საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია „აიპრესთან“ აცხადებს, რომ პარლამენტმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტის ვადის ცვლილების საკითხი სესიაზე, მეორე მოსმენით განიხილა. მეორე მოსმენაზე იმსჯელეს ასევე იუსტიციის საბჭოს საკითხზე.
ზაზა გაბუნიამ ეს კომენტარი იურისტის ლევან ალაფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშრებით გააკეთა, რომლის თანახმადაც „კონსტიტუციის პროექტი სავარაუდოდ გაყალბდა“ და იქ ისეთი სახის ცვლილებები შევიდა, რომელიც მეორე მოსმენით არ განხილულა. მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გაყალბებაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძეც.
„იქნება ეს კოლეგა ოპოზიციიდან, პარლამენტიდან, თუ ექსპერტი, მინდა მოვუწოდო, სანამ კრიტიკისთვის მოიცლიან, მოიცალონ სხდომების საყურებლად და დასასწრებად. ამ ორივე საკითხზე, მეორე მოსმენაზე იყო მსჯელობა, მაგრამ ერთის მხრივ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ , არ ესწრებიან სხდომებს და არ ეცნობიან სიღრმისეულად დოკუმენტის შინაარს ბოიკოტის გამო, მეორეს მხრივ, ზედაპირულ და ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზნით გაკეთებულ განცხადებებს ვისმენთ, როგორც ექსპერტებისგან, ისე ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენლისგან.
მეორე მოსმენით, დოკუმენტის მისაღებად დარიგებული იქნა ტექსტი, რომელიც სესიაზე გამოტანილი იქნა მომხსენებლის მიერ. საპარლამენტო ცხოვრების ანა-ბანაა, რომ ჩვენ განვიხილავთ ტექსტის თითოეულ ნიუანსს, ამ დროს არსებობს შესაძლებლობა, ფორმატი ამას ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, შენიშვნა და შემდეგ ეს ტექსტში აისახოს. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ იუსტიციის საბჭოზე, იქ კონკრეტულმა დეპუტატმა გამოთქვა მოსაზრება, რომელიც უკავშირდებოდა ორგანულ კანონთან დაკავშირებულ ფორმულირებას, რაც ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული პარლამენტის თავმჯდომარის მიერ. ის, რაც გიორგი ხატიძემ გამოთქვა მოსაზრება იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, ეს იქნა ასახული მეორე მოსმენის დროს კენჭისყრისას, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ესეც იმდენად ცნობილი ამბავია, ძალიან მიკვირს, როგორ შეუძლიათ ამ თემით სპეკულირება, მაშინ, როდესაც გარკვევით და გასაგებად ითქვა, რომ ერთჯერადად არის შესაძლებელი ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ, პრეზიდენტის ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამაზე პარლამენტის თავმჯდომარით დაწყებული, მთელი გუნდი აკეთებდა ძალიან შინაარსიან და გასაგებ განცხადებებს.
არც ერთი არ არის სიახლე, ორივე საკითხი იქნა მეორე მოსმენის დროს ცვლილებების სახით შეტანილი დოკუმენტში. ის რაც, ცვლილებამდე ტექსტი იყო, აღებული იქნა გვერდიდან და განთავსდა ის რაც ცვლილებებს მოიცავდა.
ეს ყველაფერი შესანიშნავად იციან როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ისე ექსპერტებმა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დანა-ჩანგლით ებრძვიან კონსტიტუციას, და ცდილობენ საზოგადოება რაც შეიძლება მეტად შეიყვანონ შეცდომაში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ „აიპრესთან“.
ცნობისთვის, ლევან ალაფიშვილის განცხადების თანახმად: საპარლამენტო კრიმინალი! სავარაუდოდ კონსტიტუციის პროექტი გაყალბდა. სწორედ ამიტომ აღარ იყო ვებგვერდზე მეორე მოსმენით მიღებული პროექტი. ჩაემატა საკითხები რომლებზეც მსჯელობა, შენიშვნა ან დასკვნა არ ყოფილა პლენარულ სხდომაზე მეორედ მოსმენისას. გახსოვთ ან გსმენიათ რომ:მომავალ წელს პრეზიდენტს 6 წლით ავირჩევთო? იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესს ორგანული კანონით დაადგენს პარლამენტიო? პრეზიდენტო, პარლამენტარებო, ჟურნალისტებო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებო მოითხოვეთ გამოძიება, გამოითხოვეთ 23 ივნისის პლენარული სხდომის ოქმი, გამოითხოვეთ ამ სხდომის სრული და უწყვეტი ვიდეოჩანაწერი. ეს სახიფათო თამაშია კონსტიტუციის, პარლამენტის, დემოკრატიის და თითოეული პარლამენტარის უპატივცემულობითა და ფეხქვეშ გათელვით“.
სოციალურ ქსელში ეხმაურება ამავე საკითხს, რომან გოცირიძე: „ქართული ლიტერატურა კარგად იცნობს პატარძლის შეცვლის(ჩანაცვლების) ისტორიებს. ერთს რომ გაჩვენებენ და მეორეს შემოგასაღებენ. ახლა მსგავს უნიკალურ ქართულ მოვლენასთან გვაქვს საქმე: წუხელ კონსტიტუცია შეგვიცვალეს!
ისედაც ძალადობრივად მიღებული კონსტიტუცია უკვე კრიმინალურიც გახდა. პარლამენტის საიტზე კონსტიტუციის პროექტს ჩუმად ჩაემატა რამდენიმე ისეთი სიტყვა, რომელიც პარლამენტს არ მიუღია ორი მოსმენით. აქედან ერთი პრინციპული მნიშვნელობისაა: მომავალ არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტს ვირჩევთ არა 5 წლით, რომელიც იყო პირვანდელ ვერსიაში, არამედ 6 წლით, რომელიც გაჩნდა ჩასწორების შემდეგ. ამ მანიპულაციით საბოლოოდ დაკარგა კონსტიტუციამ ლეგიტიმურობა.
კონსტიტუციას აყალბებენ და არჩევნებს არ გაგვიყალბებენ?“