საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არც პლებისციტის ჩატარებაზე და არც საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბარი არ არის.
მისი თქმით, ეს სამომავლო საკითხია.
„ჩემი პირადი პოზიცია, და ნებისმიერი ჩვენთაგანის პოზიცია არაფერს არ ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანი, საყურადღებო თემაა. ძალიან პოზიტიური მაგალითები არსებობს ევროპაში, მაგრამ რაც მთავარია, არც პლებისციტი და არც სხვა რაიმე ფორმაზე ახლა დღესდღეობით, მითუმეტეს საკონსტიტუციო პროექტში შეტანაზე საუბარი არ არის. ეს არის საკითხი, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულმა ადამიანმა დააყენა, შემოგვთავაზა, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ამ თემაზე საუბარი არ იქნება მართებული, როგორც თვითონ აღნიშნავს, მოვა ამის დრო, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ფართო ჩართულობით ეს საკითხი და არა ცალკეულმა ადამიანმა, რომელსაც თავისი პოზიცია გააჩნია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
დეპუტატის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია არ ყოფილა.
„პატრიარქთან იყო შეხვედრა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუმცა ეს არ ნიშნავს არანაირად, რომ რაიმე საკითხზე კონსულტაციები იმართება.
სამომავლო საკითხია და მოთმინებით , ყურადღებით და ურთიერთპატივისცემით დაველოდოთ იმ პერიოდს, როდესაც ამ საკითხის განხილვას საფუძველი ექნება.
შემდგომ ნაბიჯებზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, გარკვეული პერიოდის შემდეგ ალბათ შეიძლება საზოგადოების აზრის შესწავლა ამ საკითხთან დაკავშირებით, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს.
ეს არ არის დღევანდელი და ხვალინდელი დღის საკითხი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პატრიარქი სწორად განსჯის , როდესაც ათწლეულზე საუბრობს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.