- Advertisement -

აჭარაში ფესტივალი ”განდაგანა” გაიმართა

374

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ ოჯახთან ერთად ესტუმრა, დაათვალიერა პავილიონები და ფესტივალის მონაწილეებს გაესაუბრა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფლად ტურიზმის განვითარება რეგიონის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ორდღიანი ფესტივალი ბათუმში გუშინ დასრულდა. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ – მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობდა. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იყო წარმოდგენილი. სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა.

ფესტივალი დაყოფილია თემატურ კუთხეებად – ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების ზონებად. სტუმრებს საშუალება ქონდათ ჩართულიყვნენ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში.
დღის ბოლოს კი ფესტივალი ჯგუფ „ფრანის“ კონცერტით დასრულდა.

ფესტივალი წელს ხალხმრავლობითა და უცხოელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა.

Comments
Loading...