HRDF: 25 მუნიციპალიტეტიდადან მარტოხელა მშობლებს 12 ეხმარება, მათგან რამდენიმე მხოლოდ დედას

HRDF: 25 მუნიციპალიტეტიდადან მარტოხელა მშობლებს 12 ეხმარება, მათგან რამდენიმე მხოლოდ დედას

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი (HRDF) მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების პროექტს 2016 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს. პროექტი 4 რეგიონს (კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, თბილისი) და ჯამში, 25 მუნიციპალიტეტს მოიცავს. როგორც HRDF-ში განმარტავენ, 25 უნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლისთვის დახმარება განსაზღვრული მხოლოდ 12 მუნიციპალიტეტშია, მათგან ნაწილი კი მხოლოდ მარტოხელა დედებს ეხმარება. 

"რადგან კანონი მარტოხელა მშობლებისთვის არანაირ დახმარებას არ ითვალისწინებს, ფონდი ადგილობრივი თვითმმრთველობების მიერ დაწესებული შეღავათებით დაინტერესდა. როგორც თითოეული მათგანიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზებისას გაირკვა, 25 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 12-ს ჰქონდა განსაზღვრული დახმარება მარტოხელა მშობლისთვის. თუმცა რამდენიმე მათგანი დისკრიმინაციულ მიდგომას ამჟღავნებდა და დახამრებას მხოლოდ მარტოხელა დედებს გამოუყოფდა (მოგვიანებით, ფონდის მიმართვის საფუძველზე, რამდენიმე მათგანმა პროგრამაში ცვლილება შეიტანა და „მარტოხელა დედა“ „მარტოხელა მშობლით“ შეცვალა). ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მარტოხელა მშობლებისთვის არანაირი დახმარება არ არსებობს, არც ისე მცირეა სტატუსიანი მარტოხლა მშობლების რიცხვი.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სტატუსიანის გარდა, ფაქტობრივი მარტოხელა მშობელიც ბევრია. ზემოხსენებული 12 მუნიციპალიტედიდან ზოგიერის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ორივე კატეგორიის დედებსა და მამებს ეხმარებიან. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ერთმანეთისთვის კარგი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება დადებით შედეგს გამოიღებს",-აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

14 ივლისს, 12 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი მართავს შეხვედრას, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის მარტოხელა მშობლებისთვის არსებულ დახმარებებს, ამასთან დაკავშირებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას ეხება.

ფონდში განმარტავენ, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას. გამგეობების წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას, რამდენი მარტოხელა მშობელი ჰყავთ მუნიციპალიტეტებში და რა ძირითადი საჭიროებები აქვთ მათ. ფონდში ვარაუდობენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ამას მათ ყოველწლიურ ბიუჯეტებში შესაბამისი ცვლილება უნდა მოჰყვეს.

გარდა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა, შეხვედრას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრები, ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის წარმომადგენლები, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წევრები დაესწრებიან.

პროექტის - „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“ მხარდამჭერია ნიდერლამდების სამეფოს საელჩო.

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები