პრემიერი:მადლობა ევროკავშირს 2017-2020 წლებში რეფორმების განსახორციელებლად 450 მილიონი ევროს გამოყოფისთვის

პრემიერი:მადლობა ევროკავშირს 2017-2020 წლებში რეფორმების განსახორციელებლად 450 მილიონი ევროს გამოყოფისთვის

"ჩვენ ერთად შევქმენით კიდევ უფრო მტკიცე ურთიერთობების მყარი საფუძველი, რომელიც იძლევა მომავალში ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების დიდ იმედს",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

"დიდი მადლობა, უმაღლესო წარმომადგენელო მოგერინი! ძვირფასო ფედერიკა, მადლობას მოგახსენებთ თბილი მიღებისთვის და ამ დილით პოზიტიური და პროდუქტიული დისკუსიისთვის ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის ფართომასშტაბიან და ამბიცურ დღის წესრიგთან დაკავშირებით. ორივე მხარე აღიარებს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ შეინიშნება უდიდესი პროგრესი. მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შედეგები - პირველ რიგში, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროში ვუახლოვდებით ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს. ნოემბერში ჩვენ მივიღეთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ამბიციური დღის წესრიგი პრიორიტეტების გრძელი სიით, რომელიც 2020 წლის ჩათვლით უზრუნველყოფს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას.

საქართველო ახორციელებს ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებამ საქართველოში ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს მისცა ახალი შესაძლებლობები. დღეს ევროკავშირი არის ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირში ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციას, რომელიც ასევე იზრდება: შარშან კომისიამ აგვინთო მწვანე შუქი ქართული თაფლისა და შავი ზღვის თევზისა და თევზპროდუქტების ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე.

ჩვენ ვავითარებთ ჩვენი ინსტიტუტების თავსებადობას ევროკავშირის სტანდარტებთან და ვამკვიდრებთ ევროპულ პრაქტიკას სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის უწყებებსა და პროგრამებში ინტეგრაციის გზით. საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის გაწევრიანება ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობაში არის ევროკავშირთან ურთიერთქმედების მიღწევის კარგი მაგალითი. ამ ტენდენციას ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ.

ჩვენ ეტაპობრივად ვაღრმავებთ სექტორულ თანამშრომლობას, რომელიც აღინიშნა საქართველოს შესვლით ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში. ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ევროპის საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის მისაღწევად. თბილისში შეიქმნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა, რომელიც სექტემბერში კარს გაუღებს სტუდენტებს ექვსივე პარტნიორი ქვეყნიდან.

მადლობას მოვახსენებთ ევროკავშირს ჩვენი ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენ ვაფასებთ დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ფარგლებშიც 2017-2020 წლებში საქართველოში რეფორმების განსახორციელებლად გამოყოფილია 450 მილიონი ევრო. ჩვენ მადლობელნი ვართ, ENPARD-ის მე-3 ფაზის ფარგლებში 77,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც დღესაც ენიჭება არსებითი მნიშვნელობა სოფლის განვითარების კუთხით, ხდება თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და "ნოუ-ჰაუს" გაზიარება სოფლის მეურნეობის სექტორში",- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები