- Advertisement -

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას!

461

“მინდა ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი, რომ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

“აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, როგორც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. იცით, რომ ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ამ მხრივ დიდი დატვირთვა აქვს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ჩართულობის პროგრამებსა თუ სხვა სახის მხარდაჭერას”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ამ ძალისხმევის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება ისევ ძალიან რთულია.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ოკუპაციამ, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში და აღნიშნული რეგიონების მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას. პერმანენტულ ხასიათს ატარებს საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებით, ხელოვნური ბარიერებითა თუ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებით. ამასთან ერთად, მაქსიმალურად არის შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, იხურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, კვლავაც გრძელდება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით ადამიანების დაკავებისა და გატაცების ფაქტები. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას.

ამ ფონზე, ცხადია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა რუსეთმა მკაფიო გზავნილი მიიღოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მშვიდობიანი გზით მოწესრიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო ეფექტიანი, ხოლო სამშვიდობო პროცესი თანამიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამ საქმეში, ტრადიციულად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას.
მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი, რომ ეს ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ჩვენ ყველა მექანიზმს ავამუშავებთ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან გზას მივმართავთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ საქართველოს ერთიანობას და გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად გააგრძელებს სხვლას ევროკავშირისკენ.

“ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის გზა, რომელიც ყველასგან, თითოეული ჩვენგანისგან – მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისგან, საზოგადოებისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას და შემართებას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რადგან კარგად ვიცით, რომ ევროპული გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენი ქვეყანის ღირსეულ მომავალს განაპირობებს”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

Comments
Loading...