- Advertisement -

“გოგოს მხოლოდ დედის როლში დანახვა, ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება”

592

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, როდესაც ქვეყნის მართვასთან დაკავშირებული საკითხები მიიღება მხოლოდ მამაკაცების ან დომინირებულად მამაკაცების მიერ, ხშირად იგნორირებულია ისეთი საკითხები, რომლებიც საზოგადოების მეორე ნახევრისთვის ძალიან მგრძნობიარეა და შესაბამისად, გადაწყვეტილებები არ არის ისეთი სწორი და ეფექტური, როგორიც იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი ყველა ერთად მიიღებდა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ერთი-ერთი მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებსაც ჰქონდეთ სრული და თანასწორი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკური განვითარების პროცესში.

„თუკი გოგონას ოჯახი არ აძლევს განათლების მიღების შესაძლებლობას და მის როლს ხედავს როგორც მხოლოდ დიასახლისის ან დედის, შესაბამისად, ამ ადამიანს მოგვიანებით არ აქვს საშუალება წვლილი შეიტანოს მომავალი ოჯახის ეკონომიკურ გაძლიერებაში. ამიტომ, განათლების მიღების შესაძლებლობაში თავიდანვე არსებული უთანასწორობა ამ ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად პირდაპირპროპორციულად აისახება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ქალები 15%-ით არიან წარმოდგენილნი, რაც საერთაშორისო სტანდარტთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია და ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური არ არის, ვინაიდან ეს გლობალური გამოწვევაა, რომლის წინაშეც ბევრი ძალიან განვითარებული ქვეყანაც დგას.

დეპუტატუს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების პროცენტული წარმომადგენლობა დაბალია, ყველა ქალ დეპუტატს ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი პოზიცია უკავია, რაც ძალიან კარგია: „გვყავს 2 ვიცესპიკერი, 15 კომიტეტის თავმჯდომარიდან 5 კომიტეტის თავმჯდომარე ქალია, 2 ფრაქციის ხელმძღვანელობაში ქალია და ასევე, 9 ქალი კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები არიან. ანუ, ფაქტობრივად, ჩვენ თითქმის არ გვყავს ქალი პარლამენტში, რომელიც არ არის მნიშვნელოვან პოზიციაზე და ყოველი მათგანი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან დაბალია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეებზე.

„მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მაქსიმალურად ვცდილობთ მოხდეს ქალების წახალისება, რომ გააქტიურდნენ, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ჩაერთონ საკრებულოების ან ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში უფრო მეტად. საკრებულოების დონეზე ქალების წარმომადგენლობა ძალიან დაბალი გვაქვს, მაგრამ სადაც კი ქალები აქტიურდებიან, იქ იცვლება გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

Comments
Loading...