- Advertisement -

გიორგი სეთურიძე: პირველად თქვენგან გავიგე, რომ ალავიძე და ქუმსიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

782

ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ "აიპრესთან" განაცხადა. მისივე თქმით, ის პროკურატურას გამოკითხვაზე არ დაუბარებია.
"მე ახლა ეგ პირველად თქვენგან გავიგე, შეიძლება ოფიციალური კომენტარია მაგრამ, მე თვალი არ მომიკრავს. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც თქვენ გაინტერესებთ საგზაო ტენდერები და საგზაო კონტრაქტები, მინდა გითხრათ, რომ ორი წლის განმავლობაში, რომელ კონტრაქტებსაც და საკითხებსაც მე ვმართავდი, ყველაფერზე პასუხს ვაგებ, მაგრამ არც ერთ საგამოძიებო უწყებას ჩემთან არც ოფიციალური და არც არაოფიციალური კითხვები, მას შემდეგ, რაც მე დავტოვე პოსტი არ ჰქონიათ.

ხოლო უწყება, გზების დეპარტამენტი მუდმივად საგამოძიებო სტრუქტურას შემხვედრი საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა თემაზე ინფორმაციას აწვდიდი. ეს თემები მოდიოდა 2010 -2011 -2012- 2013 -2014 და ასე შემდეგ….

არც დაკითხვაზე ვყოფილვარ, არც არაოფიციალურად ვინემს რამე უთქვამს, მაგრამ გიდასტურებ, რომ სხვადასხვა საკითხებზე დაინტერესებულ საგამოძიებო სტრუქტურას, რომლებსაც აინტერესებდათ საკითხები, რომლებიც მოიცავდა ამავე დროს ჩემი იქ მუშაობამდე პროცესებს, მუდამ ოფიციალურად ვაწვდიდით და ამაზე ისინი ალბათ მუშაობდნენ.
თქვენ ინფორმაციაში არ ჩანს რომელი წლებთან დაკავშირებით არის საუბარი….", – განაცხადა გიორგი სეთურიძემ "აიპრესთან".

შეგახსენებთ, "აიპრესის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

მთავარ პროკურატურაში "აიპრესს" ფაქტი დაუდასტურეს.

"მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას." – განუცხადეს "აიპრესს" მთავარ პროკურატურაში.

"აიპრესის" ინფორმაციით, ზურაბ ალავიძის მიმართ არაა გამორიცხული შეკითხვები საავტომობილო გზების დეპარტამენტში ჩატარებულ ტენდერების საკითხს ეხებოდეს, "აიპრესი" ჯერ კიდევ რანდენიმე თვის წინ წერდა საგზაო პროექტების "შავ ხვრელებზე" და ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა ამ თემას.

ჟურნალისტური გამოძიება იხილეთ აქ: გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს – საგზაო პროექტების "შავი ხვრელები"

Comments
Loading...