- Advertisement -

“აფბა” გიორგი სეთურიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

270

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრაზურაბ ალავიძის გადადგომას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

"აფბაში მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი ერთგვარი რეაქციაა აფბას და მთელი რიგი მედია-საშუალებების მიერ გასაჯაროებულ იმ შესაძლო დარღვევებზე და კორუფციულ დაშვებებზე, რასაც საზოგადოება ბოლო პერიოდში ინტენსიურად ეცნობოდა. კერძოდ, საუბარია საავტომობილო გზების დეპარტამენტში დღევანდელი ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოჩენილ შესაძლო შეუსაბამობებზე, თანამდებობრივ გულგრილობაზე, გარიგებებზე მშენებელ კომპანიებთან, კორუფციის დაშვების უკიდურესად მაღალ რისკებზე თუ შესრულებული და მიმდინარე პროექტების დაბალ ხარისხზე. აფბა სისტემურად იკვლევს ზემოთჩამოთვლილ მიმართულებებს.

აფბას მიაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თავის მხრივ პოლიტიკური კაპიტალისგან დაშრეტილი გივი თარგამაძის მიერ 29 მარტს გამართული ბრიფინგი, სადაც მან მინისტრი ალავიძე და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე აბუთიძე სისტემაში არსებულ დარღვევებში დაადანაშაულა, იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ბრალდების უმთავრესი ადრესატის – დეპარტამენტის თავმჯდომარე სეთურიძისთვის ერთგვარი ხელის დაფარების პოლიტიკა.

ფაქტია – გზების დეპარტამენტში არსებულ შესაძლო დარღვევებზე საუბრისას თარგამაძეს ერთხელაც არ უხსენებია დეპარტამენტის თავმჯდომარის გვარი, რაც, თავისთავად, ბევრ საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს…

აფბაში მიაჩნიათ, რომ ახალი მინისტრის, ქალბატონი მაია ცქიტიშვილის, როგორც დარგის პოლიტიკური ლიდერის ერთ-ერთი პირველ ნაბიჯი უნდა იყოს თანამდებობიდან სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის ჩამოშორება და ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, საზოგადოების ფართოდ ჩართულობის ფონზე, პასუხი ყველა იმ კითხვაზე (გზების მშენებლობის ყველა ეტაპზე არსებული კანონდარღვევები; უკანონო ცვლილებები საგზაო-სამშენებლო პროექტებში; ზედამხედველ კომპანიებს, მშენებლებსა და დეპარტამენტის წარმომადგენელთა შორის კორუფციის დაშვების მაღალი რისკი და ა.შ.), რაც გზების დეპარტამენტში, ანუ იმ სახელმწიფო უწყებაში, რომელზეც მხოლოდ მიმდინარე 2018 წელს უნდა გაიაროს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამიზნულმა მილიარდ ლარზე მეტმა, კორუფციული გარიგებების შესაძლობლებობებს უკავშირდება.

ახალი მინისტრის პირობებში, თუ სასწრაფოდ არ იქნა წარმოდგენილი რა ვითარება იყო და რა ვითარება იქნება მომავალში ტენდერების გამოცხადების, სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების, ამ გადაწყვეტილებებში ცვლილებების, მშენებელ კომპანიებთან საკონტრაქტო დისციპლინის, გზების ხარისხის, ზედამხედველ კომპანიებთან ურთიერთობისა და მათ მიერ ვადების დაცვის თუ სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ ამ პოლიტიკურ ცვლილებას მხოლოდ ფასადური ხასიათი ექნება და დეპარტამენტის უუნარობაში ხარჯთეფექტურად განახორციელოს საქმიანობა, არაფერი შეიცვლება.

აფბაში მიაჩნიათ, რომ დარგის ხელმძღვანელი პირის უპირველესი ვალდებულებაა მოახდინოს საზოგადოების სისტემატური და სრული ინფორმირება მისი უწყების მიერ უმნიშვნელოვანეს საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯული თითოეული ლარის შესახებ", – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...