მდინარაძე: თანამდებობის პირს კონკრეტული უფლებამოსილება შეიძლება, რომ ბრალეულ ქმედებად შეერაცხოს

მდინარაძე: თანამდებობის პირს კონკრეტული უფლებამოსილება შეიძლება, რომ ბრალეულ ქმედებად შეერაცხოს
05 / 01 / 2018 15:41

საპარლამენტო უმრავლესობის წევის მამუკა მდინარაძის შეფასებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ობიექტური მართლმსაჯულება განხორციელდა.

"საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილის მიმართ დღევანდელი განაჩენი არის გაგრძელება და ლოგიკური შედეგი თავის დროზე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ გამოტანილი რეკომენდაციებისა, სადაც მან შეშფოთება გამოთქვა იმ მართლმსაჯულების გამო, რომელიც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში განხორციელდა, და გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ამ რეკომენდაციების საფუძველზე წარიმართა ობიექტური გამოძიება, ობიექტური მართლმსაჯულება და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამაში ულოგიკო არაფერია, დადგინდა კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა და სასამართლომ ამის შესახებ გამოიტანა გამამტყუნებელი გადაწყვეტილება და განაჩენი.

რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა, რომ კონკრეტული უფლებამოსილება, რომელიც გააჩნია კონკრეტულ თანამდებობის პირს, შეერაცხოს ბრალეულ ქმედებად, დიახ ეს ასეა, როდესაც სასამართლოს მიერ დგინდება, რომ ამ უფლებამოსილებას პირი იყენებს არამართლზომიერად, უკანონოდ, უკანონო დაპირების აღსასრულებლად, შესაბამისად ეს შეიძლება დანაშაულად იქნას მიჩნეული და ასეც მოხდა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, პრეზიდენტს კონსტიტუციურად აქვს პატიმრის შეწყალების უფლება, როგორ უნდა დადგინდეს, რომ მან ეს უფლებამოსილება უკანონოდ გამოიყენა? მდინარაძემ უპასუხა: „ისევე, როგორც დადგინდა სასამართლოს განაჩენით. არამართლზომიერება დგინდება პრაქტიკაში გამოძიების მიერ და თუ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება დადგენილი, რომ ეს უფლებამოსილება გამოყენებული იქნა კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ უკანონო დაპირების აღსასრულებლად, მაშინ შეიძლება ამას ეწოდოს დანაშაული და ამ შემთხვევაში ასეთი სახე მიეცა სასამართლოს მიერ. ეს სასამართლო არ იყო მხოლოდ ქართული სასამართლო, ასეთი ინტერპრეტირება, სამართლებრივი შეფასება მიეცა ევროპის სასამართლოს მიერ“.

რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს, მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია.

"საქართველოს პროკურატურას რამდენჯერმე აქვს მიმართული უკრაინული მხარისათვის სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ. სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს, დღეს ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ ზუსტად, ექსტრადირება მოხდება თუ არა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით შეუფარდა, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლითა და 2 თვის ვადით ჩამოერთვა.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება