პრემიერი: ხელს შევუწყობთ ლიტვური პროდუქციის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას, ასევე ქართულის ექსპორტის ზრდას

პრემიერი: ხელს შევუწყობთ ლიტვური პროდუქციის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას, ასევე ქართულის ექსპორტის ზრდას

საქართველოს ლიტვის პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. როგორც საქართველოსა და ლიტვის პრემიერმინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს საულიუს სკვერნელის საქართველოში პირველი ვიზიტია.

„მოხარული ვარ, რომ სწორედ ლიტვის პრემიერმინისტრი გახლავთ მთავრობის პირველი მეთაური, რომელიც 2018 წელს საქართველოს ეწვია. როგორც მოგეხსენებათ, წელს საქართველო, ისევე, როგორც ლიტვა, უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს - სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი აღინიშნება ლიტვაში და პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი აღინიშნება საქართველოში, რაც დღევანდელ ვიზიტს განსაკუთრებულ სიმბოლიზმს სძენს.

ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. ლიტვა წარმოადგენს საქართველოს უახლოეს მოკავშირესა და მეგობარს. არაერთხელ აღგვინიშნავს, თუ როგორ ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიტვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება. დღის წესრიგი დატვირთულია ვიზიტებით, მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა უწყებათაშორისი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების და სხვა მიმართულებებით. ნაყოფიერია ურთიერთობა საკანონმდებლო ორგანოებს შორისაც და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ დამეგობრებას და თანამშრომლობას განაგრძობენ ჩვენი ქვეყნების რეგიონები და ქალაქები.

ლიტვა უკვე მრავალი წელია აქტიურად აგრძელებს განვითარების სფეროში თანამშრომლობას, „თვინინგის“ პროგრამების განხორციელებას და თავისი გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს გვიწყობს რეფორმების განხორციელებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

„ამ მიმართულებით მართლაც დიდი პოტენციალი არსებობს და ჩვენი პრიორიტეტია ამ პოტენციალის სრულად ათვისება, რათა ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამებოდეს ურთიერთობების მაღალ პოლიტიკური დონეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და მიმართული ვართ, რათა ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას, ასევე, ლიტვური პროდუქციის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერის ინფორმაციით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი რეგიონული სატრანსპორტო პროექტები განიხილეს, რომელთა ერთობლივი განხორციელება, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს.

„განვიხილეთ ასევე პერსპექტივა, რომელიც მოაქვს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და სატრანსპორტო კავშირების დამყარების პერსპექტივა ანაკლიის ახალ პორტსა და კლაიპედას პორტს შორის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი: აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერით საქართველოში გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები

პრემიერი: აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერით საქართველოში გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები

21 მაისი, 2018

"აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით საქართველოში განხორციელდა დემოკრატიის კონსოლიდაცია, გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები და შეიქმნა მეტი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის", -...

ახალი სტატიები