- Advertisement -

“ბანკი ქართუ”: ენმ-ს დღევანელი ბრიფინგი ცილისწამებაა, სასამართლოში მოუწევთ პასუხისგება

810

"ბანკი ქართუ" ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს განცხადებით ეხმიანება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებები ცილისმწამებლურია და მათ ამისთვის სასამართლოს წინაშე მოუწევთ პასუხისგება. 

"ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი ბრიფინგი, რომელშიც ამ პარტიის წარმომადგენლებმა ბანკი ქართუ თაღლითობაში დაადანაშაულეს, წარმოადგენს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მორიგ ბოდვასა და ცილისწამებას, რის გამოც, მათ მოუწევთ პასუხისგება სასამართლოს წინაშე.

შპს "ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“-ს ბანკ ქართუში აქვს საკრედიტო დავალიანება, ოღონდ არა 6 მლნ, არამედ რამოდენიმე ათეულჯერ უფრო ნაკლები. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულა უძრავი ქონება და ავტომობილები. 2016 წელს აღნიშნულმა კომპანიამ სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაიწყო გაკოტრების პროცესი, რაც გულისხმობს ყველა კრედიტორის, მათ შორის ბანკის ჩართულობას დარჩენილი დავალიანების ამოსაღებად. ბანკს შესაბამისი სარჩელით მოთხოვნილი აქვს საკრედიტო დავალიანების დაფარვა მხოლოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული, ბანკის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, რომლის ღირებულებაც აღემატება არსებულ დავალიანებას.

კომპანიის საკუთრებაში არსებულ, გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან) დაკავშირებით ბანკს მოთხოვნები არ დაუყენებია (გაკოტრების პროცესში ვერც დააყენებდა) სასამართლოში, შესაბამისად სააღსრულებო პროცედურები კომპანიის მიმართ ბანკის მოთხოვნის საფუძველზე არ მიმდინარეობს და ბანკის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა არ ადევს გირავნობით უზრუნევლყოფილ საგნებს.

ნაციონალური მოძრაობა და მისი წარმომადგენლები არ იშლიან ბინძურ ტრადიციას და გაჭირვებული ადამიანების შეცდომაში შეყვანით, ისევ ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ ამჯერად ამ უპასუხისმგებლობისთვის და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარდგენა",-აღნიშნულია განცხადებაში. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ნუგზარ წიკლაური და გოგა ონიანი "ბანკ ქართუს" მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. 

Comments
Loading...