- Advertisement -

არტ-ვილა გარიყულას “კოშკის” აღდგენა დაიწყო

462

 

არტ-ვილა გარიყულას "კოშკის" აღდგენა დაიწყო. აღდგენითი სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თი-ბი-სი ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, პროექტის მიზანია არტ-ვილა გარიყულას ყველაზე სახასიათო არქიტექტურული დეტალის – “კოშკის” როტონდის გამაგრება და მისი იატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლება.

"ამის შემდგომ, როტონდას თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნდება – სასახლის მფლობელი და მისი დამპროექტებელი, როგორც ადგილობრივები გადმოგვცემენ, როტონდას სანათურივით იყენებდა და განსაკუთრებულ, საზეიმო შემთხვევებში შუქურასავით ანათებდა", – ნათქვამია განცხადებაში. 

არტ-ვილა გარიყულა, წარსულში ბოლგარსკიანთ სასახლე, სოფელ გარიყულაში პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქო ინჟინერმა ვასილი ბოლგარსკიმ ააშენა 1885 წელს.

ბოლგარსკის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ის იყო ჭრელი აბანოს კომუნიკაციების, დღევანდელი ეროვნული გალერეისა და აწ უკვე აღარარსებული სამხედრო ტაძრის ინჟინერი.

სოფელ გარიყულაში მას ჰქონდა საკმაოდ დიდი მეურნეობა, რომელიც მოიცავდა მარანს თავისი საწნახელითა და ქვევრებით (დღემდე მოქმედია), სამაცივრე მეურნეობას, ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას.

გასაბჭოების შემდეგ, ბოლგარსკი „გააკულაკეს“. მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა პანსიონი გახსნეს. მოგვიანებით, შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა. XX საუკუნის 80-იან წლებში, ნახევრად დანგრეულ შენობაში ადგილობრივები თივას ინახავდნენ.

ბოლგარსკიაანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, მოხდა ტერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. ამ სამუშაოში, მოხალისეებად იყვნენ ჩართული თბილისის სახელმწიფო სამხატვროაკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. ნახევრად დანგრეულმა ბოლგარსკიანთ სასახლემ ახალი ფუნქცია შეიძინა – გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად, სადაც , 2000 წლიდან მოყოლებული, უამრავი საინტერესო წამოწყება ხორციელდება.

ყველა სამუშაო, დაკავშირებული შენობის აღდგენასთან, ტარდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ, არტ-ვილა გარიყულასა და მისი ფესტივალის – Fest I Nova-ს ტრადიციული სპონსორის – თი-ბი-სი ბანკის მხარდაჭერით.

როტონდა ბოლგარსკიანთ სასახლის სიმბოლოა. თავის დროზე, ვასილი ბოლგარსკის იქ დამონტაჟებული ჰქონდა სანათური, რომელიც სოფლის თითქმის ყველა ნაწილიდან, შუქურასავით ჩანდა.

დღესდღეობით, როტონდა მოითხოვს გამაგრებას, რიკულებიანი ხის მოაჯირისა და იატაკის შეცვლას.

Comments
Loading...