ჩუგოშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს მიიღებს

ჩუგოშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს მიიღებს

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციის შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელების თაობაზე“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, რეზოლუციაზე მუშაობა მომდევნო სესიიდან დაიწყება, შესაბამისად, შეირჩევა მომხსენებელიც, რომელიც ანგარიშსა და რეზოლუციის პროექტს მოამზადებს.

„რეზოლუციაში უნდა დაფიქსირდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების მონიტორინგის თაობაზე და შემდგომ, ამ რეზოლუციის საფუძველზე ადამიანის უფლებათა კომისარს ამ ტერიტორიებზე შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ წლებია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია არ მიუღია. უკანასკნელად ამ თემაზე ასამბლეამ გადაწყვეტილება 2013 წელს მიიღო.

„ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს გააქტიურება და რეზოლუციის ფორმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თაობაზე პოზიციის დაფიქსირება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სათანადო შესწავლა მოხდეს, რაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან ამ ტერიტორიებზე ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თავის უფლებამოსილებას სრულად ვერ ახორციელებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, მას შემდეგ, რაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მარტში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგისკენ მოუწოდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს ამჯერად უკვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეხმიანება.

„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამ თემაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და დღევანდელი გადაწყვეტილებაც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.

პირველმა ვიცესპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეზოლუციის მომზადებას, მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიციაც უჭერს მხარს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციამ, როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მხარი დაუჭირა ამ პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მომავალ სესიებზე ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მიიღებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

საქართველოს დელეგაციამ რეზოლუციაზე შუამდგომლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დაარეგისტრირა, რომელიც 24-28 აპრილს გაიმართა. „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“ - ასე ეწოდება დოკუმენტს, რომლის მიხედვით, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები დაუშვას. შუამდგომლობაში საუბარია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარებაზე, ადმინისტრაციული საზღვრის პირას მცხოვრები მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევასა და უფლებრივ შეზღუდვებზე. ეს დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, შეწყვიტოს მიმდინარე ოკუპაცია და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები