პრემიერი: მზად ვართ, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად

პრემიერი: მზად ვართ, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად
04 / 12 / 2017 11:12

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო საფუძვლიანად მიიჩნევს თავს ევროპული ინტეგრაციის პროექტის წარმატების ერთ-ერთ მაგალითად.

„დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე დღეს და ხვალ ამ დარბაზში უფრო დეტალური დისკუსია გაიმართება“,- განაცხადა პრემიერმა საერთაშორისო საპარლამენტო კომფერენციაზე.

მისი თქმით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატები.

„ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთის პარტნიორობის მეხუთე სამიტი, სადაც ერთხმად აღინიშნა საქართველოს წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის შესახებ და დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი. გარდა ამისა, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სხვა წევრებთან ერთად, 2020 წლისათვის ევროკავშირთან დაახლოების 20 ახალი მიზანი დავისახეთ, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმასთან.

საქართველო აფასებს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისინი, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები; დავხვეწოთ მმართველობა; ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციით, უზრუნველვყოთ ცხოვრების უკეთესი სტანდარტების დამკვიდრება ჩვენი მოქალაქეებისათვის; გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას.

ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის წარმატებით იმპლემენტაცია და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცება და მზად ვართ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად.

ამავე დროს, საქართველოს, ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით, საკუთარი წვლილი შეაქვს მშვიდობიანი მსოფლიოს მშენებლობაში. ამ ფონზე, აღსანიშნავია უსაფრთხოების საერთო გამოწვევები ევროკავშირის სამეზობლოში, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

მოგეხსენებათ, კვლავ მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და ამავდროულად, მასობრივად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ამასთან ერთად, საქართველოსაც აქტიურად უწევს თანამედროვე მსოფლიოს ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და პროპაგანდა. ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია და მეტი ჩართულობა შეიძლება დავუპირისპიროთ.

მოხარული ვარ, რომ ამ დარბაზში ასეთ წარმომადგენლობით საპარლამენტო აუდიტორიას ვხედავ. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო რეფორმით, 2024 წლიდან საქართველო სრულად გადადის საპარლამენტო მოდელზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას კი უდიდესი როლი ენიჭება რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების საპარლამენტო შტოს გაძლიერება კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს.

პარლამენტი დისკუსიებისა და ურთიერთსაპირისპირო აზრის შეჯერების საუკეთესო ასპარეზია. იმედი მაქვს, დღევანდელი კონფერენცია მოგცემთ საშუალებას, აქტიურად გაუზიაროთ ერთმანეთს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოცდილება, რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც რეფორმების დაჩქარებასა და საერთო მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.

მიმდინარე პრობლემების ფონზე, ხშირად გვავიწყდება ევროკავშირის პროექტის უნიკალურობა. ყველაფრის მიუხედავად, ის კვლავაც რჩება რეგიონული ინტეგრაციისა და ერთა შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად.

სწორედ ამიტომ, საგარეო თუ საშინაო გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცედ დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. იმედი მაქვს, ამგვარი დისკუსიებითა და აზრთა გაზიარებით, სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების ჩართულობით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობით, მივაღწევთ საერთო მიზანს და ერთად შევქმნით უფრო ძლიერ, ერთიან და მშვიდობიან ევროპას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება