დადიანის N32-ში ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

დადიანის N32-ში ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის ქუჩა N32-ში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის დავალებით, თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელა.

რეაბილიტირებულ ობიექტზე დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნენ.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დადიანის N32-ში მდებარე ძეგლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სადაც 15-მდე ოჯახი ცხოვრობს.

„დადიანის ქუჩაზე ისტორიულ შენობა-ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქ დაახლოებით, 15 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც სრულად რეაბილიტირებული სახლი ჩაბარდათ. ძეგლებს განსაკუთრებული მიდგომა და ყურადღება სჭირდება. ეს ის სიმდიდრეა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიწყო. დადიანის N34-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია კი, რამდენიმე თვეში დასრულდება.

„შენობის შენარჩუნება ძეგლის აღდგენის წესების სრული დაცვით მოხერხდა. შენობა კონსტრუქციულად გამაგრდა და მოსახლეობისთვის ყველა კომფორტი შეიქმნა. თბილისს კიდევ ერთი ძეგლი შეემატა იმ ძეგლებიდან, რომელიც აუცილებლად გადასარჩენი და მოსავლელი გვაქვს. ამ შენობის უკან, დადიანის N34-ში მდებარე ძეგლს კი, დასრულებულ მდგომარეობაში დაახლოებით, სამ თვეში ვიხილავთ“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

შალვა დადიანის ქუჩა N32-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კერძოდ, მოხდა შენობების სრული კონსტრუქციული გამაგრება; არსებული აივნებისა და დეკორატიული ელემენტების რესტავრაცია; დაზიანებული ხის დეტალების შეცვლა ახალი ანალოგიური ნაკეთობებით; ეზოს კეთილმოწყობა და სხვა სამუშაოები.

დადიანის N32-ში მცხოვრები 11 ბინათმესაკუთრე, რეაბილიტაციის პროცესში თბილისის განვითარების ფონდმა ბინის ქირის კომპენსაციით უზრუნველყო, ხოლო რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მათ მძიმე საცხოვრებელი პირობების ნაცვლად, სრულიად განახლებული, რეაბილიტირებული, გარემონტებული საცხოვრებელი სახლები ჩაბარდებათ.

დადიანის N32-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 1 356 000 ლარით დაფინანსდა. შალვა დადიანის N32-ის შენობის სარეაბილიტაციო პროექტის არქიტექტორ მალხაზ ლეკვეიშვილის მიერ მომზადდა.

ასევე, მიმდინარეობს მომიჯნავედ, შალვა დადიანის N34-ში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც საბოლოოდ, 2018 წლის დასაწყისში დასრულდება.

დადიანის N32 და N34-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობები XIX საუკუნის დასაწყისშია აგებული და თბილისში ერთ-ერთ უძველეს ნაგებობად მიიჩნევა.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები