დანიის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს

დანიის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს

1 ივლისს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გასული 25 წლის განმავლობაში ორ ევროპულ სახელმწიფოს შორის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ჩამოყალიბებული ძალზე მჭიდრო პარტნიორობის შესახებაა საუბარი.

„იზიარებს რა იმავე ფუნდამენტურ ღირებულებებს, დანიის სამეფო რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერად. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო, დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებისათვის გამორჩეულ და წარმატებულ გზას დაადგა და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანა გახდა“ - საუბარია დოკუმენტში.

განცხადებაში საუბარია საქართველოს ევროპულ გზაზე, რომლის ფარგლებში ქვეყანა ცდილობს მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, ინტენსიურად ახდენს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების დანერგვას ქვეყანაში და აღნიშნულია, რომ ამ კუთხით, დანია ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ევროკავშირთან საქართველოს უწყვეტი დაახლოებისთვის. ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად ასოცირების შეთანხმების სრულმასშტაბიანი იმპლემენტაცია, საქართველოსა და ევროკავშირის წინაშე ერთნაირად ხსნის უხვ შესაძლებლობებს, ხოლო ევროპის საბჭოს ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ, საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა და მიზანსწრაფულობის დემონსტრირებაა.

დოკუმენტის თანახმად, დანიის სამეფო რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. დანია განაგრძობს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მხარდაჭერას და მოუწოდებს ყველა მხარეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისაკენ და ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღნიშნულია, რომ საქართველო ძალზე აფასებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) დანიის წვლილს. მხარეები ხაზს უსვამენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეუფერხებლად შესვლის აუცილებლობას, რათა ეფექტიანად უზრუნველყონ ადგილზე უსაფრთხოება და სტაბილურობა.

გარდა ამისა, საქართველოსა და დანიის საგარეო უწყებების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დანია სრულად უჭერს მხარს ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ალიანსში წევრობის თაობაზე და ასევე, მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას მოკავშირეთა ოპერაციებში. ანალოგიურად, საქართველო მხარს უჭერს და მიესალმება ნატო-ს გაძლიერებულ დასწრებას შავი ზღვის რეგიონში და მზად არის ამ მიმართულებით ალიანსის ძალისხმევაში წვლილის შესატანად.

დოკუმენტში საქართველოს მხრიდან საუბარია დანიის მიერ ამ წლების განმავლობაში გაწეული დახმარების შესახებ, მათ შორის, დანიის მთავრობის მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, დანიის სამეზობლო პროგრამის 2017-2021 წლების ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ორივე ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ხელშეწყობა და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის გაძლიერება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო და დანიის სამეფო გააგრძელებენ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ უკვე არსებული ურთიერთობების გაძლიერებას, ისეთ სექტორებში, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო სფერო, განახლებადი და ალტერნატიული ენერგია, მდგრადი სატყეო და მწვანე ეკონომიკა.

დოკუმენტის დასასრულს, საუბარია იმაზე, რომ უკანასკნელმა 25-მა წელმა, მყარი საფუძველი ჩაუყარა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველო და დანიის სამეფო გააგრძელებენ ახლო თანამშრომლობას იმისათვის, რათა ევროპის კონტინენტზე უზრუნველყონ კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ეკონომიკური ზრდა და სტაბილურობა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები