- Advertisement -

გიორგი მარგველაშვილი: მე არ ვაკრიტიკებ სააკაშვილს, ქვეყანამ მომავლით უნდა იცხოვროს

458

 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას 5 წლის განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გაუკრიტიკებია, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყანამ მომავლით უნდა იცხოვროს.

"5 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ მიკრიტიკებია, ალბათ იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა, დაპირისპირებული ვყოფილიყავი პრეზიდენტ სააკაშვილთან, მერე ყველა, ვისაც 10 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, სააკაშვილის კრიტიკით არის დაკავებული. მე არ ვაკრიტიკებ სააკაშვილს და არ ვარ მასთან შესული პოლემიკაში, იმიტომ, რომ მიმაჩნია, ქვეყანამ მომავლით უნდა იცხოვროს.

ერთი გამონაკლისი იყო, როდესაც სააკაშვილმა მოქალაქეობა დათმო და ეს არ მომეწონა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა. მაშინვე ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, იმდენად პატივს უნდა სცემდეს თავის ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

კითხვაზე, მიანიჭებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს:"რას გადაწყვეტს სააკაშვილი ამასთან მიმართებაში და შესაბამისად, მერე როგორი იქნება ჩემი პასუხი, იქედან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით მოქალაქეობის თაობაზე".

Comments
Loading...