პრემიერი: შვეიცარია მთიანი რეგიონების განვითარებით გამოირჩევა, ამის სწავლა გვინდა ჩვენც

პრემიერი: შვეიცარია მთიანი რეგიონების განვითარებით გამოირჩევა, ამის სწავლა გვინდა ჩვენც
12 / 08 / 2017 12:04

 

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან ერთად, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა.

პრემიერმა კურორტის განვითარების უდიდეს პერსპექტივაზე ისაუბრა და მის დამფუძნებელს, თამაზ მჭედლიძეს ალტერნატიული მედიცინის ბაზის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"თამაზ მჭედლიძე არის ადამიანი, რომელმაც დღეს საქართველოში ნულიდან შექმნა ეს საოცრება - შექმნა განსხვავებული რამ, რაც მანამდე ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, ვიდრე იქნებიან ასეთი პატრიოტები, ქვეყანა აუცილებლად წინ წავა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თქვენ გეყოლებათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იმისთვის, რომ ასეთი კერები საქართველოში სხვაგანაც განვითარდეს", - მიმართა პრემიერმა "ბიოლის" დამფუძნებელს.

საქართველოს მთავრობის მეთაური მიესალმა დავოსის მერის ტარცისიუს კავიეზელისა და მისი მეუღლის საქართველოში სტუმრობას და შვეიცარიასთან საქართველოს ძალიან საინტერესო, მზარდ ურთიერთობებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, ასევე, შვეიცარიასთან აქვს ძალიან საინტერესო ურთიერთობა მთიანი რეგიონების განვითარების კუთხით.

"შვეიცარია ნამდვილად გამოირჩევა ევროპის ქვეყნებს შორის და მსოფლიოში იმით, რომ ისე განავითარა საკუთარი მთიანი რეგიონები, რომ შეინარჩუნა ავთენტურობა. სწორედ ამის სწავლა გვინდა ჩვენ შვეიცარიისგან. ასევე მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოში გასულ შემოდგომას ჩამოსული იყო შვეიცარიის პარლამენტის სპიკერი ქალბატონი კრისტა მარკვალდერი, წელს შემოდგომაზე კი, ჩვენ ველოდებით შვეიცარიის პრეზიდენტის ქალბატონი დორის ლუთარდის ვიზიტს,“- განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირები განსაკუთრებული ურთიერთობების დასტურია.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, კიდევ ერთხელ, გამოხატა მადლიერება შვეიცარიის განსაკუთრებული როლისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

პრემიერმინისტრმა დავოსის მერი, მომავალ წელს ბაკურიანში მიიწვია, სადაც საქართველოში ჰოკეის პირველი არენის გახსნა იგეგმება.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ჩვენს ქვეყნაში ალტერნატიული მედიცინის განვითარებაში შვეიცარიასთან თანამშრომლობა უდიდეს როლს შეასრულებს.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელსაც ვფიქრობ, უდიდესი რესურსი და განვითარების პერსპექტივა აქვს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ჩამოსული ტურისტების სულ უფრო მზარდ მაჩვენებელს. წელს 30%-იანი ზრდა გვაქვს და ვფიქრობ, თუ დავოსს შეუძლია, წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლოს, საქართველოს შეუძლია, სრულიად თავისუფლად უმასპინძლოს წელიწადში 10-15 მილიონ ვიზიტორს. ჩვენ უკვე შარშან გადავაბიჯეთ 6-მილიონიან მაჩვენებელს, წელს ვფიქრობთ, 7 მილიონს მივუახლოვდებით და თუ ამ ტემპით ვიარეთ, დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე წელიწადში შევძლებთ, 10 მილიონს გადავაჭარბოთ. 15 მილიონი კი, საქართველოსთვის ის მაჩვენებელია, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ - მიკროგრანტების პროგრამა, "აწარმოე საქართველოში", აგროტურიზმის განვითარება, ყველაფერი მივაბათ ტურიზმს, რათა ადამიანმა დაინახოს უმნიშვნელოვანესი კავშირი, რომელიც არსებობს თითოეულ დამატებით ჩამოსულ ტურისტსა და საქართველოში თითოეული ადამიანის კეთილდღეობას შორის", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კოჯორში მდებარე კურორტი „ბიოლი“ საქართველოსთვის ინოვაციური ნაბიჯია, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. პროექტში 14 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება