"ბავშვი გაკვეთილზე, მერხის ქვეშ შემძვრალი ტიროდა"-განათლების სამინისტროში სკოლის არგუმენტებს ელოდებიან

"ბავშვი გაკვეთილზე, მერხის ქვეშ შემძვრალი ტიროდა"-განათლების სამინისტროში სკოლის არგუმენტებს ელოდებიან
05 / 07 / 2017 18:33

„სკოლიდან გავა ყველა, ვისითაც უკმაყოფილო იქნება მშობელი, მოსწავლე და ადმინისტრაცია“,-ეს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სიტყვებია.

განათლების მინისტრი სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ბევრს საუბრობს, თუმცა, სამინისტროს მიმართ დრო და დრო კითხვები და პრეტენზიები კვლავ ისმის პოლიტიკური პარტიების, ზოგიერთ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების თუ მშობლების მხრიდან.

ბულინგის პრობლემას საზოგადოება ომბუდსმენის ანგარიშებიდანაც იცნობს, სახალხო დამცველის მოადგილის ეკა სხილაძის თქმით, ომბუდსმენის აპარატის 2016 წელს განხორციელებულმა მონიტორინგმა კვლავ გამოვლინა სკოლებში ბულინგის პრობლემა, ხოლო ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული გამოწვევები სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს ხელმძღვანელმა 2016 წელს „აიპრესთან“ ინტერვიუში თავად დაადასტურა.

122-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი „აიპრესს“ ამავე სკოლაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მშობელი ჰყვება, რომ მისი შვილი 122-ე საჯარო სკოლაში უკვე მეორე წელია სწავლობს. მისი თქმით, ბავშვი ჰიპერაქტიურია და ქცევის დარღვევები აქვს, თუმცა, მოწესრიგებულ გარემოში მისი ქცევა მართვადია.

„აქვს შეფერხება უნარებში, ქცევის დარღვევა, ჰიპერაქტიური ბავშვია, -ასეთი შეფასება აქვს, იმპულსურია, ყურადღების დეფიციტი აქვს ამასთან ერთად და სჭირდება ხელშემწყობი გარემო, გაკვეთილები უნდა იყოს დაგეგმილი ისე, რომ მის ინდივიდუალურ საჭიროებებს მოარგონ, ქაოსური გაკვეთილები, უდისციპლინობა მის ქცევაზეც აისახება“.

მისივე თქმით, სკოლაში ბავშვისთვის ხელმწყობი გარემო არ არის და არა მხოლოდ მისი შვილის სხვა ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებაც არ ხდება, მასწავლებლებს კი ბავშვების ქცევის მართვა უჭირთ.

„ძალიან ხშირად ოჯახის მისამართით არის გამონათქვამები: „სად იზრდებით?“, „რატომ თქვენი მშობლები არ გეხმარებიან, არაფრის მაქნისები არიან, თქვენც არაფრის მაქნისები ხართ“, მე უშუალოდ შევსწრებივარ ასეთ საუბარს და ამას ხშირად აქვს ადგილი.

ჩემს შვილის მიმართ იყო მუქარები, რომ ახლა შენ თუ არ გაჩერდები ოქმს დაგიწერ, მანდატური მოვა და გაგიყვანენ, დაგსჯიან. ეს იწვევდა ხოლმე მის აგრესიას, აპროტესტებდა სკოლიდან გაგდების საკითხს.

სექტემბრის თვეში, მეხუთე კლასში რომ გადავიდა, დამირეკეს და მითხრეს, რომ შენმა შვილმა იჩხუბა, მოდი და გაარკვიე, რომ მივედი დამიხატეს სურათი, რომ თავის მეგობარს ეჩხუბა და კბილი მოამტვრია, რომ ის ფსიქიატრიულშია წასაყვანი, ეს არის დირექტორის სიტყვები და მითხრა, რომ მოკიდეთ თქვენს შვილს ხელი და წაიყვანეთ სადაც გინდათ, ან გადაიყვანეთ შინ სწავლაზე. შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა, ჩემს შვილს აქვს სენსორული დარღვევები, ხანდახან ბავშვებს, ვის მიმართაც სიმპათიას გრძნობს, ეხუტება,  სითბოს გაზიარებას ახდენს ასე, ზოგიერთს არ სიამოვნებს, როცა ბიჭი ბიჭს ჩაეხუტება, მოიშორა ხელით, ჩემს შვილს ამ დროს ხელი აეკრა და წინ სარძევე კბილი ერყეოდა ამ ბავშვს, რომელიც მოძვრა. ამ ბავშვმა თვითონვე თქვა, ასევე მისმა მშობელმა, რომ ჩხუბი მათ შორის არ მომხდარა, უბრალოდ სკოლაში სიტუაცია გამოიყენეს იმისთვის, რომ მე გამჩენოდა დანაშაულის გრძნობა და წამეყვანა სკოლიდან. რომც ეჩხუბა, ეს არ იყო მიზეზი იმისა, რომ ბავშვი გაეგდოთ სკოლიდან,“,-ყვება მშობელი.

მისივე თქმით, სკოლაში მისი შვილისთვის სპეც მასწავლებლის აყვანაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

„დირექტორს არა ერთხელ ვთხოვე რომ გვერდით დამდგომოდა და სპეც. მასწავლებელი აგვეყვანა, მე მომიწია, რომ სპეც. მასწავლებლის ტრენინგი გამევლო, მხოლოდ ჩემი იქ ჯდომა არ ცვლიდა სიტუაციას, განათლების სამინისტრო მეუბნებოდა რომ სპეც. მასწავლებელი უნდა მომეთხოვა სკოლისთვის, დირექტორი კი სამინისტროსკენ იშვერდა ხელს, ასე გავიდა მთელი წელიწადი. წინა სემესტრში არდადეგებამდე ორი კვირით ადრე დაიწყო აბა პროექტი, კარგი პროექტია, თუმცა იყო მხოლოდ ორი კვირა, რაც ზღვაში წვეთიც არაა. უნდა მომხდარიყო მასწავლებლების გადამზადება, შემდეგ ტენდერის გამოცხადების ბიუროკრატიული მექანიზმების გამო, კიდევ გადაიდო ამ პროექტის განახლება და მაისის თვეში განახლდა, კვლავ ორი კვირით.

სპეც მასწავლებლის მოყვანა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოხერხდა, სამინისტროს ვუთხარი, რომ ჩემი ხუთი შვილით დავჯდებოდი სამინისტროს კიბეზე, მაშინ გადარეკეს დირექტორთან და დირექტორმა სასწრაფოდ გამოძებნა სპეც. მასწავლებლისთვის გადასახდელი თანხა. ეს იყო ალბათ აპრილის თვეში. შემდეგ გამოცხადდა ტენდერი, მოვიდა განათლების სამინისტროდან ლუსი ჯალაღონია, რომელმაც კანდიდატებს მოუსმინა და სამწუხაროდ, არც ერთი არ შეესაბამებოდა ამ პოზიციას, შემდეგ ავიყვანეთ გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც ის თანხა, რაც გამოყოფილი იყო სპეც პედაგოგისთვის, გადავიხადეთ 10 სამუშაო საათში, ანუ ორი დღე ესწრებოდა გაკვეთილებს და დანარჩენი დღეები ისევ მე მიწევდა სკოლაში ყოფნა“.

ბავშვის მშობელი "აიპრესთან"  ფარული გადაღების შემთხვევებზე, მის შვილზე განხორციელებულ ზეწოლაზე და უგულებელყოფის შემთხვევებზე ჰყვება.

„ფაქტია ის, რომ მოხდა ფარული გადაღება, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ერთი შემთხვევა და მათემატიკის მასწავლებელმა მითხრა, რომ მისი გაკვეთილის გადაღება ხდებოდა ბავშვების მხრიდან, დამრიგებლის დავალებით. მოტივი რა არის არ ვიცი, მას ხსნიან და ალბათ ხელმოსაჭიდი სჭირდებოდათ მის წინააღმდეგ, ამბობენ, რომ ბავშებს ცემს, თუმცა, მე ვესწრები ხოლმე მის გაკვეთილებს ხშირად და მსგავსი არაფერი შემინიშნავს.

გადაღების ფაქტამდე ერთი კვირით ადრე, რუსულის გაკვეთილზე დამრიგებელმა ჩემი შვილი ჩხუბში დაადანაშაულა, სიტუაციაში გარკვევის გარეშე დამრიგებელმა დაუშვა, რომ დამნაშავე იყო ჩემი შვილი, რადგან ჰიპერაქტიურია და იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ბავშვი მერხის ქვეშ შეძვრა და ტიროდა. მე რომ შევედი გაკვეთილზე, მასწავლებელი ჩვეულებრივად განაგრძობდა გაკვეთილს, ჩემი შვილის მდგომარება დაიგნორებული იყო. სწორედ ამას მოჰყვა ფარული გადაღება. როცა ბავშვს ვკითხე მართლა გადაიღო თუ არა, ტირილი დაიწყო ბავშვმა, რომ „ჩემი ბრალი არ არის, მასწავლებელმა დამავალაო“.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით მივმართე სამინისტროს, თუმცა, არანაირი რეაგირება არ იყო, ერთი რაც იყო, არსებობს დისციპლინური კომისია, რომელიც თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან, მისი წევრები კი ასწავლიან 122-ე სკოლაში, დღეს იყო სწორად ამ საქმის განხილვა, ძალიან სუბიექტური იყო მათი განხილვა. მშობლებმა დაწერეს წერილები, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, სატელეფონო საუბარში ერთმა მშობელმა დამიდასტურა, რომ ამის შესახებ იცის, მაგრამ ასე ურჩევნიათ“.  

აიპრესი 122-ე სკოლის დირექტორს,  მედეა ქოქრაშვილსაც ესაუბრა. ფარულ გადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას სკოლის დირექტორი უარყოფს, აცხადებს, რომ ბავშვებმა ექსკურსიაზე მხოლოდ სურათები გადაიღეს და სოციალურ ქსელში დასადებად დამრიგებელს გაუგზავნეს.  რაც შეეხება რუსულის გაკვეთილზე მომხდარს, მედეა ქოქრაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი დისციპლინურმა საბჭომ შეისწავლა და მასწავლებელს დისციპლინური სახდელი დაეკისრა.

მედეა ქოქრაშვილი: როგორც ვიცი ბავშვის მხრიდან იყო გარკვეული ზეწოლა მეორე ბავშვზე, რის გამოც, მეორე ბავშვის და გახდა ცუდად, როცა გაირკვა სიტუაცია, როგორც ვიცი, დამრიგებელმა უბრალოდ უთხრა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, იმიტომ რომ გვაქვს სტრატეგიები მულტიდისციპლინური ჯგუფიდან, სკოლაში პროექტია შემოსული სამინიტროსი ქცევის პოზიტიური მართვა და სწორედ ამ კლასში ტარდება, ასევე პროექტია „მეგობრები“ ილიას უნივერსიტეტიდან და ამაში ბავშვი ჩართულია. სტრატეგიების მიხედვით, როცა არასწორი ქმედება იქნება, მითითება უნდა მოხდეს.

თუმცა, მშობელი ამბობს, რომ ამ მითითების შემდეგ ბავშვი მერხის ქვეშ შეძვრა, ტიროდა, ხოლო საგაკვეთილო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

არ ვიცი, გაკვეთილზე არ ვყოფილვარ, ეს შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი, ვერ გეტყვით.

თქვენ ეს არ გამოიკვლიეთ?

დამრიგებელი გამოვიკითხეთ და როგორც ვიცით, მისი შესვლის შემდეგ ჩატარდა ჩვეულებრივ გაკვეთილი, ჩვეულებრივ იჯდა ბავშვი გაკვეთილზე, მითითების მიცემა მოხდა დასვენებაზე.

ანუ ბავშვი გამოიყვანეს მდგომარეობიდან? იმიტომ რომ მერხის ქვეშ შეძრომა და ტირილი სტრესზე მიუთითებს.

ეს არავის აღუნიშნავს, რომ მერხის ქვეშ იყო შემძვრალი...

არც მშობელს?

მშობელი 16-17 ივნისს ვნახე, მისი სახელით არის წერილი შემოსული და ამის საფუძველზე განხორციელდა კვლევა და შესაბამისად, დაიდო გარკვეული შედეგები. დამრიგებლის შესაძლო გადაცდომაზე იყო ლაპარაკი და ამის კვლევის შედეგად მასწავლებელს გამოეტანა დისციპლინარული სახდელი.

ეს რას ნიშნავს, დაადასტურა მოკვლევამ რომ გადაცდომა ჰქონდა?

3 დღეში მომაწოდებს დისციპლინარული საბჭო ოქმს და შესაბამისად, ყველაფერი მეცოდინება, იმიტომ რომ მე არ ვესწრები მას და არ ვიცი. ოქმის საფუძველზე მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას.

მშობელი ასევე აღნიშნავს, რომ თქვენ მას თხოვეთ ბავშვი სკოლიდან გაეყვანა ან შინ სწავლაზე გადაეყვანა.

ბავშვებს შორის ჩხუბი მოხდა, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ბავშვი ვიდრე ნელ-ნელა შეეჩვეოდა ახალ კლასს...

შინ სწავლებით როგორ მოხდებოდა ადაპტირება?

არა, კვირაში ორი დღე უნდა ევლო სკოლაში და მულტიდისციპლინარული სტრატეგიის მიხედვით ორ-ორი გაკვეთილით უნდა შეჩვეულიყო ბავშვი ამ სიტუაციას, თუმცა, მშობლებმა ეს რჩევა არ მიიღეს და ჩვეულებრივ დადიოდა ბავშვი, თუმცა, მეოთხე, მეხუთე გაკვეთილზე იღლებოდა და ეწყებოდა აგრესია. მშობლების განცხადებებიც იყო იმისა თაობაზე, რომ არ უნდოდათ ამ კლასში, მაგრამ ჩემი და დამრიგებლის დიდი დამსახურება იყო მშობლებთან საუბარი და შეხვედრები, იმისთვის რომ აგვეხსნა მდგომარეობა, შესაბამისად, ბავშვი მიღებულია კლასში და დამრიგებელიც ძალიან ცდილობდა ამას ყველაფერს. 

მშობლის თქმით, თქვენი შეთავაზება ასევე იყო სკოლიდან გადაყვანაც.

მე რაც სათქმელი მქონდა უკვე გითხარით, დოკუმენტურად არსებობს მასალები რა პროექტებს ვახორციელებთ. მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, რომ ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება. ახლა 13 მოსწავლე მყავს სკოლაში სხვდასხვა დიაგნოზებით, გვაქვს მიღწევებიც და შედეგები.

მშობელი იყო ძალიან უკმაყოფილი, დაგვადანაშაულა, რომ თქვენ მუშაობა არ იცითო და თუ მუშაობა არ ვიცით, ასეთ შემთხვევაში მაშინ სხვა სკოლაში გადაიყვანეთ-მეთქი, ამას აქვს წინაპირობა, ბავშვი ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში იყო ჯერ მიყვანილი, საიდანაც გამოუშვეს, როგორც გავარკვიეთ მშობლების მოთხოვნით, შემდეგ მეორე სკოლაში, სადაც ასევე მშობლების მოთხოვნა იყო და ერთი სემესტრი აქვს ნასწავლი იქ. ჩვენ შევარჩიეთ კლასი, რომელიც იყო ყველაზე მეგობრული, დამრიგებელიც კეთილგანწყობილი, მშობლებიც, დავიწყეთ მუშაობა მულტიდისციპლინურ ჯგუფთან, სპეც.  მასწავლებელთან, ფსიქოლოგთან ერთად.

„აიპრესი“ ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტში ამ შემთხვევებზე ამჟამად მოკვლევა არ მიმდინარეობს, რადგან მათთან განცხადება არ შესულა. თუმცა, მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვთ სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოში.

განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს ხელმძღვანელი ეკა დგებუაძე „აიპრესთან“ ამბობს, რომ სამმართველომ მოსწავლისთვის ჯანსაღი სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთა. მისივე თქმით, ინფორმაცია ფაქტების შესახებ, რომელზეც მშობელი საუბრობს, აქვს და ახლა ამასთან დაკავშირებით სკოლის არგუმენტებს ელოდება.

„ამასთან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად გადავუგზავნეთ წერილი სკოლას და უნდა მივიღო პასუხი. მეტს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მაგრამ სასწალო პროცესს რაც შეეხება, ძალიან ბევრი ღონისძიება გავატარეთ და ყველა პროცესში მშობელთან ერთად ვართ ჩართულები, ძალიან მიკვირს როცა მშობელს აქვს ჩვენი მისამართით პრეტენზია, იმიტომ რომ დავიწყოთ იქიდან, რომ ორი წლის წინ ორი ფსიქოლოგი მთელი სემესტრი დადიოდა და ეხმარებოდა სასწავლო პროცესს ამ ბავშვთან დაკავშირებით, შემდეგ ახალი პროექტი დავწერეთ და ექსპერტებმა ტრენინგი ჩაუტარეს, ამის შემდეგ კონსულტაციის ჯგუფი დადიოდა დეკემბერში, რომელიც ისევ დაიწყო მაისის თვეში და სექტემბერში გაგრძელდება, რომ მასწავლებლებს გაუზიარონ პოზიტიური ქცევის წესები. ჩვენი მხრიდან ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ამ ბავშვის განათლება არ დაირღვეს და სკოლა გაძლიერდეს იმ კუთხით, რომ ქცევის პოზიტიური მართვა იცოდეს“,-ამბობს ეკა დგებუაძე.

ეკა დგებუაძის თქმით, ბულინგის ფაქტის გამორკვევა მის კომპეტენციას სცილდება და ეს მიმართვის შემთხვევაში შიდა აუდიტის და ზოგადი განათლების დეპარტამენტის კომპეტენციაა.

„ბულინგის ფაქტიც უნდა გამოსწორებულიყო, ამ სატრენინგო მოდულში ეს კომპონენტიც არის, ბოლო ფაქტთან დაკავშირებით  ჩვენ გადავაგზავნეთ წერილი სკოლაში, რომ სკოლამ თავისი არგუმენტები მოიწეროს. მე ადმინისტრაციულ ნაწილში არ ვარ პასუხისმგებელი. სხვა უწყებამ უნდა იკვლიოს უკვე რა დარღვევა აქვს სკოლას. ჩვენი კუთხით რაც განვახორციელეთ გითხარით და აქვე იმასაც გეტყვით, რომ მშობელიც არ ითვალისწინებდა, ძალიან ბევრ ინსტრუქციას, რომელსაც სპეციალისტი აძლევდა.

რაც შეეხება, დისციპლინური საბჭოს მსჯელობას, მე ხომ მას არ ვესწრებოდი და ვერ ვიქნები ობიექტური, როგორც ვიცი უნდა გადაღებულიყო ეს პროცესი, თუ ვინმეს დააინტერესებს იკითხეთ და ნახეთ. მე ეს ინფორმაცია უნდა მივიღო ახლა სკოლიდან, ჯერ არ მიმიღია, რომ მივიღებთ კომენტარს გავაკეთებთ მას შემდეგ და ინსტრუქციას და რეკომენდაციას მივცემთ“,-ამბობს ეკა დგებუაძე.

„აიპრესი“ ეკა დგებუაძეს ინკლუზიურ განათლებაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ესაუბრა. ეკა დგებუაძე ამბობს, რომ დაფინანსების არსებული მოდელი შესაძლოა 2018 წელს შეიცვალოს. მისივე თქმით, ახალი მოდელი მოსწავლეების საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. 

ეკა დგებუაძე: ვმუშაობთ ახლა ამაზე, კვლევები ჩავატარეთ და გვაქვს სურათი, რომელზეც უნდა დავაფუძნოთ და განვიხილოთ ვარიანტები.

როდის გეგმავთ, რომ საბოლოო ვარიანტი წარმოადგინოთ?

-თუ რაიმე შეიცვალა, ეს იქნება 2018 წელს.

ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში, 2016 წელს,  თქვენ აღნიშნეთ, რომ 2017 წელს გეგმავდით ამის შეცვლას...

-ეს მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, 2017 წელს ჩვენ საერთოდ შევცვალეთ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ბაზა და საჭიროებების მიხედვით დავყავით, მათი საჭიროებები განისაზღვრა, ამას გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა.

ამ ვარიანტების მიხედვით, რომელსაც ახლა განიხილავთ, შესაძლებელი იქნება თუ არა საჭიროების მიხედვით პერსონალური ასისტენტის აყვანა მოსწავლისთვის?

-სწორედ ამაზე გესაუბრებით, რომ საჭიროებების განსაზღვრა მოხდა ბაზების გადაადგილებით და შეფასებით.

თქვენ მაშინ ასევე აღნიშნეთ, რომ ინკლუზიური განათლების პროგრამის განხორციელების მონიტორინგი ამოქმედდებოდა, ხომ არ დაგიწყიათ ეს პროცესი?

-კი ბატონო, მიმდინარეობს, ივნისის თვეში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს გვექნება შედეგები.

ახლა ხომ არ შეგიძლიათ დაახლოებით სურათი წარმოადგინოთ რა შედეგები გაქვთ ამ დროისთვის?

-შედეგები ვერ გვექნება, იმიტომ რომ ივნისში დაიწყო, პროცესი მიმდინარეობს, დავგეგმეთ, განისაზღვრა სკოლები, შედეგების პრეზენტაცია ნოემბრის ბოლოს გვექნება.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება