''გირჩმა'' ოფიციალურ facebook გვერდზე GEMFEST-ზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა:
''უპირველეს ყოვლისა, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ახალგაზრდა გოგოს ტრაგიკული გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და ახლობლებს
უკანასკნელი წლების განმავლობაში ის ადამიანები, ვინც „გირჩის“ გარშემო არიან გაერთიანებული, ვიბრძვით საბჭოთა ტოტალიტარული მემკვიდრეობის – დრაკონული ნარკოპოლიტიკის – შესაცვლელად, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ არსებული მავნებლური ნარკოპოლიტიკის გამოუსწორებელი უარყოფითი შედეგები, სრულიად გაუცნობიერებელი რისკები და ფატალურად დამთავრებული ფაქტები
ბოლო ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აკრძალვა და მკაცრი ნარკოპოლიტიკა არის დანაშაულებრივი შეცდომა, რომელიც ვერ იცავს და პირიქით რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეების სიცოცხლეს
მხოლოდ აკრძალვების და გაუმართლებლად დრაკონული პოლიტიკის შედეგია ის, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ადგილი ჰქონდა გაურკვეველი შემადგენლობის და წარმომავლობის ნარკოტიკის არალეგალურად გაყიდვას და მათ მოხმარებას არაინფორმირებული მოქალაქეების მიერ. როცა ლეგალური გზებით კონვენციური ნარკოტიკი მიუწვდომელია, ბუნებრივია, რომ ხდება არალეგალური გზებით გაურკვეველი ნივთიერებების მოხმარება
წლების განმავლობაში „გირჩის“ მოთხოვნა არის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის კულტივაციის, შენახვის და მოხმარების დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაცია. ამ მოთხოვნის უკან დგას რაციონალური გათვლა და ცივილიზებული მსოფლიოს გამოცდილება, რომ ასე უკეთ დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს, მათ თავისუფლებას, მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, ავამაღლებთ ცოდნას ნარკოტიკების შესახებ, დავასრულებთ მომხმარებელთა სტიგმატიზაციას, აღმოვფხვრით ადამიანის სიცოცხლისთვის მყისიერი საფრთხის შემცველი კუსტარულად დამზადებული სინთეტიკური ნარკოტიკის უკანონო ბრუნვას, მოვახდენთ ნარკოდამოკიდებულების პრევენციას. სადაც არ არის უგუნურად მკაცრი ნარკოპოლიტიკა, იქ არ არის სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებების და კუსტარული ნარკოტიკის (მაგალითად ე.წ. ბიოს) გავრცელების საშიშროება, მინიმუმამდეა დაყვანილი ზედოზირების და ზედოზირებით ადამიანთა სიკვდილიანობის შემთხვევები, ვინაიდან მაღალია მოქალაქეთა ინფორმირებულობა და მსურველი ლეგალურად მოიხმარს ისეთ საშუალებებს, რაც მყისიერ საფრთხეს არ უქმნის მომხმარებელს. ამის მაგალითებია ყველა ის სახელმწიფო, სადაც მოხდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია
არასწორი ნარკოპოლიტიკა და აკრძალვები ქმნიან ყველაზე ნოყიერ ნიადაგს ნარკოტიკების არალეგალური ვაჭრობისთვის, სახელმწიფოს მხრიდან სამართლის სელექციურად აღსრულებისთვის, იატაკქვეშეთში კუსტარული ნარკომეწარმეობისთვის. ჩვენ როგორც საზოგადოება არამარტო ვკარგავთ შემოსავლებს, არამედ ვკარგავთ ადამიანებს და ადამიანის სიცოცხლეს
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას აქვს ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური განზომილება, მაგრამ ჩვენი მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი უფლებები, და პირველ რიგში სიცოცხლის უფლება. ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია საკუთარ ქმედებაში, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებაში. მაგრამ როდესაც აკრძალვებით ვუბიძგებთ ჩვენს გაუთვითცნობიერებელ მეგობრებს, ახლობლებს, შვილებს მოიხმარონ რაღაც ნივთიერება, რომლის შემადგენლობაც არავინ იცის – პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე, მთლიანად საზოგადოებაზე
„გირჩი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სხვა პოლიტიკურ ძალებს, ასევე საზოგადოებას და ინტერესთა ჯგუფებს, იქნებ პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და ირაციონალური შიშების გარეშე, გულწრფელად გავიაზროთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და პასუხისმგებლობა არსებულ საბჭოთა ტიპის, აკრძალვაზე და დასჯაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკასა და გაუბედურებულ თუ დაკარგულ სიცოცხლეებს შორის, იქნებ უკანასკნელი ტრაგიკული შემთხვევა იყოს ბოლო და მოხდეს არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვა და მისი კარდინალური შეცვლა ლიბერალიზაციის მიმართულებით.'', – ნათქვამია ''გირჩის'' განცხადებაში.