პრემიერი: დარწმუნებული ვარ, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას
30 / 10 / 2017 17:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.

"უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, მოგესალმოთ და უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ამ საზეიმო ცერემონიაზე მოწვევისათვის. დღევანდელი ჩვენი შეკრება ეძღვნება ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენას. დღეს ოფიციალურად ვხსნით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რაც ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების საუკეთესო მაგალითი გახლავთ. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს ამ ღონისძიების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის და მეგობარი ქვეყნების ლიდერების მოწვევისთვის, რაც საერთო ხედვისა და ინტერესების საუკეთესო დემონსტრირება გახლავთ. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრეზიდენტ ერდოღანს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს მივულოცო რესპუბლიკის დღის ნაციონალური დღესასწაული. თურქეთთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ერთად, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების დასწრება, ასევე მთავრობის წევრების დასწრება თურქმენეთიდან და ტაჯიკეთიდან, მეტყველებს აღნიშნული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, დამატებით მიმზიდველობას აჩენს ამ პროექტის მიმართ და ზრდის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას. დღეს, როდესაც რეგიონი და მსოფლიო მრავალი გამოწვევის და საფრთხის წინაშე დგას, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარებაზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გამყარებასა და გაფართოებაზე და, აქედან გამომდინარე, სტაბილურობაზე ორიენტირებული პროექტი ასეთ დიდ ყურადღებას იმსახურებს. ჩვენი ქვეყნების გეოსტრატეგიული მდებარეობა, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვიყოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ - მის მიღმა",- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, "თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი".

"ეს არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს დააკავშირებს ერთმანეთთან, გააუმჯობესებს და გაზრდის მათ კეთილდღეობას. ახალი სარკინიგზო მარშრუტის სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ ათვისებას და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო სტატუსს. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად, ყოველწლიურად, ერთ მილიონ მგზავრს მოემსახურება. ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედებას მოჰყვება თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარება, გამარტივდება ახალი ბაზრების ათვისება და ხელი შეეწყობა ტურიზმისა და გადამამუშავებელი სექტორების განვითარებას, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ჩვენი რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის საწინდარია. ჩვენ მივესალმებით იმ დიდ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა მიაღწიეს ბოლო წლების განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენგანის წინსვლა ყველა დანარჩენის განვითარების, სტაბილურობის და უსაფრთხოების საწინდარია. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთის ეკონომიკასა და სავაჭრო პოტენციალს, არამედ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებს ვაკავშირებთ ერთმანეთთან. მით უფრო, რომ სწრაფად მზარდი ბაზრები და ჭარბი პროდუქცია - მათ შორის ერთობლივად წარმოებულიც - კომუნიკაციისა და ტრანსპორტირების დამატებით არხებს საჭიროებს",- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებულის მოდერნიზებას და მის ეფექტიან მუშაობას".

"რკინიგზის მშენებლობასა და მოდერნიზებასთან ერთად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვავითარებთ საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას. ჩვენ გვსურს, საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს „აბრეშუმის გზის“ აღორძინებისა და "ერთი გზა - ერთი სარტყელის" ინიციატივის განხორციელების საქმეში. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო-სტრანსპორტო რუკაზე ეს მარშრუტი იკავებს "შუა კორიდორის" ადგილს, როგორც ამ კორიდორს უწოდა პრეზიდენტმა ერდოღანმა სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამართულ აბრეშუმის გზის სამიტზე. დღეს, საკონტეინერო მატარებელს ჩინეთიდან საქართველომდე, ყაზახეთის და აზერბაიჯანის გავლით, 8 დღე სჭირდება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ნაზარბაევს მისი პირადი ყურადღებისთვის, რომელსაც უთმობდა და უთმობს ამ მარშრუტის განვითარებას. ვიმედოვნებთ, "ერთი გზა - ერთი სარტყელის" პოზიტიური ეფექტი გავრცელდება შუა აზიის სხვა ქვეყნებზეც. ახლა უკვე არის შესაძლებლობა, კონტეინერებმა განაგრძოს რკინიგზით მოძრაობა თურქეთის მიმართულებით. ჩვენ გვსურს, რომ ამ გზით საქართველო და ჩვენი რეგიონი მაქსიმალურად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან. დარწმუნებული ვარ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი სახალი სარკინიგზო მარშრუტი ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს",- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 28-29 ნოემბერს, თბილისში გაიმართება "აბრეშუმის გზის" (Belt and Road) მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი და ეს უკვე მეორე შეხვედრა იქნება საქართველოში, რომელიც თავს მოუყრის 40-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

"სწორედ ასეთი მასშტაბის შეხვედრაზე მოგვეცემა შესანიშნავი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ზემოხსენებული დერეფნის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი გახლავთ აქ წარმოდგენილი ქვეყნების აქტიური ჩართულობა. კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს დღევანდელი ღონისძიებისთვის, ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, მთავრობის წევრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელთა მრავალწლიანი დაუღალავი შრომით, შესაძლებელი გახდა ამ რთული პროექტის წარმატებით დასრულება. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ აქ წარმოდგენილი ქვეყნების ერთობის დემონსტრირება ხდება სწორედამ პროექტით, რასაც დღეს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტებით და რაც მთავარია, ერთმანეთის გვერდით დგომით კიდევ უფრო გავაღრავებთ კავშირებს, რომლეებიც წარმატები სმომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი რეგიონისთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება