"ადვოკატთა შესახებ" კანონში ცვლილებები იგეგმება

"ადვოკატთა შესახებ" კანონში ცვლილებები იგეგმება
27 / 09 / 2017 18:28

"ადვოკატთა შესახებ" კანონში ცვლილებები უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული და ის ადვოკატთა პროფესიულ განვითარებას და კანონში არსებული ხარვეზების დაძლევას ითვალისწინებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელია დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, გუშინ, საქართველოს პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ჩანაწერი მიიღო, რითიც, პირველად კონსტიტუციის დონეზე, განისაზღვრა ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის გარანტია.

მისი თქმით, კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ პირველი ცვლილებები "ადვოკატთა შესახებ" კანონში და მისგან გამომდინარე "საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონში შევა.

ადვოკატთა შესახებ“ კანონის პროექტის თანახმად: 1. საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით, კანონში არსებულ ჩამონათვალს ემატება შემდეგი პრინციპები: სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორცილების პატივისცემა, პროფესიული კომპეტენტურობა, ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა.

2. კანონის მთლიან რედაქციაში ტერმინი "ადვოკატთა ტესტირება" იცვლება ტერმინით "ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა".

3. ცვლილების თანახმად, კონფიდენციალობის პრინციპი მყარდება და ხაზგასმა ხდება, რომ ადვოკატი ვალდებულია არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია). ამასთან, გამონაკლისის სახით მიეთითება, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი უფლების დაცვის დროს ან/და კლიენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

4. ზუსტდება იმ პირების ჩამონათვალი, რომლებსაც კონკრეტულ საქმესთან მიმართებით არ ექნებათ ადვოკატის ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება.

5. იცვლება ადვოკატთა სავალდებულო სტაჟირების გავლის წესი და მიეთითება, რომ ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შემდგარი, სავალდებულო სტაჟირების 1 წლიანი პროგრამა. შემოდის სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის ცნება და დგინდება მისი არჩევისა და სტაჟირების გავლის პროცედურა.

6. გამონაკლისის სახით მიეთითება, რომ სავალდებულო სტაჟირების პროგრამის პრაქტიკული ნაწილის გავლის მოთხოვნა არ გავრცელდება პირებზე, რომელთაც გააჩნიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.

7. ზუსტდება კანონის ჩანაწერი, რომლის თანახმად ადვოკატი ვერ გახდება პირი, რომელიც არის ნასამართლევი, როგორც განზრახ მძიმე, ისე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული.

8. დეტალურად განისაზღვრება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირთა წრე და პროცედურა. ამასთან, გათვალისწინებულია კანონიდან იმ ნორმების ამოღება, რომლებიც ითვალისწინებენ საერთო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო საგნების ჩამონათვალს.

9. ცვლილებებით კანონში მიეთითება, რომ საადვოკატო ბიუროს სახელით კლიენტთან ურთიერთობისას ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებას განახორციელებს მხოლოდ ადვოკატი.

10. ცვლილების თანახმად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძველი იქნება ასევე შემთხვევა, როდესაც ადვოკატის, მოსამართლის ან/და პროკურორის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 7 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრიანებულა ადვოკატთა ასოციაციაში.

11. კანონს ემატება ახალი მუხლი (ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი), რომლის თანახმად განისაზღვრება მისი ფუნქცია, უფლება-მოვალეობები, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი.

12. ცვლილება შედის ადვოკატთა ეთიკის კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებში, რომლის თანახმად: მიეთითება, რომ ეთიკის კომისიის წევრისა და თავჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, ეთიკის კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება განისაზღვრება 2 (ორი) წლით, ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად, ასოციაციის კრება, ასევე აირჩევს კომისიის სათადარიგო წევრებს, მიეთითება, რომ ეთიკის კომისიის წევრის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი, განსახილველ დისციპლინურ საქმეზე ეთიკის კომისია უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფო ორგანოებიდან ან/და კერძო პირებისგან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო ორგანოებმა/კერძო პირებმა ინფორმაციაზე და შესაბამის დოკუმენტების გაცემაზე უარი უნდა დაასაბუთონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზუსტდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, ეთიკის კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით.

13. ზუსტდება ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოების ვადის შესახებ ჩანაწერი და მიეთითება, რომ ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდება თუ სადაო მოქმედების ჩადენიდან ეთიკის კომისიისადმი მიმართვამდე გასულია 5 წელი.

14. ცვლილება შედის ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესში, რომლის თანახმად: ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს განიხილავს ეთიკის კომისია არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით (ნაცვლად 12 წევრისა), ხოლო გადაწყვეტილება მიიღება 8 წევრის მიერ (ნაცვლად 10 წევრისა), შესაძლებელი იქნება ეთიკის კომისიის სხდომის საჯარო ფორმით ჩატარება, თუ წარმოდგენილი იქნება ორივე მხარის შუამდგომლობა, ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღის ვადით. ადვოკატი ვალდებული იქნება, საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიუთითოს საქმის განხილვის მისთვის მისაღები 3 თარიღი საქმის განხილვისთვის დაწესებული ვადის გათვალისწინებით, ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში და გაეგზავნოთ მხარეებს, ასევე, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც დგინდება დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ერთიანი წესი და პროცედურა.

"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის პროექტის თანახმად, "ადვოკატთა შესახებ" კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე ზუსტდება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ფუნქციები და მიეთითება, რომ სადისციპლინო პალატა განიხილავს საჩივრებს როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის, ისე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებზე.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება