მარგველაშვილი: რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა

მარგველაშვილი: რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა
02 / 11 / 2017 15:07

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ხალხს.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ კერსტი კალიულაიდს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის და გატაცების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს და ესტონეთის დელეგაციას ხურვალეთის საოკუპაციო ზოლის მონახულებისათვის.

"მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მობრძანდა აქ, ისევე როგორც არაერთი ევროპელი ლიდერი და თავისი თვალით ნახა მავთულხლართებიც და წეროვანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაც.

ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რომელშიც დღეს ცხოვრობს ევროპის აღმოსავლეთი ქვეყანა - საქართველო. არა ერთ ევროპელ ლიდერს უნახავს ეს და ეს დღეს ნახა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა. აქედან ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება, სულ რაღაც ორი დღის წინ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა.
დღეს ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ, ამ გარემოში ვაშენებთ ევროპულ საქართველოს და ეს სრულიად ამაზრზენი ბარიერები დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა ევროპაში სხვა, ხელოვნური ბარიერები.

ისინი დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ დაინგრევა იმ მტკიცე დემოკრატიული კურსით, რომელიც აქვს ჩემ ქვეყანას, იმ ღია გულით და იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენს მიერ კონტროლირებად ქვეყანაშიც. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ ამ პოზიციას მხარს უჭერთ, ამ პოზიციას იზიარებთ და ამ გზაზე ეხმარებით საქართველოს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა მავთულხლართებს ბოროტების ხაზი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს ევროკავშირის მიერ შექმნილი წიგნი წარუდგინა, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ხალხის ცხოვრებას ეხება.

"მე შემიძლია გამოვიყენო ყველა მართებული დიპლომატიური ტერმინი, რათა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია; რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42 რაუნდმა დადებითი შედეგი არ გამოიღო; რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმას, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ კონფლიქტს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხების მაქსიმალურად აქტიურად წამოწევას, საბოლოოდ, კი ეს ადამიანები, არიან ადამიანები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვაზე, რადგან არსებობს მავთულხლართები; ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ნათესავების მონახულება და მათთან საუბარი, რადგან არსებობს მავთულხლართები. რომელი ევფემიზმიც არ უნდა გამოვიყენოთ, ფაქტია, რომ არსებობს გამყოფი ხაზი.
ეს წიგნი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნამუშევარია. მადლობელი ვარ, რომ ევროკავშირი ამ რეგიონში ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას. მეამაყება, რომ შევხვდი სამ ესტონელს, რომლებიც ამჟამად ამ მისიაში მონაწილეობენ.
ამგვარად, შეგიძლიათ გამართოთ უკეთესი დისკუსია და გამოიკვლიოთ ადამიანების საოკუპაციო ხაზთან დაკარგვის შემთხვევები. ეს სასარგებლოა. ჩვენ ეს უნდა ვაკეთოთ სანამ საბოლოო გამოსავალს არ ვიპოვით. ამისთვის კი უფრო ინტენსიური საერთაშორისო პროცესი გვჭირდება, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლეს ეხება", - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება