- Advertisement -

ბაქრაძე პრეზიდენტს: მინდა შემოგთავაზოთ თანამშრომლობა ეკონომიკურ საკითხებზე

483

"არ მგონია, რომ ის დებატი, რომელიც დღეს ამ დარბაზში მიმდინარეობს მაინც და მაინც გასახარი გახდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. მინდა თავიდანვე განვაცხადო, რომ ჩემი გამოსვლის ძირიტადი ნაწილი იქნება პრეზიდენტ მარგველაშვილის მხარდამჭერი",-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით  ბაქრაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. 

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტია ერთ-ერთია გამონაკლისია, რომელსაც არაფორმალური მმართველი არ აკონტროლებს. ბაქრაძემ პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობა შესთავაზა. 

"არა იმიტომ, რომ მე აღფრთოვანებული ვარ მისი გამოსვლით- არა. მე მინდა მხარი დავუჭირო იმ ინსტიტუტს, რომელიც დღეს ქვეყანაში გახლავთ ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელიც არ კონტროლდება ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის მხრიდან.

მინდა თავიდანვე განვაცხადო ყველა ჟურნალისტის, ექსპერტის, გულთმისნის, მჩხიბავის, ჩიტიანი და უჩიტო, კუდიანის და უკუდოს მისამართით – არანაირ პოლიტიკურ კამპანიას და ალიანსს არ განვიხილავთ ბატონ მარგველაშვილთან. მაგრამ, მინდა ასევე მკაფიოდ განვაცხადო, დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლების მხრდიან, რადგან ეს არის აუცილებელი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.  დღეს ქვეყანაში დარჩა მხოლოდ სამი ინსტიტუცია, რომელიც არ კონტროლდება ქვეყნის არაფორმალური მმართველის მხრიდან: პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიების ნაწილი და რუსთავი2. აუცილებელია ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, სწორედ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ ქართული დემოკრატიის დ აუკეთესი მომავლის ეს ბასტიონი, რომელიც რჩება არაკონტროლირებადი ინსტიტუტების სახით. სწორედ ამიტომ, მე არ ვაპირებ პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსობრივ კრიტიკას, თუმცა ვისურვებდი, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი ყოფილიყო უფრო კონკრეტული არა მხოლოდ მის სიტყვებში, არამედ მის მოქმედებებში. როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა სასამართლოს თემაზე, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ სასამართლო დღეს არის კრიზისში.

აღწერა ნამდვილად სწორი და ადეკვატური იყო პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ვისურვებდი, მას გამოეყენებინა ისტორიული შანსი, რომელიც ჰქონდა სასამართლო სისტემაში ვითარების მოსაბრუნებლად. ვისურვებდი, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში ყოფილიყვნენ იმავე პოზიციის გამზიარებლები, რომ სასამართლოს სჭირდება მეტი თავისუფლება და მეტი ცვლილება.

ბატონო პრეზიდენტო, როდესაც თქვენ სასამართლო პრობლემებზე საუბრობთ, მოსამართლეებს მიმართავთ და მათგან არის დუმილი, დუმილი არის იმიტომ, რომ თქვენი წარდგენილი კანიდატატები უზენაეს სასამართლოში ძალიან მალე გახდნენ ნაწილი იმ კლანური სისტემის, რომელიც დღეს სასამართლოს მართავს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, ვის ხელშიც გახლავთ კონკრეტული ბერკეტი, რომ დაასრულოს ერთხელ და სამუდამოდ ეს სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით პატიმრები და წერტილი დაუსვას მართლაც ამ თემას, რომელიც აზიანებს ჩვენს იმიჯს უცხოეთში.

არის თემები, რომელზეც ბუნებრივია ვიქნებით კრიტიკული და ვერ შევთანხმდებით. გაუკონტროლებელი ინსტიტუციის არსებობის აუცილებლობის კარგი მაგალითია მოსმენების კანონი, სადაც ბატონო პრეზიდენტო ნამდვილად პოზიტიური როლი ითამაშეთ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამათავრობო სექტორთან ერთად და იმედი მაქვს, რომ ამ როლს შეასრულებთ სხვა მტკივნეული საკითხებშიც როგორიც არის სიტყვის თავისუფლების, რუსთავი 2-ის თემა და თვითმმართველობების შემცირების საკითხი. მინდა გადავიდე მთავარ თემაზე, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. თემაზე, სადაც ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ევროპული საქართველოს მხრიდან პარტნიორობა. ეს თემა არის ეკონომიკა.

ის გაჭირვება და პრობლემები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. ვწუხვარ, რომ ამ დებატს მთავრობა აღარ ესწრება. მთავრობა ძალიან სწრაფად დაუბრუნდა საკუთარ ვირტუალურ სამყაროს. იმ სამყაროს, სადაც დღეს მთავარი პრობლემაა სამთავრობო ქალაქის მშენებლობა და ახალი კაბინეტების მოწყობა, იმ სამყაროს, სადაც ადამიანებს ჯიბეები აქვთ გამოზნექილი ფულის ბღუჯების ტარებით. ვწუხვარ, რომ მთავრობა თავის სამყაროში დაბრუნდა, რადგან ამით ზიანდება საქართველოს თითოეული მოქალაქე. როდესაც მინისტრები საუბრობენ იმაზე, რომ თქვენს გამოსვლაში არ იყო კონკრეტიკა, მინდა ვთქვა – კონკრეტიკა იყო ჩემი კოლეგების გამოსვლაში. ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით სოფლებში დაბრუნდა შევარდნაძისდროინდელი სიღატაკე. ეს არის უბედური, ტრაგიკული რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიქმნა.

შეიძლება ეკონომიკა თქვენი პირადპირი მანდატი არ არის ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ ეს არის ის ცვლილება, რასაც ხალხი ელოდება თქვენგანაც და ჩვენგანაც, რადგან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თქვენც და მეც ხმა მოგვცეს ამ ადამიანებმა და ეს ადამიანები არიან დღეს საფრთხეში – შიშით ელოდებიან ზაფხულს, როდესაც გაიზრდება გაზის საფასური. შიშით ელოდებიან მომავალს, რადგან არავინ იცის როგორი იქნება ლარის კურსი და შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები როგორ დავეხმაროთ მცირე ბიზნესს. გვაქვს გეგმა, რომ მცირე ბიზნესი მთლიანად გათავისუფლდეს გადასახადიდან, დღგ-ს ზღვარი, რომელიც იყო 100 000 ლარი მაშინ, როცა 1 დოლარის ღირებულება 1,60 იყო და დღეს 2,50-ის პირობებში პრაქტიკულად განახევრებულია, გაიზარდოს ზღვარი და გახდეს 200 000. გვაქვს კონკრეტული წინადადება, რომ განახევრდეს გაზის აქციზი, რაც საშუალებას მისცემს ძალიან ბევრ მცირე საწარმოს გააგრძელოს მუშაობა.

სამწუხაროდ, უმრავლესობა არ არის მზად, რომ მოისმინოს და იმსჯელოს ჩვენს მიერ შეთავაზებულ პაკეტზე, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ამ ტრიბუნიდან, ბატონო პრეზიდენტო, თანამშრომლობა იმ მთავარ თემაზე, რაც აწუხებს ჩვენს ხალხს – უმუშევრობაზე, სიღარიბეზე და გაჭირვებაზე. მინდა შემოგთავაზოთ თანამშრომლობა, რომ ერთად შევძლოთ და გადავდგათ ქვეყანაში ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობას ოდნავ მაინც გააუმჯობესებს.

დამერწმუნეთ, ეს იქნება საუკეთესო შედეგი და საუკეთესდო მემკვიდრეობა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. მე სხვა პირობებში არ შემოგთავაზებდით ამ თანამშრომლობას, ვინაიდან მესმის, რომ ეკონომიკური საკიტხები არ არის პრეზიდენტის პირდაპირი მანდატი. თქვენ ბრძანდებით ხალხისგან არჩეული პრეზიდენტი, ჩვენ ვართ ხალხისგან არჩეული პარლამენტის წევრები. ამიტომ კამათი, იმაზე ვისი მანდატი რა არის უბრალოდ ხალხის პრობლემების იგნორირება, რომელიც საკმარისად გვესმის ამ დარბაზშიც და მის გარეთაც. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ინსტიტუციასთან, ვისთან ერთადაც დავდებთ კონკრეტულ შედეგებს. დღევანდელმა დებატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელია,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Comments
Loading...