ომბუდსმენი: ოჯახებს,რომლებსაც შშმ ბავშვები ჰყავთ, სოციალური დახმარების მიღების პრობლემა აქვთ

ომბუდსმენი: ოჯახებს,რომლებსაც შშმ ბავშვები ჰყავთ, სოციალური დახმარების მიღების პრობლემა აქვთ

"2016 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვები სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისგან დაცვის უფლებით ჯეროვნად და ეფექტურად ვერ სარგებლობენ",-ამის შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალურ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული. 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სიმწვავით გამოირჩევა სახელმწიფო სოციალური დახმარების მიღების პრობლემა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. "სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის" დამტკიცების შემდეგ ბევრი მათგანისთვის არსებითად გართულდა საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლების მოპოვება.

"2016 წლის პირველი ივლისიდან განხორციელდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ზრდა 180 ლარამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილი სოციალური პაკეტის ოდენობა კვლავ ვერ ფარავს შშმ ბავშვების საჭიროებებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ეფექტურ სოციალურ დაცვას აბრკოლებს ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში სტატუსის განსაზღვრა არ ეფუძნება სოციალურ მოდელს და ვერ გამოკვეთს ფუნქციურ საჭიროებებს. როგორც ცნობილია, სტატუსის დადგენა ხდება ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“37 საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანონს შემოაქვს გარკვეული პროგრესული რეგულაციები, თუმცა სტატუსის მინიჭება დღემდე ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული დაავადებების, ანატომიური და გონებრივი დეფექტების ნუსხის საფუძველზე, რაც წარმოადგენს ცალსახად სამედიცინო მიდგომას და საჭიროებს ცვლილებას.

კვლავ პრობლემურია ადრეულ ასაკში (0-3 წლამდე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის საკითხი. დღეს მოქმედი რეგულაციები არ იძლევა პრობლემათა ადრეული იდენტიფიცირების, ინტერვენციისა და მისი მართვის ეფექტურ შესაძლებლობას",-აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები