეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება; დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამას ნათლად ადასტურებს ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება, მაღალი დონის ვიზიტები როგორც საქართველოში, ასევე - ჩინეთში და თანამშრომლობის შედეგად მიღწეული კონკრეტული შედეგები.

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. ცოტა ხნის წინ, პეკინში, ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც ჩვენს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ საქართველოში საქმიანობა დაიწყეს მსხვილმა ჩინურმა კომპანიებმა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება; რამდენიმე მათგანი უკვე წარმატებით დამკვიდრდა ქართულ ბაზარზე. ყალიბდება ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალი მიმართულებები. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ერთობლივი საწარმოების მშენებლობა, რომლებიც ქართულ-ჩინურ პროდუქციას გამოუშვებს.

ასევე გაიზარდა ქართველი ბიზნესმენების დაინტერესება ჩინეთის ბაზრის უზარმაზარი შესაძლებლობების მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში სრულიად ახალ პერსპექტივას ქმნის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის სი ძინ პინის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი გლობალური პროექტი „ერთი სარტყელი - და ერთი გზა“ და საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული კავშირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ჰუმანიტარულ სფეროში არსებულ ინტენსიურ ურთიერთობებსა და ხალხთა შორის კონტაქტების დინამიკურ ზრდაზე.

„აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რათა მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში და ქართველებმაც აქტიურად მოინახულონ ეს უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით გამორჩეული ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი სახელმწიფოების მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ძი იენჩის, ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, მადლობა გადაუხადა.

საზეიმო ღონისძიებები „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღესა“ და ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით რიყის პარკში გაიმართა. პრემიერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად, ქართული და ჩინური კომპანიების პროდუქციის გამოფენაც დაათვალიერა

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები