უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვების გავლაც მოუწევს

უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვების გავლაც მოუწევს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება გამოსცა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

ბრძანების თანახმად, გარე დაკვირვების გავლის უფლება ექნება უფროს მასწავლებელს, რომელსაც სურს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს. ამასთან, უფროსი მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ მოთხოვნას: წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტ ქულებიდან მოპოვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 13 კრედიტქულა, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის გარე დაკვირვება საპილოტე რეჟიმში განხორციელდება.

ბრძანების თანახმად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გარე დაკვირვების გავლის მსურველ პირთა რეგისტრაციას სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ გამოაცხადებს.

გარე დაკვირვებაზე პირველი რეგისტრაცია მასწავლებლისთვის უფასო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით ვერ გაივლის გარე დაკვირვებას, მეორე და ყოველი შემდგომი გამოცხადებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასური 50 ლარი იქნება.

რეგისტრაციის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, დარეგისტრირებული მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დაამტკიცებს გარე დაკვირვების განხორციელების პერიოდს თითოეული მასწავლებლისთვის.

რეგისტრირებული მასწავლებლები ვალდებულები იქნებიან მისთვის განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ 5 გაკვეთილის გეგმა, რომელთაგან ერთ-ერთზე განხორციელდება გარე დაკვირვება.

გარე დაკვირვებას განახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ჯგუფი, რომელიც 2 წევრისგან იქნება შემდგარი. მათგან ერთ-ერთი იქნება იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის ფასილიტატორი, რომელიც საგნის გაკვეთილზეც უნდა განხორციელდეს გარე დაკვირვება. თუმცა, ფასილიტატორი არ უნდა იყოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი, რომელშიც ასწავლის გარე დაკვირვების მსურველი მასწავლებელი. ფასილიტატორს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შეარჩევს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახლომდებარე რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლის მასწავლებელზეც უნდა განხორციელდეს გარე დაკვირვება. გარე დამკვირვებელთა ჯგუფის მეორე წევრი უნდა იყოს შესაფასებელი გაკვეთილის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

გარე დაკვირვება 4 ეტაპისგან შედგება - წინა საგაკვეთილო შეხვედრა, გაკვეთილზე დაკვირვება, გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა, გაკვეთილის შეფასება.

გარე დაკვირვება განხორციელდება მასწავლებლის მიერ შეთავაზებული 5 გაკვეთილიდან ერთ-ერთზე. მასწავლებელს გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ ერთი დღით ადრე ეცნობება.

წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე მასწავლებელი წარადგენს ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმას, გარე დამკვირვებელთა ჯგუფსა და სხვა დამსწრე პირებს მიაწვდის ინფორმაციას კლასზე, მოსწავლეების საჭიროებებზე, დაგეგმილ აქტივობებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, რაც შეფასებას არ დაექვემდებარება.

მეორე ეტაპია გაკვეთილზე დაკვირვება. გარე დამკვირვებელთა ჯგუფის თითოეული წევრი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს დამოუკიდებლად შეაფასებს.

გაკვეთილის დასრულების შემდგომ, იმავე დღეს გარე დამკვირვებელთა ჯგუფის წევრები ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ. ისინი შეხვდებიან მასწავლებელს გაკვეთილის განხილვის მიზნით.

გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში მასწავლებელი ვალდებული იქნება ჩატარებული გაკვეთილის შესახებ რეფლექსია ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილ სპეციალურ ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი არ შეფასდება.

გარე დამკვირვებელთა ჯგუფის წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეაფასებენ გაკვეთილს ქულებით. შედეგები კი, გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში იქნება. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულა იქნება 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 24 ქულას.

სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულა იქნება 28. გაკვეთილი კი დადებითად არანაკლებ 21 ქულის დაგროვების შემთხვევაში ჩაითვლება.

თუ მასწავლებელი მიიღებს უარყოფით შეფასებას გარე დაკვირვებაში, მას ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემა გარე დაკვირვების გავლის მომდევნო სასწავლო წელს.

შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. აპელაციის საფასური 50 ლარს შეადგენს. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები