"შედეგმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა"- მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრემიერს

"შედეგმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა"- მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრემიერს

"მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტი ბილ ბომონტი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს მთავრობას მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდის.

საქართველოს მთავრობის მეთაურისადმი გამოგზავნილ წერილში ბილ ბომონტი აღნიშნავს, რომ ჩემპიონატი საქართველოში გამორჩეული წარმატებით ჩატარდა და ამასთან აღსანიშნავია უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობები და გამართული ინფრასტრუქტურა.

„მსოფლიო რაგბის““ პრეზიდენტის ინფორმაციით, მონაწილე გუნდების უმრავლესობის შეფასება ძალიან პოზიტიურია, ზოგიერთი გუნდი კი დეტალურად და ხაზგასმით აღწერს იმ სითბოსა და სტუმართმოყვარეობას, რომელიც რაგბის ქართველმა გულშემატკივარმა და ზოგადად საზოგადოებამ მათ მიმართ თბილისსა და ქუთაისში გამოიჩინა.

„მართალია, ჩვენ არასოდეს გვეპარებოდა ეჭვი, რომ მსოფლიო რაგბი, თქვენი მთავრობის დახმარებით, წარმატებით ჩაატარებდა ამ ჩემპიონატს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ შედეგმა ჩვენს მოლოდინს აშკარად გადააჭარბა, რისთვისაც, მსოფლიო რაგბის სახელით, მოგახსენებთ გულწრფელ მადლობას - თქვენმა მთავრობამ წარმატებით შეასრულა თავისი დაპირებები ფინანსური მხარდაჭერისა და შენობა-ნაგებობების უზრუნველყოფის კუთხით, რისი წყალობითაც ჩვენ მივიღეთ წარმატებით ჩატარებული მსოფლიო რაგბის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ სპორტსმენებს და მათ ოჯახებს, მსაჯებს და რაგბის მოყვარულებს, რომლებიც საქართველოში დაესწრნენ ამ შესანიშნავ ჩემპიონატს და თავად იხილეს, რას ნიშნავს ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ამ ჩემპიონატის წარმატებით მასპინძლობის გამოცდილება უდიდეს წვლილს შეიტანს თქვენს უმშვენიერეს ქვეყანაში რაგბის განვითარებაში. ჩვენი მხრიდან, გიდასტურებთ საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული განსაკუთრებული საქმიანობის მტკიცე მხარდაჭერას“, - აღნიშნავს წერილში ბილ ბომონტი.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

5 საათის წინ

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები