პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რთულია ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" კონკურენცია გაუწიოს, თუმცა კალაძესთან ბრძოლა მაინც შესაძლებელია.
"ერთ-ერთ სააგენტოს გუშინ ვუთხარი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სერიოზულ კონკურენციას ვერ გაუწევს. სამწუხაროდ, მართლა ასე ვფიქრობ, და „ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩის შემდეგ მიჭირს სხვანაირად ვიფიქრო.
მაგრამ აუცილებელი დაზუსტება უნდა გავაკეთო. თბილისის მერის არჩევნები უიმედოდ სულაც არ მიმაჩნია და აუცილებელი მგონია, რომ ვისაც ამ ქალაქში დემოკრატიის ბედი ან თუნდაც ელემენტარული ადამიანური ღირსების საკითხი აღელვებს, ხელები არ უნდა ჩამოყაროს. კალაძესთან ბრძოლა შესაძლებელია და უიმედო არ არის. პირადად ჩემთვის სასურველი კანდიდატი ელენე ხოშტარიაა, მაგრამ ისიც ძალიან გამეხარდება, თუ ზაალ უდუმაშვილი ან ალეკო ელისაშვილი გაიმარჯვებს (ან თუ ვინმე სხვა რეალისტური კანდიდატი გამოჩნდა ოპოზიციის მხრიდან).
ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება ამ ეტაპზე არც რეალისტურად მიმაჩნია და არც საჭიროდ, მაგრამ სავსებით შესაძლებელი უნდა იყოს იმაზე წინასწარ შეთანხმება, რომ მეორე ტურში (რომლის ალბათობა დიდია) სამივე (ან მეტი) კანდიდატის ელექტორატმა ოპოზიციურ ფიგურას დაუჭიროს მხარი. ჭკვიანური სახით წინასწარ იმის ლაპარაკი, რომ „მაინც არაფერი გამოვა“ მიუღებელია. შეიძლება არც გამოვიდეს, მაგრამ შეიძლება გამოვიდეს. უიმედობა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას ნიშნავს",-წერს გია ნოდია.