- Advertisement -

ბოკერია: ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა სიგარეტის ბიზნესს საქართველოში ომი გამოუცხადა

415

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგა ბოკერია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტს აფასებს და აცხადებს, რომ ბევრჯერ და ბევრგან იქნება იგნორირებული კორუფციის წყარო და ყველა შემთხვევაში დააზიანებს ბიზნესს და ტურიზმს.

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორი არაკომპეტენტური და რაც მთავარია რეალობისგან მოწყვეტილია ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი. როგორც გუშინ ერთ- ერთი ლიდერისგან ზოიძისგან გაირკვა, მათ ეხლა ომი გამოუცხადეს სიგარეტის ბიზნესს საქართველოში. მთელ მსოფლიოშიც არავინ დაობს, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ ერთადერთი გზა იმისკენ, რომ მეტმა ადამიანმა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და მათ შორის ნაკლებმა ადამიანმა მოწიოს თამბაქო, ეს არის სიღარიბიდან გამოსვლა, გამდიდრება და არა ასეთი დრაკონული რეგულაციები. ისეთი, როგორიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც კი არ არის. ეს აისახება ათასობით ჩვენი მოქალაქის შემოსავალზე. ისინი დაკარგავენ შემოსავალს, სამსახურებს და სრულიად საპირისპირო შედეგს მივიღებთ,’’- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსრობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ რაც ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება.

Comments
Loading...