- Advertisement -

არასამთავრობოები პრეზიდენტს მიმართავენ,კონსტიტუციურ პროექტს რელიგიის თავისუფლების ნაწილში ვეტო დაადოს

340

არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური ინსტიტუტები და იურისტები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რელიგიის თავისუფლების ნაწილში, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციური ცვლილების პროექტს ვეტო დაადოს. ინფორმაციას ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ავრცელებს.

"2017 წლის 26 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტმა მესამე მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციის მე-19 (ახალი რედაქციით მე-16 მუხლი) მუხლსაც შეეხო, რომლითაც დაცულია რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლება.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის არღვევს სხვათა უფლებებს. ამჟამად კი, ცვლილებების პროექტი რელიგიის თავისუფლებაში ჩარევის ექვს საფუძველს ითვალისწინებს, რომელთაგან “სახელმწიფო უსაფრთხობა”, “დანაშაულის თავიდან აცილება” და “მართლმსაჯულების განხორციელება” არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და რელიგიის თავისუფლებაში გაუმართლებლად ჩარევის მაღალ რისკს წარმოშობს. ამასთან, იზრდება საფრთხე, კონსტიტუციური დებულება რელიგიის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდეს.

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველმა, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, აკადემიურ-კვლევითმა ინსტიტუტებმა და იურისტებმა არაერთხელ შეაფასეს კრიტიკულად რელიგიის თავისუფლების შესახებ კონსტიტუციურ პროექტში წარმოდგენილი დებულებები. მათ შორის, მიმართეს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ხელმომწერები მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ვენეციის კომისიის, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო და აკადემიური ორგანიზაციებისა და იურისტების პოზიციების გათვალისწინებით, კონსტიტუციის პროექტი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს განსახილველად, რათა არ დავუშვათ რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუარესება", – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერები:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
თანასწორობის მოძრაობა
იდენტობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი
კონსტანტინე კუბლაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ზედელაშვილი – კონსტიტუციონალისტი
გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი
ლევან რამიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი
თამარ გურჩიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი
გიორგი ბურჯანაძე – იურისტი
გიორგი ჩიტიძე – იურისტი
დიმიტრი გეგენავა – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
მიხეილ შარაშიძე – იურისტი 

Comments
Loading...