მარგველაშვილი: რუსეთთან და პარტნიორებთან გაბედული გზავნილები პრობლემას გადაწყვეტს

მარგველაშვილი: რუსეთთან და პარტნიორებთან გაბედული გზავნილები პრობლემას გადაწყვეტს
05 / 12 / 2017 15:31

"რუსეთთან და პარტნიორებთან გაბედულად და გულწრფელად გაკეთებული ნათელი გზავნილები პრობლემების გადაწყვეტას და სტაბილურობას მოიტანს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგვლაშვილმა "თბილისის სტრატეგიული დისკუსიის" დასკვნით კონფერენციაზე განაცხადა.

კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ პროცესზე ისაუბრა, საქართველოსთვის ამერიკელი პარტნიორების მტკიცე და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უწოდა მაიკ პენსის, ჯონ მაკკეინისა და სენატორების საქართველოში ვიზიტებს, ასევე ნატოს სამხედრო კომიტეტის საგაზაფხულო სესიის ჩატარებას.

გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს კონგრესში, ბუნდესტაგსა და ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საქართველოსათვის ევროპული მისწრაფებების ღია მხარდაჭერას წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, წელს ბევრი თვალსაზრისით გართულდა ვითარება ჩვენს რეგიონში და ტერორიზმი კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე გახდა.

"გასათვალისწინებელია რუსეთის როლი რეგიონის მილიტარიზაციის თვალსაზრისით, რუსეთის აქტიური ჩართულობის გამო ბალტიის, შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით ჩვენი დაცულობის ხარისხი თვისობრივად კლებულობს.

თუ ჩვენ შევხედავთ წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოებულ პოლიტიკას, ის თეორიები, რომლებიც ემყარებოდა შეხედულებას, რომ რუსეთთან საქართველოს, ან სხვა მსგავსი გეოპოლიტიკის მქონე ქვეყნების მუშაობა შესაძლებელია, ეს კონცეფცია საფუძველს მოკლებულია.

რუსეთი არ განიხილავს და არ უყურებს ამ პროცესებს თუნდაც მათთვის საინტერესო პოზიციიდან, როგორიც არის ბუფერების პოლიტიკა.
რუსეთი ძალიან ნათლად ხედავს ამ რეგიონებში პრივილეგირებული ინტერესების გატარების შესაძლებლობას, მათ შორის სამხედრო გზით, სამხედრო რესურსით.

ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის აქტიურობას, ასევე იმ წერტილებში, რომელიც მათი აზრით, მოწყვლადია ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებისათვის, ეს არის ის იდეოლოგიური ომი, ის პროპაგანდა, რომელსაც ძალიან აქტიურად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია და ეს ამ წლის განმავლობაში ძალიან ნათლად გამოჩნდა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთმა წარმატებას მიაღწია მაშინ, როდესაც დასრულდა ცივი ომი არა მორიდებული პოლიტიკით საბჭოთა კავშირის მიმართ, არამედ ძალიან კონკრეტული, ძალიან მიზანმიმართული სამხედრო - ეკონომიკური აღმშენებლობით და ამან მოუტანა წარმატება, როგორც თავისუფალი ქვეყნების ბლოკს, ასევე იმ ქვეყნებს რომლებიც შემდეგ გახდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, თუ საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხრიდან არ იქნება ადეკვატურად გააზრებული საქართველოს როლი ევროატლანტიკური, ევროპული სტაბილურობის და დაცულობის ინტერესებიდან გამომდინარე; თუ არ იქნება ნათლად დანახული მიზანი, რომ საქართველოს ჩართვა ამ სტრუქტურებში ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასტაბილურებაა, ეს რეალობისგან გაქცევა იქნება.

"უნდა ვიყოთ გულწრფელები და ნათელი გზავნილები გავაგზავნოთ როგორც საკუთარ თავთან, ასევე რუსეთთან და ჩვენს პარტნიორებთან. ეს გულწრფელობა, ეს გამბედაობა მოიტანს პრობლემების გადაწყვეტას და მეტ სტაბილურობას.

რაც ეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას - მომავალ წელს იქნება ათი წელი იმ სამიტიდან, სადაც ნათლად იქნა ჩამოყალიბებული სტრატეგიული მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების.

დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ახალი პერსპექტივის ჭრილში შევხედოთ იმას, რა გზა, ტაქტიკა, მიზნები უნდა ავირჩიოთ იმისათვის, რომ ეს მიზანი მიღწეული იყოს ეფექტიანად, სწრაფად და ამ მიზანმა განამტკიცოს და არა შეარყიოს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის უსაფრთხოება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დისკუსიისას და პარალელურ თემატურ სესიებზე განიხილებოდა "შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზაცია - ოკუპაცია, ანექსია და დესტაბილიზაცია", ნატო-ს როლი აღმოსავლეთ ფლანგზე - საქართველოს გზა ნატო-ში გასაწევრიანებლად; ეროვნული უშიშროების სტრატეგიები ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ: ერთიანი, ეროვნული მიდგომა;

თბილისის სტრატეგიული დისკუსიების პარტნიორები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, აშშ-ს საელჩო საქართველოში, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, ატლანტიკური საბჭო (Atlantic Council), საქართველოს ატლანტიკური საბჭო (ACG - Atlantic Council of Georgia), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP - Georgian Institute of Politics), ალიანსი დემოკრატიის დასაცავად (GMF - Alliance for Securing Democracy), საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC – Georgian Strategic Analysis Center), კონრად ადენაუერის ფონდი (KAS – Konrad Adenauer Stiftung), ა/ო "სამოქალაქო იდეა", ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება