- Advertisement -

ბაქრაძე: რეფერენდუმი, რომელიც საოკუპაციო ძალების ტანკების ლულის ქვეშ მიმდინარეობს, უკანონოა

474

"ნებისმიერი რეფერენდუმი და არჩევნები უკანონოა იმ პირობებეში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დევნილი, არ აქვთ ამ პროცესებში მონაწილეობის საშუალება და როდესაც ეს ყველაფერი მიმდინარეობს საოკუპაციო შეიარაღებული ძალების ტანკების ლულის ქვეშ",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმს  არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი ძალა აქვს.

"საფრთხე იმაშია, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს ძირძველი კუთხის ანექსიის გაგრძელების მცდელობა რუსეთის მხრიდან. ეს ყველაფერი ემსახურება ცხინვალის რეგიონის შემდგომ წაღებას რუსეთის მიერ და სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ ადექვატურად აქტიურ, დიპლომატიურ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის, რაც გაკეთდა იყო მორიგი განცხადებები ამ ფაქტთან დაკავშირებით, არადა ეს ფაქტი არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ბევრად უფრო აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებს. ამ ყველაფერს დღეს ვერ ვხედავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი რჩება საქართველოს სტრატეგიულ მხარდამჭერად და პარტნიორად.

აშშ-ს და კონგრესისი მხარდაჭერა და მსგავსი რეზოლუციები არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო გარანტია ჩვენი უსაფრთხოების, მომავლის და ევროპული არჩევანის დაცვის, ამიტომ კონგრესის დოკუმენტი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთთან აუცილებელია დიალოგი, მაგრამ არა მუდმივი დათმობები და კიდევ ერთხელ გამოაჩინა ცხინვალის რეფერენდუმმა, რომ დათმობები რუსეთის პოლიტიკას ვერ ცვლის. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ანექსიას და გამოსავალი გახლავთ არა მუდმივ დათმობაში, არამედ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ძალიან პრინციპულ და მკაცრ დიალოგში,’’- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ამომრჩეველთა 81,5%-მა სამხრეთ ოსეთისთვის "ალანიას რესპუბლიკის" დარქმევას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. ეგზიტპოლის მონაცემებით 77 ე.წ. სარჩევნო უბნიდან 23 უბანზე შედეგები ცნობილია.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა ე.წ. პრეზიდენტს მეექვსედ ირჩევდა, თუმცა ე.წ. შედეგებით მეორე ტურია მოსალოდნელი.

გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ლეონიდ თიბილოვმა 45,8% მოაგროვა, მისმა კონკურენტმა, პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა 36,9%, რაც შეეხება მესამე კანდიდატს, ალან გაგლოევს, რომელიც ე.წ უშიშროების სამსახურის თანამშრომელია , წინასწარი მონაცემებით 16,8% აიღო. 

Comments
Loading...