ეკა ბესელია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ეკა ბესელია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპი.

ეკა ბესელიამ ჯასტინ მაკკენზი სმიტს გააცნო სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლო რეფორმა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, სასამართლო რეფორმის სამი ეტაპის განხორციელების შემდეგ ქვეყანაში ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. ცვლილებების ახალი ეტაპის - რეფორმის მეოთხე ტალღის ეფექტურად განხორციელების მიზნით კი, მისი ინიციატივით, სრულიად ახალი ფორმატი შეიქმნა, სადაც ჩართულია როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ოთხი საერთაშორისო ორგანიზაცია - ევროკავშირი, ევროსაბჭო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), პროცესში ასევე ჩაერთო აშშ-ს საელჩო საქართველოში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი მუშაობს შემდეგ საკითხებზე:

სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვა და საკანონმდებლო ცვლილებები; მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოება; იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი ნორმები და კომერციული პალატების შექმნა.

შეხვედრისას, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, წინა მოწვევის პარლამენტში, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. ,,წინა მოწვევის პარლამენტში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის შედეგად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ავსახეთ საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმები ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის ნაწილში, რაც ხელშესახები შედეგია საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, კომიტეტს საუკეთესო თანამშრომლობა აქვს დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს როგორც სასამართლო რეფორმის განხორცილებას, ასევე ხელი შეუწყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულს საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან.

მხარეებმა ისაუბრეს მომავალი თანმშრომლობის გეგმებზე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა ბრიტანელ დიპლომატს მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს მუდმივ მზაობას მხარი დაგვიჭიროთ რეფორმის გზაზე. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გავაგრძელოთ აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ჯასტინ მაკკენზი სმიტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. ელჩს ჰქონდა ძალიან დიდი ინტერესი როგორ მიმდინარეობს სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპი. ვისაუბრეთ რეფორმის მიმდინარეობაზე და ბრიტანეთის მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ მხარი დაუჭირონ ამ რეფორმას. ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან აქტიურად განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომელიც ეხება კომერციული პალატების შექმნის იდეას და ამაზე იუსტიციის სამინისტრო მუშაობს. ასევე, ვმუშაობთ რამდენიმე საკითხზე, ეს არის ოთხი თემა, რომელიც ეხება სწორედ სასამართლოს რეფორმის გაგრძელების ამ ეტაპს. საინტერესო იყო ჩვენი მოსაზრებების გაცვლა. დავსახეთ ძალიან კონკრეტული გეგემა 2018 წლის თანამშრომლობის ფარგლებში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები