აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული ზემო აჭარის განვითარებაა. ამ მიზნით ის გეგმავს გოდერძის უღელტეხილზე ალპური ბოტანიკური ბაღის აშენებას, რომელიც ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი წყარო უნდა გახდეს, რადგან მას ამიერკავკასიის რეგიონში ანალოგი არ გააჩნია. ეს განცხადება მან ,,აიპრესთან’’ ინტერვიუში გააკეთა:
‘’გოდერძის უღელტეხილზე, გოდერძი-ბეშუმის გზის მონაკვეთზე შენდება მართლაც რეგიონში უნიკალური პროექტი პირველად, ალპური ბოტანიკური ბაღი.
10 ჰექტარი მიწა უკვე, ფაქტობრივად, შემოღობილია, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და შემდეგი სეზონისთვის ჩვენ უკვე გვექნება კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, სადაც დამსვენებლებს მიეცემათ საშუალება დაათვალიერონ, მიიღონ სერვისები, დატკბნენ ჩვენი ბუნებით, ჩვენი დაცული ტერიტორიებით და გაეცნონ უფრო ახლოს ჩვენს ბუნებას, კულტურას, ხელოვნებას და ა.შ. ასეთი რეგიონში, ამიერკავკასიაში არ არსებობს. ეს არის ბათუმის ბოტანიკური ბაღის ფილიალი და ძალიან ბევრი უცხოელია ჩართული ამაში.’’