- Advertisement -

ბერძენიშვილი: გაუგებარია, როცა პროდასავლური პარტია უკრაინის ავტოკეფალიაზე პატრიარქისთვის აზრის გაზიარებასაც კი ვერ ბედავს

36

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ არ მიესალმება არცერთ პარტიას, რომელიც პროდასავლურია და ვერ ბედავს პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ პოზიციის გაჟღერებას და მით უფრო, როცა პატრიარქისთვის დიდი მოწიწებით აზრის გაზიარებასაც კი ვერ ბედავს.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა „აიპრესთან“ ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ უკვე მიმართა პროდასავლურ პარტიებს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ.

„მე საჯაროდ მივმართე პროდასავლურ პარტიებს, რომ ერთიანი პოზიცია გვქონდეს, საჯარო და ერთმნიშვნელოვანი უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერად და ამით მივეხმაროთ იმ უმცირესობას, რომლებსაც დეკლარირებული აქვთ უკრაინის ავტოკეფალიის მხრადაჭერა. ეს სინოდის გადასაწყვეტი საკითხია, ეს არ არის მხოლოდ რელიგიური საკითხი, თუმცა რელიგიურიც არის. თუ დომინანტი პოლიტიკური ძალები ერთ აზრზე იქნებიან, რომ უნდა ვცნოთ უკრაინის ავტოკეფალია, რომელიც იქნება რუსეთის იმპერიალიზმის და ოკუპანტის წინააღმდეგ მანიშნებელი.  21-ე საუკუნეში ჩვენ გადაგვაჯაჭვა ერთმანეთს ისტორიამ, გეოპოლიტიკამ, პოლიტიკამ, ღირებულებებმა და ევროატლანტიკურმა არჩევანმა. საქართველო მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ, რითიც შესაძლებელია. უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება იქნება ის, რომ უკრაინელები ქმნიან მყარ ნაციას, რომელიც ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილია. კონსტანტინოპოლმა აღიარა, დაეთანხმა საბერძნეთი და სასურველია, რომ ჩვენც მაჩანჩალებში არ ვიყოთ.

არ მივესალმები არცერთ პარტიას, რომელიც პროდასავლურია და ვერ ბედავს საპატრიარქოს და პატრიარქის არა თუ წინააღმდეგ, არამედ მისთვის დიდი მოწიწებით აზრის გაზიარებასაც კი. როცა ამას ძალიან ღიად ამბობენ მღვდელმთავრები. ეს ძალიან გაუგებარია. ამიტომ რაც უფრო მძლავრი იქნება ზემოქმედება ამ მიმართულებით ხელისუფლებაზე, მით უფრო გაითვალისწინებს ამას ერთი მხრივ ხელისუფლება, ხოლო მეორე მხრივ ეკლესია“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

 

Comments
Loading...