- Advertisement -

“აიკრძალოს უცხო ქვეყნის დაფინანსებული NGO-ები” – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში

646

პარლამენტში „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის საკანონდმებლო წინადადება დარეგისტრირდა. ინიციატორი უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვას ითხოვს.

კერძოდ, ცვლილებას ითვალისწინებს „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ კანონი.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, უნდა აიკრძალოს ის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოდან, უცხოური სამეწარმეო ან არასამეწარმეო ორგანიზაციიდან ან უცხოელი მოქალაქისგან მიღებული გრანტის ფარგლებში ახორციელებს გრანტის ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

პროექტის ინიციატორმა, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „დემოკრატ მესხთა კავშირი“, „დემოკრატიული ჩართლობის ცენტრი“ ანტისახელმწიფოებრივი ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

„ხშირ შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, გამოხატავენ დამფინანსებელთა ინტერესებს და უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, ტრადიციებს და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს.

2013 წლის სექტემბერში არასამთვრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ჩემი აზრით ჩაიდინა ანტიეროვნული და ანტისახლმწიფოებრივი ქმედება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის ივნისში უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი, გასაჩივრების მიზეზად დასახელდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაცია. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მეორე ფაქტი, 2016 წლის აგვისტოში, ასევე ანტიეროვნული ქმედება განახორციელა „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, „დემოკრატ მესხთა კავშირთან“ ერთად. მათ ერთობლივად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს სარჩელით. მოთხოვნილი იყო, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“ შესახებ არსებული ის ნორმა, რომელიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს შესაძლებლობას, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მიიღონ და ისარგებლონ კანონით დადგენილი ბენეფიტებით, ხოლო საქართველოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები უცხოელები ვერ სარგებლობენო ამ შეღავათებითო.

არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. არსებობს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“, რომლის ერთ-ერთი ოფისი მდებარეობს თელავში, მომაწოდეს ინფორმაცია და ფოტოები, რომ მათ ოფისში გაკრულია წარწერები – „არ გათხოვდე, ქმარი მოძალადეა“. ეს არის თუ არა ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? მე მიმაჩნია, რომ არის.

გარდა ამ ფაქტებისა, არსებობს კიდევ სხვა ფაქტები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტის გამო ბრალს დებენ ქართველ ერს არატოლერანტობაში, რელიგიური და სექსუალური უმცირესობებს ჩაგვრაში, ხოლო სახელმწიფოს მათი უფლებების არასათანადოდ დაცვაში. სრული უფლება გვაქვს, მათ ვუწოდოთ უცხო ქვეყნის და მსხვილი ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი, ოფიციალური ჯაშუშები“, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. 

Comments
Loading...