- Advertisement -

ახვლედიანი: თუ ხელისუფლებას ლაპარაკი არ უნდა, ჩვენ გადავწყვეტთ დავტოვოთ საკონსტიტუციო კომისია

576

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებას სურს საარჩევნო სისტემების შეცვლა ქვეყანაში, მაშინ მან უნდა გაანალიზოს ის შეთავაზებები , რომელიც მას 15 კვალიფიციური პარტიისგან შემდგარმა საკოორდინაციო საბჭომ შესთავაზა. მისი განცხადებით თუ ხელისუფლება ამ შეთავაზებებს არ გაითვალისწინებს, პარტია "დემოკრატიული მოძრაობა" დატოვებს საკონსტიტუციო კომისიას. ამის შესახებ გიორგი ახვლედიანმა "tv პირველის" ეთერში ისაუბრა.

„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ემსახურება მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" ერთი კონკრეტული პიროვნების, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის, სურვილების აღსრულებას და კონსტიტუციაში ჩაწერას, ბუნებრივია ჩვენ ვეღარაფერი შეგვაჩერებს და ვერანაირად ვერ ჩავთვლით საჭიროდ ამ კომისიაში დარჩენას, ამიტომაც დღეს ჩვენ 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ გავავრცელეთ მედიის საშუალებითაც და მივწერეთ პარლამენტის თავმჯდომარესაც, პრემიერ-მინისტრსაც კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში არჩევნები საპრეზიდენტო მიმართულებით, საპარლამენტო მიმართულებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით.

ხელისუფლება გვთავაზობს 15 აპრილამდე გაანალიზოს ჩვენი შეთავაზებები და გადაწყვიტოს უღირს მას მსჯელობა ამ საკითხებზე იმისათვის , რომ მაღალი პოლიტიკური კონსესუსით შევცვალოთ საარჩევნო სისტემები ქვეყანაში, თუ ეს უღირს მაშინ ეს პროცესები დაიწყება.

თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყველაფერი მარტომ უნდა წაიღოს, ბარიერი არ უნდა დაწიოს, ბლოკები უნდა გააუქმოს, პრეზიდენტის არჩევითობა უნდა გააუქმოს და არავისთან ლაპარაკი არ უნდა ,მაშინ ჩვენ დავინახავთ რომ არავითარი აზრი არ აქვს საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობას და გადავწყვეტთ, რომ დავტოვოთ საკონსტიტუციო კომისია“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

მასალა მოამზადა გვანცა ვარდანიძემ

Comments
Loading...