- Advertisement -

ბათუმის მერიაში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

190

ბათუმის მერიაში ქალაქის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრას მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ტურისტული სეზონის დაწყებამდე ქალაქის ტერიტორიაზე ნახევარ მილიონ ყვავილს და 3000 ხე-მცენარე დაირგავს. პარალელურად რეაბილიტირებულ ქუჩებზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნაშია შპს "სანდასუფთავება“. ცენტრალური ქუჩების მორწყვა დღეში 2-ჯერ, ცხელ ამინდში კი ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება. ნაგავშემკრები კონტეინერების დაიცლება დღეში 4-ჯერ, გამოძახების შემთხვევაში კი იმუშავებს მორეგე მანქანა. პლაჟების დასუფთავების მიზნით იქმნება დამატებითი ბრიგადები, დაემატება 50 ადამიანი. ძველი კონტეინერები ჩანაცვლდება 1000 ერთეული ახალი კონტეინერით. ქალაქის მასშტაბით დაიწყო ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებები, რომელიც მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე განხორციელდება.

ბათუმის ავტოტრანსპორტი მუნიციპალურ ავტობუსებში კონდიციონერების რეაბილიტაციას ახორციელებს. ასევე, იგეგმება ავტობუსების მოძრაობის გრაფიკის გადაწევა. მიმდინარეობს ველოტერმინალებისა და ველოსიპედების რეაბილიტაცია. მუნიციპალურ ავტობუსებში უკვე შეიცვალა 800 ერთეული სკამი, შეიღება 45 ერთეული ავტობუსი და წესრიგდეგბა ავტობუსის იატაკები. ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანასთან დაკავშირებით
მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები, რის დასრულების შემდეგაც, პირველ ეტაპზე, იგეგმება ახალი ავტობუსების შემოყვანა.

ბათუმის დელფინარიუმში ტურისტული სეზონის დაწყებამდე ჩატარდა დელფინარიუმის შენობის ფასადისა და სცენის კოსმეტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ივლისის თვეში გაიზრდება შოუების რაოდენობა, ყოველდღურად გაიმართება ორი შოუ (ორშაბათის გარდა), ხოლო ივლისის ბოლოდან სექტემბრამდე ყოველდღურად სამი შოუ ჩატარდება.

ბოტანიკურ ბაღში, ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ აშენდა ორდონიანი ავტოსადგომი, რომელიც 70 მსუბუქ ავტომობილსა და 5 ავტობუსზეა გათვლილი. მიმდინარეობს 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ასევე მოხდება ელექტრო გადამცემი ხაზების მიწისქვეშ გადატანა, პარალელურად, დაიწყება ახალი განათების სისტემის მოწყობა. ბაღში გადაადგილების მიზნით შეძენილ იქნა 5 ელექტრომობილი. ტურისტულ სეზონამდე დასრულდება მეფუტკრის სახლის მშენებლობა, საბავშვო კუთხის მოწყობა და ალპური ბაღის ტერიტორიაზე გზებისა და ბილიკების რეაბილიტაცია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება სამი სამედიცინო ბრიგადის დამატება. ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში, 10:00-დან 22:00 საათამდე განთავსდებიან დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, გონიო-კვარიათსა და ბულვარის ტერიტორიაზე. დემეტრე თავდადებულის ქუჩის დასაწყისში, განთავსდება მოძრავი ამბულატორია, სადაც მოხდება ადგილზე მისული ნებისმიერი პაციენტისთვის პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევა.

ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით, ტურისტული სეზონის პერიოდში გაძლიერდება მაწანწალა ცხოველების მონიტორინგი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევლა ინტენსიური მონიტორინგის უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გათავისუფლება ჯგუფურად მოძრავი მაწანწალა ცხოველებისგან.

სასტუმრობის სანიტარიულ-ჰიგიენური მიმართულებით დაიწყო საცურაო აუზების წყლისა და სისუფთავის ხარისხის შემოწმება.
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე ნებართვები აღარ გაიცემა 25 მაისიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით.

უკანონო გარე ვაჭრობის აღკვეთის მიზნით, გაფრთხილება მიიღო ყველა გარემოვაჭრემ. მიმდინარე კვირას დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

Comments
Loading...