"სარკე, რომელშიც ჩავიხედეთ"- რას აკეთებს სახელწმიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის

08 / 01 / 2017 18:11

საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 946 ბავშვი გახდა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაეროში წარდგენილ სახელმწიფო ანგარიშშია შესული. სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2016 წელი- ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 218 ბავშვი გახდა, 2015 წელს- 448 ბავშვი 2014 წელს - 280 ბავშვი. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ ფსიქო-სოციალური დახმარება მხოლოდ 10-მა ბავშვმა მიიღო:  2016 წელს ფსიქო-სოციალური დახმარება 6 ბავშვს გაეწია. 2015 წელს მხოლოდ ერთს. 2014 წელს კი 3-მა ბავშვმა მიიღო ფსიქო სოციალური დახმარება. ეს მონაცემები ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთ დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა არაგანაშვილი „აიპრესთან“ აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას მხოლოდ ეს ფონდი უწევს. „ჩვენ ფონდს ფართე სახელმწიფოებრივ კონტექსტში განვიხილავთ. საქართველოში ამ ფონდის გარდა სხვა სახელმწიფო სერვისი, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისს გაუწევს, არ გვაქვს. როცა სახელმწიფო გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში აგზავნის ანგარიშს, იქ წერს, რომ მათ აქვთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფისათვის ამ ფონდის თავშესაფრები, სხვა ოფიციალური მონაცემი სერვისის შესახებ არ ფიქსირდება“,-ამბობს ანა არგანაშვილი. ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთ დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში კი „აიპრესს“ განუმარტეს, რომ ფონდი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ფსიქო-სოციალურ მომსახურებას მაშინ უწევს, როცა ფონდს მიმართავენ. „ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სხვადასხვა მექანიზმია ჩვენთან მომართვიანობისთვის და ჩვენი სამსახური მომართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთვება.  მომართვა შესაძლოა იყოს ოჯახის წევრის მხრიდან, უბნის ინსპექტორის შეტყობინების საფუძველზეც, ასევე დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში შესაძლოა, სოციალურმა მუშაკმა გადმოამისამართოს ჩვენთან, შესაძლოა მოგვმართოს პირმაც, რომელმაც შეიტყო ოჯახში ძალადობის შესახებ (მაგალითად მეზობელმა). სხვა შემთხვევაში ბავშვზე ორინეტირებული საკმაოდ კარგი სერვისები აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამ კუთხით უკვე ისინი არიან ბავშვზე პასუხისმგებელი პირები და უწევენ სერვისებს”,-აცხადებს ფონდის პრეს-მდივანი ქეთი ბეროშვილი. ანა არგანაშვილი კი განმარტავს, რომ ფონდში გადამისამართება სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეროგატივაა და ეს სოციალურმა მუშაკმა უნდა განახორციელოს. „თუ ფონდის თავშესაფრებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სოციალური სამსახური არ ამისამართებს, ეს კვლავ სახელმწიფოს პრობლემაა. სოციალური სამსახური ვალდებულია, რომ გადაამისამართოს, თუ არადა, მიაწოდოს მაინც ინფორმაცია მშობელს, ან ბავშვის გულშემატკივარ ადამიანს, ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ არსებობს ასეთი სერვისი. ფაქტია, ჩვენ გამოვაქვეყნეთ მშრალი სტატისტიკა და მკითხველმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რისი ბრალია ის, რომ მაგალითად შარშან 500 ბავშვი რეგისტრირებულია, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი  და მხოლოდ ერთმა ბავშვმა მიიღო სახელმწიფოსგან ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ეს არის წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელი. მე ვფიქრობ, რომ ახლა სახელმწიფომ უნდა არკვიოს თავის სტრუქტურებს შორის, რატომ აქვს ასეთი ჩავარდნა ამ სფეროში. ჩვენ ვერ გავარკვევთ სოციალურმა მუშაკმა არ მიმართა, თუ ფონდმა არ გაუწია სერვისი. შეუძლიათ ერთმანეთს გადააბრალონ, მე ამაში არასამთავრობო ვერ ჩავერევი“,-ამბობს ანა არგანაშვილი. „აიპრესი“ შეეცადა სოციალური მომსახურების სააგენტოში გაერკვია ვინ იზრუნა იმ ბავშვებზე, რომლებიც ფონდის თავშესაფრებში არ მოხვდნენ და ვინ გაუწია მათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა- მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი ხათუნა ჯიქია განმარტავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სტატისტიკას ცალკე არ აწარმოებს.  ხათუნა ჯიქიამ ბავშვზე ძალადობის მთლიანი სტატისტიკა წარმოგვიდგინა, რომელიც მისი თქმით, როგორც ოჯახში, ასევე ინსტიტუციებში ძალადობას მოიცავს. მისივე თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, ბავშვის სახელმწიფო ფონდში განთავსება უკანასკნელი ალტერნატივაა. „როცა ძალადობაა, ბავშვზე ოჯახში ძალადობის კანონით არ გავდივართ, გავდივართ რეფერირების პროცედურების შესაბამისად. ჩვენი სტატისტიკა სხვანაირია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ცალკე არ გვაქვს გამოყოფილი, ჩვენთან შემოდის ზოგადად ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შემთხვევაზე. 2016 წელს 610 შემთხვევა იყო შემოსული, რეფერირება განხორციელებული, ეს არის ნოემბრის თვის ჩათვლით მონაცემები. 610 შემთხვევიდან დადასტურებული მხოლოდ 324 იყო. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, 2016 წლის მთავრობის დადგენილების ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ფონდის თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის განსათავსებლად უკანასკნელი ალეტარნატივაა. როცა ის მარტო გამოგვყავს ოჯახიდან და ვერც ნათესავი, ვერც მინდობითი აღზრდა, ვერც მცირე ტიპის საოჯახო ვერ უპოვე, მაშინ ასაკიდან გამომდინარე შეიძლება მივმართო და განვათავსო იქ, მაგრამ თუ დედა მოჰყვება, მაშინ რა თქმა უნდა, ფონდში მიდის და ფონდი უწევს ყველა მომსახურებას რაც სჭირდება. როცა მინდობით აღზდაში, საოჯახო ტიპის სახლში ან ნათესავთან გადაგვყავს, მაშინ ფსიქო-სოციალურ დახმარებას ჩვენი ფსიქოლოგი უწევს, რომელიც არის თბილისში 1, საქართველოს მასშტაბით 11. ისინი უტარებენ თერაპიულ სეანსებს საჭიროების მიხედვით“,-აცხადებს ხათუნა ჯიქია. ანა არგანაშვილი კი აღნიშნავს, რომ სტატისტიკაში ასახულ ძალადობის მსხვერპლ 946 ბავშვზე პასუხისმგებელი სწორედ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთ დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდია და სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა სერვისი მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის არ აქვს. „გარწმუნებთ, სოციალურ სამსახურსს ამ მიმართულებით, სხვა სერვისი ამ ფონდის გარდა არ აქვთ. მათ აქვთ სერვისები, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამებით აფინანსებენ, თქვენ თუ გახსნით სახელმწიფო პროგრამებს, მსგავსი არ იძებნება უბრალოდ. სოციალური მუშაკი ვალდებულია რომ მიმართოს ამ ფონდს“,-ამბობს ანა არაგნაშვილი. სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირებული ბავშვზე ძალადობის 324 შემთხვევიდან ვერ აკონკრეტებენ, რამდენს მოემსახურა მათი ფსიქოლოგი. როგორც ხათუნა ჯიქია ამბობს, ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დათვლილი არ აქვს, თუმცა დასძენს, რომ ამის დათვლა შესაძლებელია. „ყველას გაეწეოდა დახმარება, თუმცა ჩვენ ვამისამართებთ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთანაც, მხოლოდ თბილისში ჩვენს ფსიქოლოგს 130 ქეისი აქვს, სადაც თითო ქეისში, შესაძლოა, რამდენიმე ბავშვი შედიოდეს. (ოჯახში შეიძლება რამდენიმე ბავშვი იყოს და ყველა ერთ ქეისში ხვდება)  თუ ბავშვი ტრეფიკინგის თავშესაფარში მოხვდება, რა თქმა უნდა, ამ თავშესაფრის ფსიქოლოგი მოემსახურება. ვამისამართებთ არასამთავრობოებთანაც“,-ამბობს ხათუნა ჯიქია. სოციალური მომსახურების სააგენტოში აღიარებენ, რომ ფსიქოლოგების ნაკლებობის პრობლემა დგას, თუმცა ამბობენ, რომ კრიზისული სიტუაციები ნაკლებად იქმნება. „მომართვა ძალიან ბევრია, შეძლებისდაგვარად აუდიან, იმას რა თქმა უნდა არ ველოდებით, რომ ერთ ფსიქოლოგს ბევრი ჰყავს და მათთან როდის დაამთავრებს მუშაობას, შეიძლება გადავამისამართოთ ახლოს მდებარე რეგიონებში, მაგალითად, შესაძლოა, თბილისს მცხეთის ფსიქოლოგი მოემსახუროს. ასეთი შემთხვევები ყოფილა. ფსიქოლოგების ნაკლების პრობლემა დგას, ამ ეტაპზე არ ვიცი იგეგმება თუ არა ფსიქოლოგების შტატის გაზრდა. ვამისამართებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც“,-აცხადებს ხათუნა ჯიქია. „აიპრესი“ იმ ფსიქოლოგსაც დაუკავშირდა, რომელმაც წლის განმავლობაში ბავშვზე ძალადობის 130 ქეისი მიიღო. ლელა პართიკანაშვილი ამბობს, რომ მათგან დიდი ნაწილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვები არიან. „ჩვენთან გადმომისამართება ხდება სოციალური მუშაკის მიერ, როცა ის ამას საჭიროდ თვლის. ვმუშაობთ რეაბილიტაციაზე, შეფასება ხდება პირველ რიგში და შემდეგ გამოკვეთილი საჭიროებებიდან ხდება კონსულტირება. მშობლის ჩართვაც არის ხოლმე საჭირო, მაშინ როცა სირთულე მშობლის ქცევიდან მომდინარეობს. შესაძლოა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროება ინდივიდუალურია, მათთან შეხვედრების რაოდენობა 4-5-ია, საჭიროების მიხედვით მეტი. სხვადასხვა სირთულისა და სიმძიმის შემთხვევებთან გვაქვს საქმე, დაწყებული ფიზიკური ძალადობით, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, უგულებელყოფა და სექსუალური ძალადობაც მათ შორის. ზოგჯერ გვეხმარება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, სკოლის ფსიქოლოგები, მანდატურის სამსახური, ასე ნაწილდება. შეიძლება ჩემთან არც მოხვდეს ბავშვი და ისე მოხდეს გადამისამართება, ეს დამოკიდებულია იმ პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე, როცა რამდენიმე გადაუდებელ ქეისზე ვმუშაობ და ამ დროს კიდევ მოდის ასეთივე, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადამისამართება, რომ ბავშვს დროულად გაუწიონ დახმარება და რიგში არ მოუწიოს დგომა. სოციალური მომსახურების სააგენტო ნამდვილად უწევს ბავშვს საჭირო დახმარებას, ყველაფერს აკეთებს და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გვეხმარებიან, ასევე ჩვენი რესურსია, ჩვენ მათთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი. ბავშვის შუა გზაზე მიტოვება არ ხდება, თითოეული შემთხვევის მიყვანა ბოლომდე ხდება“,-აცხადებს ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ საქმე საკმაოდ შრომტევადია და დამატებით ფსიქოლოგის საჭიროებაც არის, მაგრამ განმარტავს, რომ ბავშვი ამის გამო არ ზარალდება: „არასამთავრობო ორგანიზაციები, მანდატურის სამსახური დიდ დახმარებას გვიწევენ. შესაბამის ვადებში ხდება რეაგირება“. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის გაწეული დახმარება იმ მოცულობის არ არის, როგორიც ეს ბავშვებს სჭირდებათ. „როდესაც საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, სამწუხაროდ, ეს არ არის ისეთი მოცულობის და გავრცელების, როგორიც უნდა იყოს. არასამთავრობოთა სრული უმრავლესობა ფინანსდება საერთაშორისო დონორების მიერ გრანტების საფუძველზე. ცხადია ეს დაფინანსება არ არის მყარი და დღეს რომ არსებობს ესა თუ ის ფსიქო-სოციალური მომსახურება, ხვალ შესაძლოა მათ დაფინანსება აღარ ჰქონდეს. ამის მიზეზი კი შემდეგია: ყველა დონორის პოლიტიკაა, რომ მათ მიერ პილოტურად დაფინანსებული სერვისების მხარდაჭერა, გარკვეული დროის შემდეგ სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე. შეუძლებელია, სახელმწიფო მუდმივად საერთაშორისო დონორების იმედზე იყოს ბავშვებისათვის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებისას, როგორიცაა ძალადობს შემდეგ მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. თუმცა, ფაქტია რომ არის, როგორც ამ სტატისტიკიდან ვხედავთ. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია“,-ამბობს ანა არგანაშვილი. ფსიქლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ 11 ფსიქოლოგი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ძლადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე იმუშავებს, ძალიან ცოტაა და გამოსავალი შესაძლოა არასამთავრობო სექტორისგან ამ მომსახურების ყიდვა იყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით 2 მხოლოდ ორგანიზაცია მუშაობს. „11 ფსიქოლოგი ქვეყანაში ძალიან ცოტაა, თუმცა რომ არის ეს უკვე კარგია. იყო დრო როცა არ გვაყვდა, რაოდენობა მათი გასაზრდელია. მათი შრომითი ანაზღაურებაც უნდა იყოს ისეთი, რომ კვალიფიციურ კადრებს მოუნდეთ წავიდნენ ამ საკმაოდ მძიმე სამსახურში. გამოსავალი ის არის, რომ თუ სახელმწიფოს არ შეუძლია შექმნას ასეთი სამუშაო ადგილები, იყიდოს ეს სერვისი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. არასამთავრობო სექტორის მომსახურება გრანტებზეა დამოკიდებული და უწყვეტი არ არის, თან 2 ორგანიზაციაა სულ რომელიც ძალადობის საკითხებზე მუშაობს, როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად დაფარავენ ისინი ყველა საჭიროებას? დონორებს პრიორიტეტები აქვთ ხოლმე ხშირად სხვა, მაგალითად სექსუალური ძალადობა სერიოზული პრობლემაა, ხშირია შემთხვევა როცა დონორი არ არის დაინტერესებული ამ ტიპის მომსახურებით, არ დავასახელებთ იმ ორგანიზაციებს, მაგრამ ხშირია შემთხვევა როცა ვერ ხედავენ ამ საჭიროებას და არ ხდება შესაბამისი დაფინანსება. ამიტომ ალბათ სახელმწიფოს თუ არ შეუძლია ეს სერვისი შექმნას, გამოაცხადოს ტენდერი და იყიდოს“,-აცხადებს მაია ცირამუა. მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ რეალურად ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს გაეროში წარდგენილ ანგარიშშია დაფისქირებული. „ეჭვი მაქვს, რომ იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლი გაცილებით უფრო მეტია, მაგრამ მიმართვიანობა რომ არ არის მაღალი მიუთითებს იმაზე, რომ იდენტიფიცირება არ ხდება დროული და ადამიანებს არ აქვთ სენსიტიურობა ამ საკითხის მიმართ ან სულაც არ თვლიან, რომ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი, ან არ ენდობიან სახელმწიფო ინსტიტუტებს“,-აცხადებს მაია ცირამუა. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობის რიცხვი გაცილებით დაბალი უნდა იყოს, რადგან მათ სტატისტიკაში, სადაც ბავშვზე ძალადობის 324 შემთხვევა ფისქირდება, სხვადასხვა სახის ძალადობა შედის. „საიდან აქვთ ოჯახში ძალადობის ციფრი ჩვენთვის უცნობია, არ გამოვა ოჯახში ძალადობის  ამდენი რაოდენობა, იმიტომ რომ  ჩვენს ციფრებში ძალადობის სხვადასხვა შემთხვევები შედის, როგორიცაა სკოლაში ძალადობა, ადრეული ქორწინება, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა და ა.შ.“,-აცხადებს ხათუნა ჯიქია. თუმცა ეს ციფრები გაეროსთვის წარდგენილ ანგარიშში ფიქსირდება, ანგარიშს როგორც ანა არგანაშვილი ამბობს, 25 იანვარს გაეროში განიხილავენ. „ჩვენ სტატისტიკა წარმოვადგინეთ და ვერ იტყვიან რომ იგი დასაბუთებული და სწორი არ არის. 25 იანვარს გაეროში ბავშვთა უფლებებზე საქართველოს სახელმწიფო ანგარიშის მოსმენა იმართება, რომელშიც წერია, რომ ყველა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვი უზრუნველყოფილია ფსიქო-სოციალური დახმარებით. ამასთან, ეს არასრული მონაცემია, ანგარიში წარდგენილია სექტემბრის თვეში, 2016 წლის აქ მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემია. განახლებული მონაცემებით 2016 წელს ოჯახში ძალადობის მეტი მსხვერპლი ბავშვი იქნება“,-ამბობს ანა არგანაშვილი. ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესამცირებლად საზოგადოების განათლება და სოციალური კამპანიის წამოწყება ეფექტური იქნება. „ეს მონაცემი რაც დადო ორგანიზაციამ „პარტნირობა ადამიანის უფლებებისთვის“, არის ფაქტიურად სარკე, რომელშიც ჩვენ ჩავიხედეთ. ძალიან კარგად ჩანს აქედან, რამდენად უსუსრები ვართ ასეთ ფართომასშტაბიან პრობლემასთან, როგორიც ბავშვთა მიმართ ძალადობაა. რა თქმა უნდა, სოციალური კამპანია იქნება ეფექტური, განათლებაზე ზრუნვაა საჭირო, მშობელთა კლუბები, ჯგუფები გაიხსნას, რომ მათ იცოდნენ რამდენად დამანგრეველია ბავშვისთვის ძალადობრივი დამოკიდებულება. ეს არის საკითხი, რომლითაც მხოლოდ სოც მომსახურების სააგენტო კი არა, განათლების სამინისტრო და სხვა უწყებებიც უნდა დაინტერესედნენ. სტერეოტიპების შეცვლა უნდა მოხდეს. ჯერ კიდევ არის საქართველოში სკოლები, პედაგოგები და ის ადგილები, სადაც ბავშვები ხვდებიან და სადაც ბავშვთა უფლებებზე საუბრის დაწყება იწვევს აგრესიას და ცინიზმს“,-ამბობს მაია ცირამუა. მისივე თქმით, მშობელმა უნდა იცოდეს, როცა ბავშვის რთულ ქცევას ვპასუხობთ, უნდა ვუპასუხოთ არა კონკრეტულად ამ ქცევას, არამედ იმ საჭიროებას, რომელიც ამ ქცევის უკან დგას. მისივე თქმით, ბავშვის დასჯით, მის ქცევას კიდევ უფრო გავართულებთ. „ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ბავშვი არ შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი, მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება არც ემოციურად, არც მისი ფსიქლოგიიდან გამომდინარე. მისი რთული ქცევა ხშირ შემთხვევაში პასუხია იმ არანორმალურ გარემოებებზე, რომელშიც ბავშვი იმყოფება. ბავშვის რთული ქცევა ხშირად არის ძახილი საზოგადოებისადმი და სიგნალი, რომლითაც ის ამბობს იმ საჭიროების შესახებ, რომელიც დაუკმაყოფილებელია და მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. რთული ქცევის მართვაა, როცა ბავშვის ქცევის წაკითხვა, ჩვენი ემოციების რეგულირება შეგვიძლია და ამის პრობლემა აქვს ძალიან ბევრ მშობელს, მასწავლებელს და პროფესიონალს, რომელიც ბავშვთან მუშაობს.  პასუხი რომ „თავი ვერ მოვთოკე“, „გამომიყვანა წყობიდან“, ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“,-ამბობს ფსიქოლოგი. მაია ცირამუამ ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგებზეც ისაუბრა: „რა თქმა უნდა, როცა ფიზიკურ ძალადობაზეა ლაპარაკი, ის ფიზიკურ ტკივილს აყენებს ბავშვს და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე შეიძლება გავიდეთ, ზოგადად ძალადობა , ღირსების შემლახავი დამოკიდებულება ბავშვისადმი ანგრევს მის ფსიქიკას. ანგრევს როცა ვამბობ, აქ ვგულისხმობ, რომ ეს იწვევს უამრავ ემოციურ, ქცევით პრობლემებს, ცუდად აისახება ადამიანის თვითშეფასებაზე და ადამიანი, რომელსაც დაბალი აქვს თვითშეფასება, დაურწმუნებელია, მუდმივად საფრთხის მოლოდინშია, ვერ რეალიზდება, თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, სოციალურ გარემოსთან მისი ინტეგრაციის ალბათობა ძალიან დაბალია. გარდა ამისა, ბავშვთა მიმართ ძალადობა პირაპირ არის მიბმული ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის თემასთან. ხშირად შეიძლება ბავშვის მიმართ სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებები არ იყოს გატარებული, მაგრამ ხედავდეს სასტიკ ძალადობას მის გარემოში, ასეთ შემთხვევაში ეს ბავშვიც ძალადობის ქვეშ არის, ტრავმირებულია. სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ამაზე ჯერ კიდევ არ არის გამართული, ჯერ კიდევ ფიქრობენ ადამიანები, რომ ეს ოჯახის საქმეა, რომ ქალი, ან ბავშვი მაპროვოცირებელია. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გული არ გვაქვს, სენსიტიურობა არ გვაქვს, რომ ბავშვზე ძალადობის დროს ხმა ამოვიღოთ, ან ვიმუშაოთ კვალიფიციურად. როცა პოლიციელი ან სოც მუშაკი ფიქრობს, რომ დასაშვებია ბავშვის ფიზიკური დასჯა, ის ვერ მოუვლის ამ პრობლემას“,-ამბობს მაია ცირამუა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ (UNICEF) 2012-13 წლებში საქართველოში ჩატებული კვლევებით გამოკითხულთა 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკურ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს, ხოლო 60%-სთვის ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდები შედეგიანია. როგორ შეიცვალა მას შემდეგ საზოგადოებრივი აზრი საქართველოში, ამის შესახებ კვლევები არ არსებობს, თუმცა გაეროში წარდგენილი ანგარიშიდან ციფრები პრობლემის სიმწვავეზე კვლავ მიუთითებს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება